უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გასული ტური, ერთი შეხედვით, უჩვეულო დღეს, პარასკევს ჩატარდა: სეზონის დაწყებიდან მსგავსი ხომ არ ყოფილა და კალენდარიც ისე იყო შედგენილი, ჩემპიონატის მატჩები მხოლოდ შაბათ-კვირას იმართებოდა.

თუმცა პირველ ეტაპზე რამდენჯერმე გვქონდა ისეთი შემთხვევა, როცა მთელი ტური შუა კვირაში (ოთხშაბათს) ტარდებოდა და თითქმის ყოველთვის სტუმრების დომინირება აღინიშნებოდა.

ასე მოხდა ახლაც: ექვსიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვეს მასპინძლებმა, ორი მატჩი ფრედ დამთავრდა და სამი დაპირისპირება კი სტუმრებმა მოიგეს.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს უბრალო დამთხვევაა, მით უფრო, რომ განვლილ ტურს ზედა ექვსეულში არაფერი შეუცვლია; აი,
ქვედა ექვსეულში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და ერთდროულად ოთხ გუნდს ("მერანი, ბათუმის "დინამო", "ვიტ ჯორჯია", "სიონი") უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, თუ რატომ იყო დანიშნული XXVIII ტური შაბათ-კვირის ნაცვლად პარასკევს: 23 აპრილს ხომ საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩებია და ოთხივე ნახევარფინალისტს (თბილისის "დინამო", "მეტალურგი", "ჩიხურა", "სიონი") ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისათვის მოსამზადებლად დრო ხომ სჭირდებოდა.

...ვიდრე გასული ტურის გამორჩეულ მოვლენებსა თუ ფაქტებზე ვისაუბრებდეთ, უკვე გადაწყვეტილ-გარკვეული ორი ამბავიც გვინდა გაუწყოთ. წინა ტურის მერე იყო, როცა გაირკვა, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლებოდა.

ამ ტურში "ზესტაფონის" მორიგი ფიასკოს შემდეგ კი სხვა არცთუ სასიამოვნო ფაქტი გაცხადდა: საქართველოს ორგზის ჩემპიონმა გუნდმა დარჩენილი ოთხივე მატჩი რომ მოიგოს და IV ადგილზე მყოფმა "ჩიხურამ" ამდენივე შეხვედრა წააგოს, უპირატესობა მაინც საჩხერელთა მხარეს იქნება (ურთიერთშეხვედრების შედეგების გამო); ანუ "ზესტაფონს" თეორიული შანსიც აღარ დარჩა ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, არადა, მოგეხსენებათ, რომ ეს იმერული კლუბი ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა ევროტურნირებზე.

"ზესტაფონის" წარუმატებელი ასპარეზობა ამ სეზონის ერთ-ერთი უსიამოვნო მოულოდნელობაა, თუმცა ამას ბევრი ობიექტური მიზეზიც აქვს - მწვრთნელების ხშირი ცვლა, ახალი ფეხბურთელების სიმრავლე და მათი ერთმანეთში შეთამაშების პრობლემა და სხვა; მაგრამ არანაკლებ უსიამოვნო ამბავია ისიც, რომ სწორედ XXVIII ტურში გაირკვა ორიდან ერთი დაქვეითებული გუნდის ვინაობა: ფოთის "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც აღარ დარჩა!

ოღონდ ასე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეგლამენტი... არ დაირღვა; ანუ ხომ შეიძლება, სამომავლოდ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდოს, ან კიდევ "კოლხეთზე" ზემოთ მყოფმა რომელიმე გუნდმა ლიცენზირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს?

თუმცა ვარაუდებს სჯობს, რომ გასულ ტურს დავუბრუნდეთ, ოღონდ ამჯერად "სუბორდინაციას" დავარღვევთ და მიმოხილვას ქვედა ექვსეულიდან დავიწყებთ.

იუბილე გაფერმკრთალდა
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: თუ ამ ზაფხულს ჩემპიონატის რეგლამენტში არაფერი შეიცვალა, ფოთის "კოლხეთს" მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა. არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ წლეულს ფოთელთა კლუბის 100-წლიანი იუბილეა და აი, ასეთი არასახარბიელო შედეგიც...

ერთი შეხედვით, ფოთელთა ასეთი წარუმატებლობა მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო: პირველი ეტაპის შემდეგ "კოლხეთმა" 22 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა და "გადამრჩენელ", X ადგილს 14 ქულით ჩამორჩებოდა.

რა თქმა უნდა, მეორე ეტაპზე გუნდმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და ექვს შეხვედრაში 9 ქულა მიამატა თავის მწირ აქტივს (ბოლოს და ბოლოს, ორი გამარჯვებაც იზეიმა), მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. კიდევ ვიმეორებთ: ერთიორად საწყენია, როცა ასეთი ტრადიციების გუნდი უმაღლესი ლიგიდან ვარდება; მით უფრო, რომ ადრეც იყო პრეცედენტი, როცა უმაღლეს ლიგაში "კოლხეთი" ოთხი სეზონის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა: თუმცა, ამ სეზონისგან განსხვავებით, "კოლხეთის" პირველ "დაქვეითებაში" "სპორტული პრინციპები" არაფერ შუაშია!

ყველაფერი კი ასე მოხდა: 2005-06 წლების სეზონი (გუნდს მაშინაც სოსო ფილია წვრთნიდა) "კოლხეთმა" X ადგილზე (თექვსმეტგუნდიან ჩემპიონატში) დაამთავრა, თუმცა მომავალი სეზონის დაწყებამდე კლუბმა ფინანსური გარანტიები ვერ წარმოადგინა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა.

ჰო, არცთუ შორეულ წარსულს ვიხსენებთ, როცა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა მხოლოდ "ქაღალდზე" კი არ არსებოდა, არამედ მართლაც საქმიანობდა და "კოლხეთის" გარდა, არაერთი ქართული გუნდი დააქვეითა ქვედა ლიგაში სწორედ ფინანსური გარანტიების არქონის გამო...

ვეტერინარული გამოცოცხლება
ქვედა ექვსეულში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ინტრიგით, ლამის არის, "საჩემპიონო რბოლაც" უკან ჩამოიტოვოს. თავად განსაჯეთ: ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ერთდროულად ოთხ გუნდს ემუქრება უმაღლესი ლიგიდან გავარდნა: ბათუმის "დინამოს", "მერანს", "სიონსა" და "ვიტ ჯორჯიას". თანაც, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, ამ ოთხეულიდან ვერც ერთ გუნდზე ვერ იტყვის ვინმე, უკეთესი თუ უარესი შანს(ებ)ი აქვსო.

სიტუაცია კი გასულმა ტურმა "არია": მეორე ეტაპის წინ ყველანაირად მომძლავრებულმა (ფინანსურადაც და შემადგენლობის მხრივაც) "სიონმა", ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით (0:3) წააგო! იმის გარდა, რომ ბოლნისელები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან დამარცხდნენ, საქმე სხვა მხრივაც გაირთულეს: თანაბარი ქულების შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტი ხომ ურთიერთშეხვედრებია და ამ მოგებით (თანაც, ასეთი ანგარიშით) უპირატესობა უკვე "ვეტერინარებს" ექნებათ.

ისე, "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდულ გუნდსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: 2 დეკემბრის მერე "ვეტერინარებმა" პირველი მატჩი მოიგეს და თავისი ძველ-ახალი მწვრთნელის, ზურაბ ბერიძის თავკაცობით, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსიც შეინარჩუნეს.

არცთუ შორეულ წარსულში "ვიტ ჯორჯიას" აბსოლუტურად განსხვავებული ამბიციები ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ორგზის ჩემპიონს, თასისა და სუპერთასის გათამაშებაში გამარჯვებულს ამ სეზონში მოკრძალებული მიზნები აქვს.

თუმცა, "ვეტერინარებს" საშინაო მატჩებშიც ისე წარმატებულად რომ ეასპარეზათ, როგორც გასვლით შეხვედრებში(!), ასეთი ნერვული ფინიში აღარ ექნებოდათ.

ძველი და ახალი ბათუმელები
მეორე ეტაპზე თუ რომელიმე გუნდია თითქმის 100 პროცენტით სახეშეცვლილი, უპირველეს ყოვლისა, ბათუმის "დინამო": გია გურულის შეგირდებმა პირველ ეტაპზე 13 ქულა მოაგროვეს (22 შეხვედრაში), ახლა კი ამდენივეს აღება ექვს მატჩში მოახერხეს!

გასულ ტურში კი სულაც გაილაღეს ბათუმელებმა და ერთ-ერთი უშუალო კონკურენტის, "მერანის" კარში ექვსი უპასუხო ბურთი გაიტანეს!

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად ბათუმის "დინამომ" ასეთი ანგარიშით ... 13 წლის წინათ მოიგო უმაღლეს ლიგაში, როცა სამტრედიის "იბერია" დაამარცხა.

ისიც საინტერესოა, რომ 2000 წლის 4 მარტს ჩატარებულ იმ შეხვედრაში "დუბლი" შეასრულა ამირან მუჯირმა, დღესაც, 39 წლის ასაკში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რომ რჩება. თუმცა თავის კარიერაში "მუმუს" იმდენი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ამირან მუჯირის გარდა, ბათუმელთა ახალწვეულების აღნიშვნაც გვინდა: 31 წლის ალექსანდრე კოშკაძემ "დინამოს" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, 24 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ კი "დუბლი" შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჩიმაკაძემ ამ სეზონში უკვე მესამედ შეძლო ერთ მატჩში 2 გოლის გატანა: ერთხელ, "ვიტ ჯორჯიას" მაისურით რომ ასპარეზობდა (პირველ ეტაპზე), ორჯერ კი თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.

აქ ყველაფერი უცვლელია
ჩემპიონობის ორივე ფავორიტმა სტუმრად გაიმარჯვა და სეზონის, ალბათ, გადამწყვეტი მატჩის წინ თბილისის "დინამო" კვლავაც 4 ქულით უსწრებს თავის უშუალო მდევარს გორის "დილას". დუშან უჰრინის გუნდს იოლი მატჩი რომ არ ელოდა განმუხურში, ყველასათვის ცხადი იყო, თუმცა 21 წლის გიორგი გველესიანისა (პირველი გოლი უმაღლეს ლიგაში!) და 28 წლის ლევან ხმალაძის ზუსტმა დარტყმებმა დინამოელებს 3 ქულა მოუტანა.

სამწუხაროდ, ამ მატჩში მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ჩემპიონატის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელს, 32 წლის ჩისკოსაც უნდა გავუგოთ: გამოცდილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში მეტოქის ზღვარგადასული უხეშობა ვეღარ აიტანა და ხელიც უბიძგა!

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "დინამო-თბილისის" ვებ-გვერდზე ჩისკომ განმარტება გააკეთა და მომხდარის გამო წუხილიც გამოთქვა...

დაბოლოს, "ზესტაფონი"-"დილას" შეხვედრაზეც: ამ მატჩში სტუმრები მართლაც რომ შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ და ერთიმეორეზე ეფექტური გოლებითაც გაანებივრეს საკუთარი ქომაგები.

რაც მთავარია, ვალდას ივანაუსკასის გუნდმა თბილისის "დინამოსთან" უპრინციპულესი მატჩის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნა.

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
ზესტაფონი-დილა 0:3 - "დილას" საოცარი მატჩი [VIDEO]
ჩიხურა-ტორპედო 1:1 - თამაში ბრწყინვალე, ფრე ლოგიკური [VIDEO]
ზუგდიდი-დინამო (თბ) 0:2 - სტუმართა დამსახურებული მოგება [VIDEO]
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3 - ნახევარფინალიდან გასავარდნ ზონამდე [VIDEO]
დინამო (ბთ)-მერანი 6:0 - ქობულეთური კომპლექ(ვ)სი [VIDEO]

Sportall.Ge
Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ აბლატავებთ ამ ძალით ფეხბურთელებს **** თავზე რა ჩისკო რა საქართველოში არ არიან კარგი იგროკები?აბა ვინ ათამაშებდა დინამოს მსოფლიომ იცოდ..... და საერთოდ ქართველი ბიჭები სხვაგან ფრინავენ და ზაპასნოიზე მაინც სვავენ ჩვენ კიდე გავაბლატავეთ აქ ეს ძალით იგროკები ეს არი ქართველების დიდი მინუსი
0
ჩიხურა-ტორპედოზეც დაგეწერათ 1-2 სიტყვა,ყველაზე მაგარი თამაში იყო და მცირე რამ რო დაგეწერათ არაფერი დაშავდებოდა.მომავალში გაითვალისწინეთ
ტორპედო ქუთაისი
12:38 22-04-2013
0

სიახლეები პოპულარული