ლადო ბურდული: გვინდა ხუთგუნდიანი ჩემპიონატი?

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" იმ კლუბების რიცხვს მიეკუთვნება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომ ფინანსდებიან.

"სიონი" მეტწილად ასეთი ფორმით არსებობდა - ნაწილი დაფინანსება გამგეობიდან მისდიოდა, ნაწილსაც სპონსორისგან იღებდა.

"სიონის" გენერალური დირექტორი ლადო ბურდული გახლავთ, თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარების პოლემიკაში ისიც ჩავაბით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ალბათ იცით, რომ გორის "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა პროექტი წარმოადგინა, რაც საბიუჯეტო კლუბების და ზოგადად ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარების მიმართულებებს მოიცავს. როგორია "სიონის" პოზიცია?
- ისიანის პროექტი ურიგო ნამდვილად არ არის, ოღონდაც
რთულად შესასრულებელია. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო დათანხმდება ასეთ პროექტის განხორციელებას და სამწლიანი გარანტირებული დაფინანსება ექნებათ საბიუჯეტო კლუბებს.

- არის ისეთი აზრიც, რომ საბიუჯეტო კლუბები აღარ უნდა არსებობდნენ...
- ასეთ შემთხვევაში ხუთგუნდიანი ჩემპიონატი გვექნება, რაც მგონი არავის ინტერესებში არ უნდა იყოს. ვფიქრობ, მომავალ სეზონშიც უნდა იყვნენ საბიუჯეტო კლუბები.

- ლაპარაკია თანაბრობაზე...
- კი ბატონო, თუ ყველა საბიუჯეტო კლუბს ორ-ორ მილიონი ლარი ექნება სეზონზე, ამის წინაღმდეგი ვინ უნდა იყოს?!

- გასაგებია, მაგრამ კერძო კლუბების ინტერესებიც ხომ გასათვალისწინებელია, რატომ არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ჩემპიონატის ყველა კლუბზე თანაბრად განაწილდეს?
- ეს იდეალური ვარიანტი იქნება, კერძო კლუბებს იმის საშუალება გაუჩნდებათ, რომ სახელმწიფოსგან მიღებულ ფულს საკუთარი სახსრებიც მიუმატოს. ამით ქართული კლუბები სტაბილურობას შეიძენენ, აღარ იქნება იმის საფრთხე, ჩაამთავრებს თუ არა რომელიმე გუნდი სეზონს და აღარ იქნებიან 300-500 ლარიანი ფეხბურთელები უმაღლეს ლიგაში. თუ ასეთი სქემის განხორციელება მოხერხდება, ეს დიდი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ. საბიუჯეტო კლუბების გაუქმებას კი არ ვეთანხმები.

- კლუბების ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია ჯერ რატომ არ იკვეთება ამ საკითხზე?
- თორმეტთა საბჭო კარგი მიგნებაა, ყოველ ორშაბათს ვიკრიბებით კლუბები და მიდის პოზიციათა გაზიარება. ბევრ საკითხზე ვთანხმდებით და კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს კლუბის მესვეურები თავიან გუნდშიც გადაიტანენ, იგივე მსაჯობის საკითხი...

თუ ყველა შევთანხმდებით ერთიან პოზიციაზე, ამით კლუბები ბევრს მოიგებენ

- ზოგი კლუბი ურიგდება მსაჯებს - როგორ ფიქრობთ, არის ამის თქმის სერიოზული საფუძველი?
- კონკრეტულ ფაქტებს ვერ მოვიყვან, მაგრამ ბევრ კლუბს აქვს პრეტენზია მსაჯების მიმართ და ეს უნდა დასრულდეს.

- რომ არ მოხდეს კლუბების დაფინანსების პროექტის შემუშავება და განხორციელება, რა ელის "სიონს" დამდეგ სეზონში?
- ბოლნისის გამგებელს უყვარს ფეხბურთი, ლევან ფალავანდიშვილი ყველანაირად გვერდში უდგას "სიონს" და მან გვითხრა, რომ მომავალი სეზონისთვის "სიონის" ბიუჯეტი გაიზრდება. რა თქმა უნდა, გუნდს საამისო შედეგიც მოეთხოვება.

ალბათ იცით, რომ ბოლო პერიოდში მაღალი ხარისხის მოედანი დაიგო ფოთში და ლანჩხუთში, ეს სახელმწიფომ გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის შუამდგომლობით და ამ პროგრამაში ბოლნისიც არის ჩართული. ფედერაციამ უკვე მიწერა წერილი სპორტის სამინისტროს, რომ ბოლნისშიც გამოიცვალოს მინდორი.

ამის გარდა ბოლნისის გამგეობა აპირებს, რომ 900 000 ლარი გამოყოს ხელოვნურსაფრიანი მოედნის დასაგებად და ორსართულიანი შენობის ასაშენებლად რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს "სიონის" ასაკობრივი გუნდების წინსვლას და ბოლნისში საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბებას, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ისიანმა ფეხბურთის განვითარების პროექტი სპორტის მინისტრსაც წარუდგინა
გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?
თვალსაზრისი: პრემიერლიგა ჩამოყალიბდა, საქმე მაინც გაყინულია
რევოლუციის ტოლფასი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის
ქუთაისის "ტორ­პე­დომ" ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა
[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით
თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული