ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც გაირკვეს!
არ არის გამორიცხული, რომ ასევე 30-ე ტურში გაირკვეს ევროპის ლიგის საგზურის მფლობელთა ვინაობაც;
რაც შეეხება ქვედა ექვსეულს, იქ ისეთი ჩახლართული სიტუაციაა, ვფიქრობთ, ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება, თუ რომელი გუნდი დაქვეითდება პირველ ლიგაში.
არადა, ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ერთდროულად ოთხ გუნდს ემუქრება: ბათუმის "დინამოს",
ჰო, ქვედა ექვსეულში მართლაც დამაინტრიგებელი სიტუაციაა, მაგრამ 4 მაისს თბილისში, "დინამო-არენაზე" ისეთი შეხვედრა უნდა ჩატარდეს, ტურის ყველა სხვა დანარჩენ მატჩებს რომ "გადაწონის": გამარჯვების შემთხვევაში თბილისის "დინამო" ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ხდება!
თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომლის მიხედვითაც "დინამო" საქართველოს ჩემპიონი მატჩის დაწყებამდეც გახდეს! ანუ, გორის "დილამ" თუ განმუხურში "ზუგდიდთან" შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა, "დინამო" კონკურენტისათვის მიუწვდომელი დარჩება და "ტორპედოსთან" მატჩს ჩემპიონის რანგში შეხვდება.
ისე, წინა ტურის შემდეგ, თბილისის "დინამომ" რომ შეძლო და გორში "დილას" მოუგო, ყველგან იმას მოისმენდით თუ გაიგებდით, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი საჩემპიონო ზეიმს სწორედ ამ ტურში მოაწყობდა.
არადა, რატომღაც ყველას გვავიწყდება მეტოქის ფაქტორიც: მას შემდეგ რაც საქართველოს თასის მეოთხედფინალში "სიონისგან" მართლაც სენსაციური მარცხი იწვნია, "ტორპედომ" მესამე ადგილი არავის უნდა დაუთმოს, თორემ, შესაძლოა, ევროტურნირების გარეშე დარჩეს.
ამას გარდა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წარმატებული ფინიშისა და "დილას" შესაძლო წაფორხილების შემთხვევაში ქუთათურთა გუნდს მეორე ადგილზე გასვლის შანსიც უჩნდება!
შესაძლოა, ვინმესთვის სულ ერთი იყოს მესამე და მეორე ადგილები, მაგრამ ამ შემთხვევაში "ტორპედო" წინა სეზონში ნაჩვენებ შედეგს გააუმჯობესებს.
აქვე, 4 მაისს გასამართი მატჩის "დამატებითი" ინტრიგაც: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებად ხომ სწორედ თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს" პაექრობებია მიჩნეული!
განსაკუთრებული და პრესტიჟის მატჩი
...სამი სეზონი "ტორპედომ" უმაღლესი ლიგის გარეშე გაატარა და იმ პერიოდში (2007-10 წლები) ჩვენს ჩემპიონატს გარკვეული ხიბლი მოაკლდა. უფრო ზუსტად, "დინამო" - "ტორპედოს" დაპირისპირებები აკლდა, - ყველაზე გამორჩეული პაექრობები საქართველოს ჩემპიონატში.
არადა, იმ სამი წლის განმავლობაშიც და მომდევნო სეზონებშიც, თბილისის "დინამოს" ყოველთვის ჰყავდა არანაკლებ პრინციპული მეტოქეები, რომლებთანაც საჩემპიონო დავაში იყო ჩაბმული: "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი", "ზესტაფონი" და ბოლოს - "დილა"; თუმცა, "ქართულ კლასიკოდ" "მონათლული" "დინამო" - "ტორპედოს" დაპირისპირება მაინც სხვა მუხტს ატარებდა და იმასაც არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა, "ქართული კლასიკოს" წინ რომელი გუნდი ცხრილის რომელ საფეხურზე იმყოფებოდა ან იმ მომენტისათვის რა მიზნები ჰქონდა.
საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებს თუ გადახედავთ, ერთი შეხედვით, უპირატესობა "დინამოს" მხარესაა; თუმცა, უმაღლეს ლიგაში სამწლიანი განშორების მერე დაბრუნებული "ტორპედო" ამ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში თავის პრინციპულ მეტოქეს არაფერს უთმობს: 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე გუნდებმა 11 მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში, საიდანაც 5 ფრედ დამთავრდა, სამი "ტორპედომ" მოიგო, სამიც - "დინამომ".
გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია: წინა სამივე მატჩი უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა, აქედან ორი ისეთი შეხვედრა იყო, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს დიდი ხნის განმავლობაში რომ არ დაავიწყდება.
ხვდებით, ალბათ, რომ "დინამოსა" და "ტორპედოს" შორის პირველი და მესამე წრის მატჩებს ვგულისხმობთ, მეტ-ნაკლებად სკანდალურიც რომ იყო, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ; მანამდე კი გვინდა თბილისელ ქომაგებს მოვუწოდოთ, რომ შაბათ საღამოს "დინამო-არენას" მიაშურონ: დუშან უჰრინის დამოძღვრილი "დინამო" ყველაფერს გააკეთებს, რომ საჩემპიონო ზეიმი მომავალი ტურ(ებ)ისათვის არ გადადოს, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედო" კი სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საკუთარი პრესტიჟის შენარჩუნებასაც შეეცდება.
პრესტიჟი შემთხვევით არ გვიხსენებია: სეზონის დაწყებიდან დღემდე "ტორპედო" სამართლიანი თამაშის პრინციპებს იცავს, რასაც, სამწუხაროდ, უმაღლესი ლიგის ზოგიერთ გუნდზე ვერ ვიტყვით; თანაც, ამ შემთხვევაში, ზედა ექვსეულსაც ვგულისხმობ და ქვედასაც...
სამივე ნამდვილი კლასიკო იყო
...ამ სეზონის პირველი "ქართული კლასიკო" მართლაც დაუვიწყარი იყო: ჯერ კიდევ პირველ ტაიმში "ტორპედო" ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ჩისკოს "დუბლით" "დინამომ" ორივეჯერ შეძლო თანაფარდობის აღდგენა; მეორე ტაიმში კი მიკელ ალვარომ მართლაც ჩინებული გოლით "დინამოს" მოაგებინა, მაგრამ ამ შეხვედრიდან ისიც კარგად ემახსოვრება ყველას, რომ მატჩის არბიტრმა ოთარ ხეცაძემ 1 ფეხბურთელი "ტორპედოს" გაუძევა, 3 - "დინამოს", ორივე გუნდიდან საერთო ჯამში კი 11 მოთამაშე გააფრთხილა!
მეტ-ნაკლებად "მშვიდობიანი" იყო დღევანდელ მეტოქეთა II წრის მატჩი, 2:2 რომ დამთავრდა: ტორპედოელი ელგუჯა გრიგალაშვილის "დუბლს" თითო-თითო გოლით ჯაბა დვალმა და მიკელ ალვარომ უპასუხეს.
მესამე წრის მატჩი, მეორის მსგავსად ქუთაისში ჩატარდა და ამ შემთხვევაშიც ფრედ მორჩა (1:1), თუმცა ეს შეხვედრა შემდეგშიც დიდხანს იყო განსჯის საგანი. მატჩის არბიტრი კვლავაც... ოთარ ხეცაძე გახლდათ და დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ მატჩის მიწურულს მსაჯს "დინამოს" კარში პენალტი უნდა დაენიშნა: ბექა ტუღუშის ჩინებული სოლო-რეიდისა და მერე, კარში დარტყმის შემდეგ ხომ ბურთი დინამოელთა გამოცდილ მცველს გიორგი შაშიაშვილს ხელზე მოხვდა!
თუმცა, იმ შეხვედრაში სხვა არანაკლები დასამახსოვრებელი ეპიზოდებიც ვიხილეთ: ჩისკოს მიერ გაცუდებული ორი რეალური მომენტი, "ტორპედოს" მეკარის ომარ მიგინეიშვილის ერთი-ორი "ზღაპრული" სეივი და ასე შემდეგ.
მოკლედ, ნამდვილი "ქართული კლასიკო" იყო...
დარჩენილი მატჩების კალენდარი
I-IV ადგილები
12 მაისი
ზესტაფონი-ზუგდიდი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
ტორპედო-დილა
18 მაისი
ზუგდიდი-ტორპედო
დილა-ჩიხურა
დინამო (თბ) - ზესტაფონი
VII-XII ადგილები
12 მაისი
დინამო (ბთ)-კოლხეთი
სიონი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-მერანი
18 მაისი
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
მერანი-სიონი
მეტალურგი-დინამო (ბთ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ლორია: ეს იყო ნამდვილი კატასტროფა!
არმაზ ჯელაძე: მთავარია, არ წავაგოთ ბათუმის "დინამოსთან"
გია გურული: ეს მატჩი ყოფნა-არყოფნის საკითხია
შეხვედრა წარსულთან: ასე ხდებოდნენ ჩემპიონები საქართველოში...