"ზუგდიდის" დირექტორი და მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებს შეხვდნენ

AutoSharing Option
"ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია და გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი გულშემატკივრებს შეხვდნენ და კლუბის წარუმატებლობის მიზეზებზე ესაუბრნენ.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრას წინ უძღოდა ქომეთიანის განცხადება გადადგომის თაობაზე, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მას დარჩენა სთხოვა.

"გუნდი როცა იგებს, ეს არის ფეხბურთელების დამსახურება; როცა გუნდი აგებს, ეს მწვრთნელის ბრალია. ამიტომ მე უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, გამართლება სხვაგან მოვძებნო.

ცუდ შედეგებს თავისი მიზეზები აქვს. გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელები წავიდნენ. მივიჩნიეთ, რომ რადგან გუნდს ევროსაგზურისთვის ბრძოლის ამბიცია
არ ჰქონდა, უმჯობესი იქნებოდა, ადგილობრივ კადრებს დავყრდნობოდით.

ამ ნაბიჯმა არ გაამართლა, რასაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ",
- უთხრა გულშემატკივრებს ელგუჯა ქომეთიანმა, რომელმაც საქმისადმი ფეხბურთელთა არაპროფესიონალურ დამოკიდებულებასაც გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, გუნდის წარუმატებელი თამაშების გამო რვა ფეხბურთელი დაისაჯა და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, მაგრამ უკეთესი თამაშის შემთხვევაში მათ აქვთ შანსი, მთავარ გუნდს დაუბრუნდნენ.

ქომეთიანმა არასახარბიელო პირობებზეც ისაუბრა:

"არ გვაქვს სათანადო სავარჯიშო პირობები, გადაადგილების პრობლემები გვაქვს, არ გაგვაჩნია საკუთარი სტადიონი, საშხაპე. ასე რომ, ბოლოს მაინც ფინანსურ პრობლემებამდე მივდივართ".

"ზუგდიდის" ფინანსური მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც გორის "დილას" აქვს. არ გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეეფერება უმაღლესი ლიგის გუნდს, თუმცა ვფიქრობთ, ეს პრობლემაც გამოსწორდება",
- განაცხადა მალხაზ ჭეჟიამ.

კლუბის გულშემატკივრების შეფასებით, "ზუგდიდის" წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოკრძალებული ბიუჯეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ელგუჯა ქომეთიანი "ზუგდიდში" დარჩება, ფეხბურთელები კი დაისჯებიან
დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული