ზურაბ ბერიძე: პირველ ლიგაზე არ ვფიქრობთ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მერაბ კოჭლაშვილმა დატოვა, მის ნაცვლად კი "ვეტერინარები" კვლავ ზურაბ ბერიძემ ჩაიბარა, რომელიც გუნდის თავკაცად უკვე მესამედ დაინიშნა, კოჭლაშვილის მწვრთნელობისას კი საკლუბო სისტემაში მუშაობდა.

მის წინაშე მეტად რთული ამოცანაა - "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ბერიძე "ლელოს" საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრა.

- როგორი განწყობით შეუდექით კარგად ნაცნობ საქმეს?
- განწყობა საბრძოლო და ოპტიმისტური მაქვს. "ვიტ ჯორჯიასთვის", რომელიც ხშირად იბრძოდა უმაღლესი მიზნებისთვის, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე უცხო და უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ეს
ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მათი ბოლომდე მჯერა და აუცილებლად უნდა შევძლოთ უძლიერესთა შორის დარჩენა.

- გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია?
- რასაკვირველია, ასეთი წნეხით თამაში არავის სიამოვნებს, მაგრამ ფეხბურთელებს სჯერად საკუთარი ძალებისა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ.

- გუნდში საკუთარი იდეების გასატარებლად დიდი დრო არ უნდა დაგჭირდეთ...
- რა თქმა უნდა, ასეა. წლებია, "ვიტ ჯორჯიაში" ვმუშაობ და ფეხბურთელების შესაძლებლობებს ხუთი თითივით ვიცნობ. დასაკარგი დრო არ გვაქვს, სატურნირო მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ.

- კლუბის ხელმძღვანელობასთან მოვლენების შესაძლო არასახარბიელო განვითარებაზე, ანუ პირველ ლიგაში შესაძლო დაქვეითებაზე ხომ არ ისაუბრეთ?
- ახლა მთლიანად სეზონის დარჩენილ ნაწილზე ვართ კონცენტრირებულები და პირველ ლიგაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ყველა შანსი და რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ მომავალი სეზონი უმაღლეს ლიგაში დავიწყოთ.

"ვიტ ჯორჯიას" ბირთვი წინა სეზონის შემდეგ არ შეცვლილა. ჩვენმა მოთამაშეებმა უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვეს და ალოგიკური იქნება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება რომ ვერ შეძლონ.

- უახლოეს კალენდარულ მატჩზე რას იტყვით?
- მარტვილში "მერანს" ვეთამაშებით, რაც ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. შევეცდებით, მასპინძლებს არაფერი დავუთმოთ და მინიმუმ ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ.

- საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის დონე თქვენთვის დამაკმაყოფილებელია?
- ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი თუნდაც იმის ფონზე, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს ბოლო წლებში ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის კლუბებმა.

სანამ ჩვენს უმაღლეს ლიგაში ფინანსურად უფრო მძლავრი კლუბები არ ითამაშებენ, ჩემპიონატის დონის ზრდაზე საუბარი უადგილო იქნება.

"ვიტ ჯორჯია" თავისი პირობებით, ინფრასტრუქტურითა და ბიუჯეტით წამყვან ქართულ კლუბებს ვერ გაუწევს კონკურენციას, მაგრამ უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ ყოველმხრივ მზადაა.

სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით უმაღლესი ლიგის ყველა ბინადარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უკვე მერამდენედ: "ვიტ ჯორჯიაში" მერაბ კოჭლაშვილი ზურაბ ბერიძემ შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაიი რაა ბერიძე უპრო დაღუპავს გუნდს
witgeorgia
22:41 05-04-2013
0
გავარდა და ეგაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული