ლევან ყიფიანი: სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს

AutoSharing Option
საქართველო ჯერაც ისეთი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ განვითარდება.

სახელმწიფო მანამდეც ეხმარებოდა ფეხბურთს და ამას ახლაც განაგრძობს, თუმცა საქმისადმი კონცეპტუალური მიდგომა აქამდე არ ჩანდა.

შარშან საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ცხადია, საფეხბურთო სამყაროსაც აინტერესებს, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ფეხბურთს შორის.

ჩვენი რესპონდენტი სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი გახლავთ. ყიფიანი მანამდეც აქტიურად იყო ჩაბმული საფეხბურთო პროცესებში, უმუშავია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივში", თვითონაც იყო პროფესიონალი ფეხბურთელი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლეგენდარული დავით ყიფიანის შვილია...

- უკვე რამდენიმე
თვეა, რაც მინისტრი ხართ და ალბათ, ყველას აინტერესებს, როგორ გააგრძელებს სახელმწიფო ფეხბურთის მხარდაჭერას - იკვეთება საამისოდ რაიმე კონცეფცია? ვიცით, რომ სახელ
მწიფო კვლავაც აფინანსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნაკრები გუნდებისთვის. საკლუბო ფეხბურთისთვის კი რა მიმართულება გაქვთ არჩეული, უცნობია...
- კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. საქართველოში ყველა სპორტი სახელმწიფოს დოტაციაზეა და ასეა საკლუბო ფეხბურთშიც. საკლუბო ფეხბურთის მხარდამჭერ პროექტს უახლოეს ხანში წარმოვადგენთ, რამაც უნდა მოიცვას ბავშვთა ფეხბურთიც და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც. ეფექტური სტრუქტურა უნდა შეიქმნას.

სულ რომ დოტაციაზეა საფეხბურთო კლუბი და წინ ვერ მიდის, ეს არ არის ეფექტური დახმარება. არსებულ რეალობას უნდა მოვარგოთ ყველაფერი. კერძო კლუბები და მუნიციპალურები - საკლუბო ფეხბურთის დაფინანსების ორი წყარო არსებობს. იყო კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული კლუბი და ამ სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ უახლოეს ხანში მივიღებთ გადაწყვეტილებას.

- ფეხბურთის ფედერაციას აქვს იდეა საკლუბო ფეხბურთისთვის - პარლამენტმა დაავალდებულოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომ კარგად გააშუქოს ეროვნული ჩემპიონატი და თასის გათამაშება, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული "საზოგადოებრივი არხის" მეშვეობით მივიდეს უმაღლესი ლიგის კლუბებამდე. თანხის ერთი ნაწილი იქნება სამონაწილეო ფული უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის, თანხის მეორე ნაწილი კი გადანაწილდება დაკავებული ადგილების მიხედვით. ამ ყველაფრით საფეხბურთო ბაზარიც დაიქოქება, ტელევიზიას გაუჩნდება სარეკლამო შემოსავლებიც და ესეც კლუბებს მოხმარდება. როგორ აფასებთ ამ იდეას?
- იდეა შესაძლოა არსებობს, მაგრამ სათანადო პროექტი, რამდენადაც მე ვიცი, არ არსებობს; ყოველ შემთხვევაში, ფედერაციის ხელმძღვანელობას ამის შესახებ ჩემთვის არ უცნობებია. მოკლედ, ეს იდეა განხილული არ ყოფილა. ასეთი მიმართულება მაინც ხელოვნური დახმარება იქნება ჩვენი საკლუბო ფეხბურთისთვის. მიმაჩნია, რომ დახმარება და მიზანმიმართული მოქმედება ეტაპებზე უნდა იყოს გათვლილი. ჩვენი დამოკიდებულებაც საკლუბო ფეხბურთის მიმართ სწორედ ამას მოიცავს.

- მიმდინარე სეზონის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლია და საბიუჯეტო კლუბებმა ჯერაც არ იციან, რა დაფინანსება ექნებათ და საერთოდ, თუ გამოეყოფათ დოტაცია - კონცეფციის გამოქვეყნების ვადის დაკონკრეტება შეუძლებელია?
- მერწმუნეთ, ეს კონცეფცია მალე ყველასთვის ცნობილი გახდება. ჩვენმა სამინისტრომ უკვე ჩამოაყალიბა ურთიერთობა უეფასთან იმ კუთხით, რომ სავსებით შესაძლებელია, სახელმწიფომ მიიღოს აქტიური მონაწილეობა საფეხბურთო პროექტებში: უეფა, სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია - დიდი ხანია, რაც ასეთი რგოლი გამოიკვეთა. სუპერთასის ორგანიზება თბილისში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის რამდენიმე თამაშის საქართველოში ჩატარება, ფუტსალის ფინალი - უეფას რეკომენდაციაც არის, რომ სახელმწიფომაც მიიღოს მონაწილეობა ასეთ პროექტებში.

- ვისაუბრეთ ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო გუნდებზე და ჯერ არაფერი გვითქვამს კერძო კლუბებზე. ფეხბურთელების ტრანსფერები და შემოსავლები უეფას სოლიდარობის ფონდიდან - სხვა შემოსავლები ქართულ კერძო კლუბებს არ გააჩნიათ და მათი მფლობელების ინტერესებიც გასათვალისწინებელია, უსასრულოდ ალბათ ვერავინ შეინახავს კლუბს მაღალ დონეზე...
- კარგად მესმის ამ საკითხის არსი, მხოლოდ ტრანსფერებით კლუბის შენახვა მართლაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ზემოთ ხსენებულ კონცეფციაში კერძო კლუბების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. საამისოდ მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო კუთხით. უნდა შეიქმნას ფინანსისტებისა და იურისტების სამუშაო ჯგუფი. უკვე გვქონდა კონსულტაციები კერძო კლუბების ხელმძღვანელებთან. ერთი სიტყვით, ამ თემაზეც მიდის მუშაობა.

- გორის "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა რომ წარმოადგინა საკლუბო ფეხბურთის განვითარების პროექტი, ამაზე რა აზრის ხართ?
- გავეცანით ამ პროექტს. კარგი იდეაა, თუმცა დეტალებია დასაზუსტებელი. რეგიონებში ფეხბურთის განვითარებაზე ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ეს კი უკვე ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციაა.

- ფედერაციის კომპეტენციაა ისიც, თუ როგორ დახარჯავს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ფულს ეროვნულ და დანარჩენ ნაკრებებზე, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში, ალბათ, ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი. ეროვნული ნაკრების ორი ჩაგდებული ციკლი თურმე მოსამზადებელი ეტაპია მესამე შესარჩევისთვის და თუ მესამეც ჩავარდება, ძვირად ღირებული მწვრთნელი მერე გადადგება - სახელმწიფო ამაში რომ იხდის მილიონებს, ეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ?
- ყველას მოეხსენება, რომ ეს ჩვენი, ამ ხელისუფლების მიდგომა არ ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, ვაგრძელებთ იმას, რაც იყო დაწყებული - დოტაცია ეროვნული და დანარჩენი ნაკრებებისთვის. სახელმწიფოსგან კვლავაც არსებობს იმის ნება, რომ ფედერაციას დაეხმაროს.

- ახლახან თბილისში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იყო ჩამოსული და სხვათა გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა - რა გამოიკვეთა ამ შეხვედრიდან?
- პრემიერ-მინისტრმა კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობის არის ფეხბურთი ჩვენი ქვეყნისთვის და რა მხარდაჭერა სჭირდება ფეხბურთს სახელმწიფოს მხრიდან. ისიც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მხოლოდ ინექციური მოქმედებებით მნიშვნელოვანი შედეგი გამორიცხულია. ამიტომაც უნდა დაიდოს ერთობლივი პროექტი - უეფა, სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია.

პრემიერ-მინისტრი ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით, ფეხბურთელი პლატინი მისი კერპი იყო. პრემიერი მიესალმება იმ პროექტებს, რომელთაც უეფა ახორციელებს საქართველოში და სასიხარულოა, რომ უეფას ხელმძღვანელობა ადვილად მოდის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. პლატინიც კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით. სპორტის სამინისტროს მანამდეც გვქონდა საქმიანი ურთიერთობა უეფასთან, კონკრეტულად უეფას ტექნიკურ დირექტორ ლუპესკუსთან გრასრუტის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობისთვის.

- დაბოლოს, შეგიძლიათ გადაჭრით თქვათ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი მომდევნო სეზონისთვის სახელმწიფოსგან მიტოვებული არ იქნება?
- რა თქმა უნდა, საკლუბო ფეხბურთს სახელმწიფო არ მიატოვებს. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს. არათანმიმდევრული სახელფასო ფონდები და საკონტრაქტო პირობები არ უნდა იყოს საბიუჯეტო კლუბებში. რამდენია ხარჯი და რამდენი შემოსავალი - ეს უნდა იყოს ღია და ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ. ალბათ, ფეხბურთის ფედერაციაც გამოაქვეყნებს საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებს, რათა სახელმწიფომ სწორად მოახერხოს ფეხბურთის ბიუჯეტირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ისიანმა ფეხბურთის განვითარების პროექტი სპორტის მინისტრსაც წარუდგინა
გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?
ქუთაისის "ტორ­პე­დომ" ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა
გურამ რუხაძე: სახელმწიფოს დახმარება ფეხბურთში სამართლიანი უნდა იყოს
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!
0
ფეხბურთზე რომ ფიქრობ. სპორტის მინისტრობა მარტო ფეხბურთს მოიცააავს?სპორტის სხვა სახეობები რომ ჩაძირე ამაზე რას გვეტყვიიი?
სიტყვა
12:29 01-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული