შეხვედრა წარსულთან: ასე ხდებოდნენ ჩემპიონები საქართველოში...

AutoSharing Option
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ თავისი XIV საჩემპიონო ტიტული თბილისის "დინამომ" უკვე ამ შაბათს, ანუ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმოს.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე თავის უშუალო კონკურენტ "დილას" 7 ქულით უსწრებს და დარჩენილ სამ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულაღა სჭირდება.

ისე, ალბათ, სიმბოლურია: თავისთვის მართლაც "საჩემპიონო მატჩის" ჩატარება "დინამოს" ხომ ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, "ტორპედოსთან" უწევს.

აქვე, შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ჩემპიონი მხოლოდ 6 გუნდი გამხდარა: თბილისის "დინამო" (13 ტიტული), ქუთაისის "ტორპედო" (3),
"ზესტაფონი" (2), თბილისის "ვიტ ჯორჯია" (2), რუსთავის "მეტალურგი"/"ოლიმპი" (2), ბოლნისის "სიონი" (1).

წინა 23 გათამაშება, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა "სცენარით" მიმდინარეობდა და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა (თანაც, არაერთხელ), როცა ჩემპიონის ვინაობა მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ტურში გარკვეულა.

ისეთი სეზონებიც (ასევე რამდენიმე) ყოფილა, როცა ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად... სეზონის დასაწყისშივე იყო ცნობილი (აბა, გამოიცანით, რომელ გუნდს ვგულისხმობთ); თუმცა, საჩემპიონო ზეიმი რასაც ჰქვია, ამა თუ იმ ქალაქსა და სტადიონზე, უფრო ხშირ შემთხვევაში, გათამაშების დასრულებამდე 3-4 ტურით ადრე იმართებოდა.

არ არის გამორიცხული, რომ საჩემპიონო ფოიერვერკი სწორედ ამ ტურში ვიხილოთ; თანაც, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ "ტორპედოსთან" მატჩს "დინამო"... ჩემპიონის რანგშიც შეხვდეს! ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "დილა" ვერ შეძლებს სტუმრად "ზუგდიდის" დამარცხებას.

თუმცა, სჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ და ვიდრე მორიგ "ქართულ კლასიკოს" ვიხილავთ (იმედია, ამჯერად მაინც "მშვიდობიანსა" და უექსცესოს), ის გავიხსენოთ, ესა თუ ის გუნდი საქართველოს ჩემპიონობას რომელ ტურში ინაღდებდა...

დინამოს ათწლედი
პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ოქროს მედლების ბედი პირველობის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გადაწყდა: ლანჩხუთის "გურია" ექვსი ქულით ჩამორჩებოდა თბილისის "დინამოს" (იმდროინდელ "იბერიას") და ამ გუნდებს შორის გასამართ 1990 წლის 19 ოქტომბრის მატჩს ბევრი რამ უნდა გაერკვია.

უკიდურესად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დამთავრდა: "ოქროს" გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა, თბილისელთა მეკარე ზაურ ხაპოვმა კი კარიერაში, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ამ მატჩის შემდეგ "დინამომ" თავისი კონკურენტი 9 ქულით ჩამოიტოვა და საქართველოს პირველი ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიგო.

მეორე ჩემპიონატშიც "დინამო" ("იბერია") და "გურია" მიიჩნეოდნენ უმთავრეს ფავორიტებად და მოვლენებიც ასე განვითარდა: ბოლო ტურის წინ დავით ყიფიანის დამოძღვრილ "დინამოს" ფრეც ჰყოფნიდა ზედიზედ მეორე ტიტულის მოსაპოვებლად და ასეც მოხდა!

ბოლო ტურში ზესტაფონის "მარგვეთისა" და "დინამოს" მატჩი უხვგოლიანიც გამოდგა და... "სახალისოც" (3:3); თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი იყო "მესამე ტაიმიც", - იქვე, ზესტაფონის სასტუმროს რესტორანში რომ "ჩატარდა"...

აი, ამის მერე "დინამო" უპრობლემოდ ხდებოდა საქართველოს ჩემპიონი: ჯერ რევაზ ძოძუაშვილის, მერე კი გივი ნოდიას (ორჯერ) ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ხომ იმ პერიოდში, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყოლია.

და აი, 1994-95 წლების სეზონში დინამოელებს მართლაც რომ ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ: მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიამ" იმ სეზონში ორივე მატჩი მოუგო "დინამოს", ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე 1 ქულითაც მეტი ჰქონდა, მაგრამ...

ის სეზონი "დინამომ" მართლაც "მძიმედ" დაიწყო, 1995 წლის მარტამდე გუნდმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ვიდრე კვიპროსიდან სამშობლოში დაბრუნებული დავით ყიფიანი არ ჩაიბარებდა. ამასობაში კი "სამტრედია" ისტორიული გამარჯვებისათვის მიიწევდა წინ, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში რუსთავის "მეტალურგის" სტუმრად დამარცხება ვერ შეძლო (0:0).

ამ მართლაც სკანდალურ მატჩზე ბევრი თქმულა თუ დაწერილა, თუმცა დღემდე უცნობია, იმ მართლაც არასაფეხბურთო გარემოში ჩატარებულ მატჩში ვინ მტყუანი იყო და ვინ - მართალი; "სამტრედიის" წარუმატებლობაში ზოგი ხომ თბილისის "დინამოს" ადანაშაულებდა, ზოგი - "მეტალურგის" ფეხბურთელებს, ზოგი - მსაჯთა ბრიგადას, ზოგი კი... "სამტრედიის" რამდენიმე ფეხბურთელსა თუ ამავე კლუბის წარმომადგენელს.

ამის მერე ზედიზედ 4 წელიწადი "დინამოს" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა: გუნდი ჩემპიონობას 7-8 ტურით ადრე ინაღდებდა, უახლოეს მდევარს კი ხანდახან 17 ქულითაც ჩამოიტოვებდა ხოლმე.

ტორპედოს ზეობა
ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო: ზედიზედ ათი საჩემპიონო ტრიუმფის შემდეგ თბილისის "დინამოს" ჰეგემონია დაემხო და ეს მოახერხა ქუთაისის "ტორპედომ", გუნდმა, რომელმაც მომდევნო სამი წელიწადის განმავლობაში საჩემპიონო ტიტული არავის დაუთმო!

პირველ წარმატებას ქუთათურებმა ყველაზე ტიტულიანი ქართველი მწვრთნელის, დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით, 2000 წელს მიაღწიეს და ჩემპიონობა ფინიშამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს.

იგივე განმეორდა მომდევნო სეზონშიც, ოღონდ "ტორპედოს" ამჯერად უკვე ყიფიანი-ძოძუაშვილის დუეტი მოძღვრავდა და ამ შემთხვევაშიც ორი ტურით ადრე გაირკვა ყველაფერი.

აი, რაც შეეხება 2001-02 წლების სეზონს, აქ მართლაც განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნა ფინიშზე: ბოლო ტურში რევაზ ძოძუაშვილის დამოძღვრილი "ტორპედო" ივო შუშაკის "დინამოს" მასპინძლობდა და ამ შეხვედრაში გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა ("ტორპედოს" 45 ქულა ჰქონდა, "დინამოს" - 44), მაგრამ, მატჩი თუ ფრედ დამთავრდებოდა, ჩემპიონი... სხვა გუნდი (თბილისის "ლოკომოტივი") ხდებოდა, ასევე 44 ქულა რომ ჰქონდა და ბოლო ტურში გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდა.

"ტორპედოსა" და "დინამოს" შორის ჩატარებული ის უაღრესად ნერვული და "ცოტა" სკანდალური შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით (1:0) დამთავრდა და ის ერთადერთი ბურთი იმ დროისათვის ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხილმა მალხაზ ასათიანმა გაიტანა!

ისე, 11 წლის წინანდელი იმ შეხვედრის 2 მონაწილე "დინამოს" ღირსებას დღესაც იცავს: ოღონდ გიორგი შაშიაშვილი მაშინაც თუ "დინამოში" თამაშობდა, გივი კვარაცხელია მისი მეტოქე გახლდათ.

P.S. ისე, დღესაც გული გვწყდება, მართლაც გამორჩეული ნიჭის მქონე მალხაზ ასათიანმა უფრო მეტს რომ ვერ მიაღწია; თანაც, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის...

როცა წაგება... ხელსაყრელია!
2002-03 წლების სეზონი ძველი მეტოქეების, "დინამოსა" და "ტორპედოს" მძაფრი კონკურენციით წარიმართა. ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაცია შეიქმნა: "დინამო" 2 ქულით უსწრებდა თავის უშუალო კონკურენტს და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სამწლიანი პაუზის მერე საჩემპიონო ზეიმი თბილისში გაიმართებოდა.

მით უმეტეს, რომ ბოლო ტურში "დინამოს" მეტოქე "სიონი" იყო, - გუნდი, რომელიც ამ მატჩამდე 4 დღით ადრე თასის ფინალში დაამარცხა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, "დინამოსთან" მარცხი, უპირველესად... ბოლნისელებს აწყობდათ: მეტოქე ამ სამი ქულით ჩემპიონი ხდებოდა, ხოლო "სიონი", როგორც თასის ფინალისტი, თავის ისტორიაში პირველად ევროტურნირების საგზურს მიიღებდა.

ჰო, არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ "სიონს" ჩემპიონატში არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ "დინამოსთან" წაგება უხსნიდა გზას ევროტურნირებისკენ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ივო შუშაკის იმდროინდელ "დინამოში" ერთიმეორეზე უკეთესი შემსრულებლები თამაშობდნენ, მაგრამ...

...მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ რაღაც არნახული შემართებითა და მოტივაციით (?!) მოასპარეზე "სიონის" ფეხბურთელები მოედნის თითოეული მონაკვეთისათვის თავგანწირულად იბრძოდნენ.

ისიც კარგად გვახსოვს, "დინამოს" ტრიბუნებზე ვიღაცამ როგორ იხუმრა: "ეტყობა, ბოლნისელებს ჰგონიათ, რომ არწაგების შემთხვევაში გადიან ევროტურნირებზე და ამიტომაც გაიგიჟეს თავიო".

არა, მართლაც უცნაური სანახავი იყო, როგორი თავგანწირვით თამაშობდნენ "სიონის" გამოცდილი მეკარე თეიმურაზ ვოლკოვი და მისი არანაკლებ გამოცდილი პარტნიორებიც. თუმცა ტაიმებს შორის შესვენება მართლაც "აუცილებელი" რამეა და სწორედ შესვენების შემდეგ ვიხილეთ მატჩის ის სცენარიც, რასაც ყველა ველოდით: ალექსანდრე გოგობერიშვილის, ვიტალი დარასელიას და რატი ალექსიძის გოლებით "დინამომ" ოთხი დღით ადრე მოპოვებულ თასს ჩემპიონობა მიუმატა.

აი, წაგება რომ უნდა გახარებოდა (?!), იმ მეტოქეს კი უეფას თასის საგზური ერგო.

სხვათა შორის, "დინამო" - "სიონის" იმ მართლაც უცნაური მატჩის შემდეგ სტუმართა ერთ-ერთ ფეხბურთელს პირველ ტაიმში თავისი გუნდის არნახულად მოტივირებული თამაშის მიზეზი რომ ვკითხეთ, გულახდილი და ამომწურავი პასუხიც მივიღეთ: ჩვენი გუნდის ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი სწორედ ახლა გვიმთავრდება და რა გარანტია გვაქვს, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ "სიონში" კვლავაც დაგვტოვებენო. თანაც, ეტყობა ეს ჩვენი პრობლემა "დინამოს" კონკურენტმა გუნდმაც გაიგო და "ცოტა" ფინანსურადაც დაგვაინტერესაო...

აქვე ისიც გვინდა განვმარტოთ, რომ იმ ჩვენს გულახდილ რესპონდენტს აღარ დაუკონკრეტებია, თუ რამ გამოიწვია "სიონის" ტაიმებს შორის შესვენების შემდეგ უეცარი "სწრაფვა წაგებისაკენ", ანუ - ევროტურნირებისაკენ...

სისხლიანი მატჩი
...2003 წლის ჩემპიონის გამოსავლენი მატჩი მართლაც კურიოზული თუ გამოდგა, აი, მომდევნო სეზონში ამას სკანდალური უფრო ეთქმოდა. 2003/04 წლების ჩემპიონატის ფინიშზე "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონს" ერთნაირი ქულები დაუგროვდათ და უძლიერესის გამოსავლენად "ოქროს მატჩი" დაინიშნა, რომელიც "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა.

ორივე გუნდი პირველად იბრძოდა საჩემპიონო ტიტულისათვის და, რა გასაკვირია, რომ ამ "ოქროს მატჩს" არნახული აჟიოტაჟი უძღოდა წინ. თუმცა, დაძაბულობა და აჟიოტაჟი რა მოსატანია იმასთან, რაც უშუალოდ შეხვედრის მსვლელობის დროს მოხდა: ტრიბუნებზე არეულობა იყოო, მართლაც რბილად ნათქვამი იქნება, ისეთი ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ცოტაც და, "ოქროს მატჩი" ჩაიშლებოდა:

ზოგს თავი გაუტეხეს, ზოგს ცივი იარაღით ჰქონდა სხეული დაზიანებული და საბოლოოდ, ის "სისხლიანი" შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დამთავრდა.

სხვათა შორის, ამის მერე "სიონი" უმკაცრესად დაისაჯა: გუნდს მეორე ეტაპზე მოგროვილი ყველა ქულა გაუუქმდა და VI ადგილამდე ჩამოაქვეითეს, რამდენიმე ბოლნისელი ქომაგი კი 3-4 თვის განმავლობაში... ციხეში იჯდა!

ქუთაისში სხვები ზეიმობდნენ...
მომდევნო სეზონში ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა სეზონის ბოლოს გარკვეული ინტრიგა მაინც იყო დარჩენილი; ბოლო ტურის წინ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამო" 2 ქულით უსწრებდა ოთარ გაბელიას მიერ დამოძღვრილ ქუთაისის "ტორპედოს".

"დინამომ" უპრობლემოდ შეძლო ბოლო ტურში გამარჯვება და "ტორპედოს" შედეგი უკვე აღარც იყო აქტუალური; მით უფრო, რომ "ტორპედოსა" და "თბილისს" შორის ქუთაისში ჩატარებული შეხვედრა მართლაც მასშტაბური ჩხუბის გამო ჩაიშალა და ორივე გუნდს წაგება ჩაეთვალა...

ასევე ბოლო ტურში გაირკვა ჩემპიონის ვინაობა 2006 წელს: ბოლნისის "სიონს" ფრეც ჰყოფნიდა, კლუბის ისტორიაში პირველად რომ მოეპოვებინა ოქროს მედლები, რამეთუ უშუალო კონკურენტს "ვიტ ჯორჯიას" 3 ქულით უსწრებდა. თუმცა "სიონმა" უპრობლემოდ შეძლო ქუთაისში გამარჯვება (4:0), რამდენიმე დღეში კი ბოლნისში დაუვიწყარი საჩემპიონო ზეიმიც შედგა და "შესაფერისი" სუფრაც გაიშალა!..

...XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, "ტორპედო" სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ კი მეორე ადგილზე გავიდა; ანუ ქუთაისელი ქომაგები მართლაც "დაეჩვივნენ" თავიანთი საყვარელი გუნდის წარმატებულ ასპარეზობას, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ზედიზედ ორჯერ, სწორედ ქუთაისში ინაღდებდნენ ჩემპიონობას... სხვა გუნდები!

ჰო, 2006 წელს "სიონმა" იზეიმა საჩემპიონო ტრიუმფი, ერთი წლის შემდეგ კი უკვე რუსთავის "ოლიმპის" ჯერი დადგა: რევაზ ძოძუაშვილმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მესამე გუნდი გააჩემპიონა და ბოლო ტურში მშობლიური ქალაქის გუნდი დაამარცხა (4:2).

თუმცა "საჩემპიონო მატჩი" უფრო ადრე ჩატარდა: ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "ოლიმპმა" შინ ფრედ (0:0) ითამაშა თბილისის "დინამოსთან" და კონკურენტთან არსებული 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ორწლიანი დუელი
თბილისის "დინამოს" ბოლო საჩემპიონო ზეიმი 2008 წელს ჰქონდა: დუშან უჰრინი-უფროსის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ფინიშამდე სამი ტურით ადრე მათე ვაწაძის ერთადერთი გოლის წყალობით სტუმრად "ზესტაფონი" დაამარცხა და სამწლიანი პაუზის მერე კვლავაც დაეუფლა ოქროს მედლებს.

ლევან ხმალაძე და გიორგი მერებაშვილი, - აი, იმ შემადგენლობის ის ორი ფეხბურთელი, დღესაც რომ "დინამოში" თამაშობს; პლუს - გიორგი ლორიაც, იმ დროს დიდიე ოვონოს შემცვლელი რომ გახლდათ.

"დინამომ" ჩემპიონობა ზესტაფონში კი გაინაღდა, მაგრამ სეზონის უმთავრესი მატჩი ფინიშამდე 5 ტურით ადრე მცხეთაში ჩაატარა უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან"; აი, ის იყო მატჩი! "დინამო" 4 ქულით უსწრებდა რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვიტ ჯორჯიას" და შეხვედრის საბოლოო შედეგიც (0:0) ხელს აძლევდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ მატჩში მასპინძლებს იღბალმაც ზურგი შეაქცია: წამყვანი ფეხბურთელი (ალექსანდრე კვახაძე) გააძევეს, ლუკა რაზმაძეს კი მართლაც "შავი დღე" ჰქონდა და ორჯერ საჯარიმოდან, ერთხელ კი პენალტის ნიშნულიდან ბურთი ხარიხას გაარტყა!

"ვიტ ჯორჯიას" ის თაობა, ისე, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე, ჩემპიონი მაინც გახდა: შემდეგ სეზონში ოქროს მედლებისათვის უმნიშვნელოვანესი მატჩი ისვე "ვეტერინარებსა" და "დინამოს" შორის გაიმართა.

ამ შემთხვევაშიც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა (1:1), თუმცა ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე ჩატარებული მატჩის ეს შედეგი ამჯერად უკვე "ვიტ ჯორჯიას" აწყობდა ("დინამოს" სამი ქულით უსწრებდა). ბოლო ტურში კი ჩემპიონობა ბოლნისში გაფორმდა, როცა "ვიტ ჯორჯიამ" 4:3 დაამარცხა "სიონი".

რუსთავიდან ზესტაფონამდე
2009-10 წლების სეზონის დაწყების წინ ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად რუსთავის "ოლიმპი" და თბილისის "დინამო" მიიჩნეოდნენ. ასეც მოხდა, თუმცა ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე კონკურენტების დაპირისპირებას უფრო ფორმალური მხარე ჰქონდა: "ოლიმპს" 11-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა "დინამოსთან"!

ის მატჩი ფრედ (1:1) დამთავრდა და თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ოლიმპმა" იქვე იზეიმა თავისი მეორე საჩემპიონო ტიტული!

იმ სეზონში კიდევ ერთი გუნდი იყო, მეტ-ნაკლებად რომ შეეძლო "ოლიმპისა" და "დინამოს" საჩემპიონო დავაში ჩარევა, თუმცა "ზესტაფონი" მხოლოდ მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

სამაგიეროდ, მომდევნო სეზონის დაწყების წინ, "მარადიულ ფავორიტ" თბილისის "დინამოსთან" ერთად, სწორედ "ზესტაფონი" მიიჩნეოდა ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად. საბოლოოდ, ყველაფერი სწორედ ასეთ "სცენარით" წარიმართა და როცა სეზონის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე გია გეგუჩაძის დამოძღვრილმა "ზესტაფონმა" მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლის (გიორგი ჭანკოტაძე) წყალობით "დინამო" დაამარცხა, ფაქტობრივად, ყველაფერი აქ დამთავრდა.

აი, ოფიციალურად კი იმერულმა კლუბმა თავისი პირველი საჩემპიონო ტიტული სეზონის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე გაიფორმა, როცა საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" 4:1 მოუგო.

დაბოლოს, წინა სეზონიც არ დაგვავიწყდეს, - საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი კი არა, ალბათ, ყველაზე სკანდალური რომ გამოდგა. იმას, რომ ჩემპიონატი უცნაურზე-უცნაური რეგლამენტით ტარდებოდა, კიდევ რა უშავდა; ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (სანამ საუკეთესო 8 გუნდი გამოვლინდებოდა) ყოველ ტურში რომ გვხვდებოდა "საჭირო" თუ "არასაჭირო" თამაშები, ეგაც "ასატანი" იყო; აღარაფერს ვამბობთ ერთი კონკრეტული გუნდის თასის ფინალამდე "მიცილებაზე" და იქ უკვე ამავე გუნდის "ტრიუმფალურ გამარჯვებაზე;

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ გულშემატკივრებს ვერაფრით გაერკვიათ, თუ რომელი ცხრილისთვის მიექციათ ყურადღება: "ვირტუალურისათვის" თუ "ჩვეულებრივისათვის";

თუმცა, მთავარი წინ გველოდა: ჩემპიონატის ბოლო ტურში ოქროს მედლების ორივე კანდიდატმა ("ზესტაფონმა" და "რუსთავის "მეტალურგმა") თავიანთი მატჩები მოიგეს და ორივე გუნდმა... ჩემპიონობა იზეიმა!

ჰო, "ზესტაფონი" ზედიზედ მეორე ტრიუმფს მშობლიურ სტადიონზე ზეიმობდა, "მეტალურგი" კი - ფოთში, "კოლხეთთან" გამარჯვების შემდეგ!

ამათგან რომელი იყო "დე ფაქტო" ჩემპიონი და რომელი - "დე იურე", ვერავინ ამბობდა: რუსთაველები ამტკიცებდნენ, რომ მოქმედი რეგლამენტით მათ ეკუთვნოდათ ჩემპიონობა; ზესტაფონელები კი, რაღა თქმა უნდა, საპირისპიროს ამბობდნენ.

საბოლოდ კი, რა და როგორ მოხდა, ალბათ, გემახსოვრებათ: ჩემპიონატის დამთავრებიდან მეორე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომა გაიმართა და სწორედ იქ გადაწყდა, რომ 2011-12 წლების სეზონის გამარჯვებული "ზესტაფონი" ყოფილა!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს გულშემატკივარი კი ვარ, მაგრამ .. ზესტაფონი გამოგრჩათ ჩემპიონების სიაში .. თანაც .. ორგზის ჩემპიონია .. და თანაც .. ჯერ-ჯერობით მოქმედი ..
სვანი
15:34 03-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული