თვალსაზრისი: ჰერ ვალდასის ქართული ბრძოლები

AutoSharing Option
წაგებას არ ვიმსახურებდით, ინტრიგა ფაქტობრივად მოკვდა, ადამიანები ყვითლებში სხვანაირად მოქმედებდნენ, აქტიურად მიმდინარეობს კულუარული თამაშები, ყველაზე ლამაზ ფეხბურთს საქართველოში დღეს ჩემი გუნდი თამაშობს - ასეთები მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გორის "დილას" ლიტველ დამრიგებელს, ვალდას ივანაუსკასს ულაპარაკია.

ეს ყველაფერი ამასწინანდელ "დილა"-"დინამოს" მატჩს მოჰყვა, უმცროსი დუშან უჰრინის გუნდმა "დილას" სტუმრად 1:0 მოუგო და ჩემპიონობაში ხელს ალბათ ვერაფერი შეუშლის (იხილეთ ვრცლად).

ადამიანები ყვითლებშიო, უთქვამს ივანაუსკასს, ყვითელი ფორმა კი იმ შეხვედრაში მსაჯებს ეცვათ.

ივანაუსკასი ფეხბურთში ჭიპმოჭრილი კაცია და საქ
ართველოში რომ ჩამოვიდა, აქაურობასაც აუღებდა ალღოს, თუმცა არ მგონია, რომ იმდენივე ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენთან მიმდინარე თუ მანამდე მომხდარ ამბებზე, რამდენიც უმაღლესი ლიგის ქართველ მწვრთნელებს აქვთ.

მსაჯობა მარადიული თემა გახდა, ყველა მსაჯს ემდურის, ზოგი უსამართოდ, ზოგიც სამართლიანად, ოღონდაც ყველა არ აბრალებს ხელმოცარვას მსაჯს. "დილამ" სეზონის მეორე ეტაპზე ერთხელაც ვერ დაამარცხდა "დინამო" და ძნელად დასაჯერებელია, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მსაჯები იყვნენ.

ამით იმის თქმას როდი ვაპირებ, რომ მსაჯთა კორპუსში ყველანი ფრთოსნები არიან, მაგრამ როგორც უნდა იყოს, მწვრთნელი რომ წარუმატებლობას მსაჯებს დააბრალებს, ვერ არის საქებარი საქციელი.

იოჰან ბოსკამპს არაერთხელ ჩამოვართვი ინტერვიუ, ბოლოს რომ იყო ჩამოსული თბილისში სხვათა გარდა ისიც მითხრა, ჩვენ, ევროპელები, ხანდახან ქედმაღლურად კი ვიქცევით, მაგრამ ყოველთვის იმას ვლაპარაკობთ, რასაც ვფიქრობთ, რაც ერთ- ერთი განმასხვავებელი თვისებაა ჩვენსა და თქვენს მენტალიტეტებშიო.

ივანაუისკასი საბჭოთა ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ მაშინაც კი ბალტიისპირელები მკვეთრად განსხვავდებოდნენ საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებისგან, ანუ ისინი სხვაზე უფრო ევროპელები იყვნენ. ივანაუსკასმა "დინამოსთან" მატჩის შემდეგ რომ თქვა, საქართველოში ყველაზე ლამაზად ჩემი გუნდი თამაშობსო, საკამათო კი არის, მაგრამ თუ ამას მას ევროპულ ქედმაღლობაში ჩავუთვლით, ვინძლო კამათი არც ღირდეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივანაუსკასი "დილაში" იანვარში მივიდა და ოთხი თვე ის დრო არ არის, მწვრთნელმა გუნდი ყველაზე ლამაზად რომ აათამაშოს.

ივანაუსკასი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ჯერ კიდევ სეზონის მეორე ეტაპის დაწყების წინ თქვა, "დილაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ბუნდესლიგაში გადასვლის პერსპექტივა რომ აქვსო. ეს სტიმული იყო "დილას" ფეხბურთელებისთვის, თუმცა გამოჩნდნენ თუ არა "დილაში" საბუნდესლიგე მოთამაშეები, ვერ გეტყვით.

"დილას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გვითხრა, ივანაუსკასის სტილი გერმანულიაო. რა გითხრათ, ჰერ ვალდასს ცოტა დრო ჰქონდა, რომ გერმანულ თარგზე მოეჭრა "დილა", თუ ის მომდევნო სეზონში იქნება გორელების თავკაცი, მაშინღა თუ გამოჩნდება მისი გერმანული სპეციები.

ივანაუსკასმა დადებითი აურა შემოიტანა ეროვნულ ჩემპიონატში, თუნდაც იმიტომ, რომ ის მართლაც ჩინებული ფეხბურთელი იყო და ასეთის ჩამოსვლა, ყოველთვის საინტერესოა. ივანაუსკასს არ ეშლება მასმედიასთან ურთიერთობა და ესეც დასაფასებელია, ივანაუსკასის "დილას" ფეხბურთელებს სჯერათ და ესეც აქტივში ეთვლება ლიტველს, ივანაუსკასი მოხეტიალე (კარგი გაგებით) მწვრთნელს ჰგავს და ასეთები ყოველთვის რაღაცნაირად საინტერესოები არიან.

ისიც უნდა ითქვას, რომ ლიტველი ყოველთვის ფრთხილი იყო პროგნოზებში თუ დაპირებებში. სანამ სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდოდა, განაცხადა, ჩემპიონობისთვის "დინამო" იბრძოლებს, ჩვენ კი ევროპაზე უნდა გავიდეთ, "დილას" პირობები ერთია, ჩვენი კონკურენტის კი სულ სხვაო.

ცხადია, ევროსარბიელზე გასვლა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ერთი მეორეს არ გამორიცხავდა, მაგრამ ცრუ დაპირებებს ივანაიუსკასმა დიპლომატიური განცხადება ამჯობინა.

მოღონიერებულ-მოფულიანები "დილა" არ ყოფილა ივანაუსკასის პროექტი, ვინც ეს საქმე დაქოქა, მათ დღეს "დილასთვის" არ სცალიათ, ერთი ისევ პოლიტიკაშია, მეორე კი დიდ რუსეთში. ვფიქრობ, ამიტომაც ვერ გაუძლო "დილამ" საჩემპიონო პაექრობას, თორემ "ყვითლების" საკითხის მოგვარება იმას შეუძლია, ვინც მოინდომებს და ვისაც ამის სურვილი, მარიფათი და საშუალება აქვს.

"დილას" კაპიტანმა დავით კვირკველიამ "ლელოს" უთხრა, რაც საქართველოში დავბრუნდი და "დილას" ფეხბურთელი გავხდი, სულ ამ გუნდზე ლაპარაკობენო (იხილეთ ვრცლად). კვირკველია მართალია, რაც ქართულ ფეხბურთში ცოდვა-ბრალი ტრიალებს, ყველაფრის "დილაზე" გადატანა დიდი უსამართლობაა.

ფეხბურთის ფედერაციას ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელი რომ ემუქრება, თუ ასე გაგრძელდება, თუ ასე არ მოხდება, საკუთარ გუნდს ჩემპიონატიდან გავიყვანო (იხილეთ ვრცლად), აქაც კაზუსთან უნდა გვქონდეს საქმე. უმაღლეს ლიგაში გუნდის სამადლოდ ყოლა ვის რაში უნდა ჭირდებოდეს?

"დილამ" კი საკუთარი სიტყვა უკვე თქვა: ერთ-ერთი მოწინავე კლუბი გახდა საქართველოში, არაერთი კარგი ქართველი ლეგიონერი დააბრუნა ეროვნულ ჩემპიონატში, ერთი-ორი საინტერესო ფეხბურთელიც დააწინაურა, შარშან ევროსარბიელზეც რიგიანად გამოვიდა და მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე ივანაუსკასითაც სცადა ჩემპიონობისთვის ბრძოლა. "დილას" დინამიკა სახეზეა.

ჰერ ვალდასმა რა ისწავლა საქართველოს ჩემპიონატიდან, ამის ზუსტად თქმა მე არ შემიძლია, რაღაც გამოცდილებას კი უეჭველად შეიძენდა.

ივანაუსკაკსის "დილა" კულუარული თამაშებისა და "ყვითლების" გარდა კარგ გუნდებსა და კარგ ფეხბურთელებსაც შეასკდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!
ვალდას ივანაუსკასი: კოკაიას განცხადება? არ ღირს თავის მტვრევა ამაზე
ვალდას ივანაუსკასი: პოზიტიურად აგრესიულობა - ეს არის ფეხბურთის მომავალი
ვალდას ივანაუსკასი: საქართველო მეორე სამშობლოდ მიმაჩნია
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გაატრაკეტ საქმე ამ დილათი სხა ვინმე ვერ ნახეთ რა გინდათ ამ გუნდისგან გუნდი მართლა ლამაზ ფეხბურთს თამასშობს თქვენ გახადეთ ჟურნალისტებმა დინამო ჩემპიონი და მსაჯებმა თქვენი დინამო მოვტ......ან და თქვენი ფედერაცია სულ დინამო დინამო რო გაკერიათ პირზე ცოტა სხვა რეგიონებისკენ გაიხედეთ დინამოზე კარგ და ლამაზ ფეხბურთს ტორპედო არ თამაშობს თუ მეტალორგმა რომ მოუგო დინამოს ისიც გათამაშებული სცენარი იყო ერთმა კაცმა მოუგო ეგ თამაში დინამო და ის კაცი რომა ახალკაცია და ისიც გორელი და მეტალურგის კაპიტანი ისიც გორელი ლუკა რაზმაძე მიდით იქმება მეტალურგსაც რამე დააბრალოთ როგორც გორის დილას დააბრალეთ რომ თამაშებს ყიდულობს
klancha
21:25 05-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული