გურამ რუხაძე: სახელმწიფოს დახმარება ფეხბურთში სამართლიანი უნდა იყოს

AutoSharing Option
ქართული საკლუბო ფეხბურთის პერსპექტივაზე "ლელოში" ამ ბოლო დროს არაერთხელ დაიწერა. გორის "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა პროექტიც წარადგინა, თუმცა კლუბების კონსოლიდირებული პოზიცია ჯერ არ ჩანს.

ქართული კლუბების მოფულიანებაზე საკუთარი აზრი აქვთ ფეხბურთის ფედერაციაშიც, მაგრამ საქმე ჯერ ამის იქით არ წასულა. არადა, საკამათო არ უნდა იყოს, რომ თუ კლუბები წელში არ გასწორდნენ, სტაბილური შემოსავალი არ გაუჩნდათ, ამით ეროვნულ ნაკრებსაც კიდევ უფრო დაუმძიმდება მდგომარეობა.

სეზონის დასრულებას ორი თვე უკლია და ჯერ არავინ იცის, რა ბედი ელით ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ
კერძო კლუბებიც ვერ გასწვდებიან უსასრულოდ გუნდის დაფინანსებას, თუ რაღაც უკუგება არ ექნებათ.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ინტერვიუ ვთხოვეთ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტს გურამ რუხაძეს, ვინც წლობით აფინანსებს კლუბს.

"ვიტ ჯორჯია" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოგებული აქვს თასიცა და სუპერთასიც, ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორია, ანუ რუხაძეს საკმაოდ ბევრი ფული აქვს დახარჯული ფეხბურთში...

- ბატონო გურამ, თქვენ როგორ გესახებათ ვითარების გამოსასწორებელი გზა?
- არ შეიძლება, რომ გუნდების ნახევარი სახელმწიფოს დაფინანსებაზე იყოს, ნახევარი კი კერძო კომპანიების. ასეთი სიტუაციით ირღვევა ბალანსი.

თუ სახელმწიფოს ფეხბურთის დახმარება სურს, მაშინ ის თანხა, რაც გამოიყოფა საბიუჯეტო კლუბებისთვის, უნდა მოხვდეს ერთი ორგანიზაციის ხელში - ან ფეხბურთის ფედერაციაში, ან პროფლიგაში. ამის შემდეგ ეს თანხა უნდა გაიყოს ორ ნაწილად: პირველი ნაწილი იქნება სამონაწილეო თანხა, ანუ ლიგის ყველა გუნდს ამ თანხიდან შეხვდება თანაბარი წილი, მეორე ნაწილი კი უნდა დარიგდეს გუნდების მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით, ანუ სპორტული პრინციპით.

ეს იქნება თანხის სამართლიანად გადანაწილება, ანუ სახელმწიფოს გერი კლუბები აღარ იქნებიან.

ისე, იდეაში, სახელმწიფო კლუბები არ უნდა არსებობდნენ.

- არის მაგალითები, როცა სხვა ქვეყნებში სახელმწიფო აფინანსებს საფეხბურთო კლუბებს...
- და თუ დახმარება უნდა სახელმწიფოს, ბარემ სამართლიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი. თხუთმეტი წელია, ვაფინანსებ კლუბს...

- ანუ მეწარმე იხდის ფულს, აფინანსებს კლუბს, ამავე დროს, იხდის გადასახადებს და გადასახადებიდან წასული ფულით ფინანსდებიან ის კლუბები, რომელთაც არ ჰყავთ კერძო მეპატრონე, ანუ ფეხბურთში მოსაქმე ბიზნესმენი ირიბად კონკურენტ გუნდსაც აფინანსებს...
- ეს საკითხი სხვა კლუბის პრეზიდენტმა წამოჭრა. ცხადია, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის მეორე ნაწილია.

სახელმწიფოს მიერ საკლუბო ფეხბურთისკენ მიმართული თანხა თუ უმაღლესი ლიგის თორმეტივე კლუბზე გადანაწილდება, ეს ბიძგს მისცემს ფეხბურთის განვითარებას. გარიგებული მატჩები, ფულის არასწორი ხარჯვა... თუ დავაკვირდებით, ასეთი რაღაცები უფრო ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს უკავშირდება. კერძო კლუბი განსხვავებულად მოქმედებს, თითოეულ თეთრს უფრთხილდება.

- "ვიტ ჯორჯიას" ახლანდელ მდგომარეობაზეც გკითხავთ - ბოლო წლებში თქვენი კლუბი სტაბილურად მოწინავე იყო, ახლა კი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის უწევს ბრძოლა...
- მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელად ზურაბ ბერიძე დავნიშნეთ, რადგან მან ყველაზე უფრო კარგად იცის ჩვენი გუნდის სიტუაცია. მომდევნო სეზონში სულ სხვა გუნდი გვეყოლება, უფრო ბრძოლისუნარიანი და ძლიერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით
გია ისიანმა ფეხბურთის განვითარების პროექტი სპორტის მინისტრსაც წარუდგინა
გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?
ქუთაისის "ტორ­პე­დომ" ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა
[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქმე იმაშია რომ, კერზო კლუბებით გარიგება მატჩების უფრო ადვილია, საბიუჯეტო გუნდებს სადააქვტ იმდენი რამდენიც კერძო კლუბებს, ბურთი ამ საცოდავებს არააქვთ და სტადიონი ასე რომ ისევ კერძო კლუბებმა ცაიხედონ თავიანთ ფინანსებში
puma
09:43 06-04-2013
0

სიახლეები პოპულარული