გია გურული: ეს მატჩი ყოფნა-არყოფნის საკითხია

AutoSharing Option
ზედა ექვსეულში თუ ქართული კლასიკოა, ქვევითაც არის მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა: ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონს" მასპინძლობს.

ბათუმელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს, რადგან წინა ტურში უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდნენ 2:3 და საქმე ძალიან გაირთულეს.

არც "სიონია" არხეინად, გათამაშების ცხრილიდან ყველაფერი კარგად ჩანს.

ერთი სიტყვით, ბათუმის "დინამო" - "სიონის" შეხვედრა ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა.

რამდენიმე კითხვით მივმართეთ ბათუმის "დინამოს" კონსულტანტ გია გურულს.

- წინა ტურში ალბათ ფრეც გაძლევდათ ხელს, მაგრამ წაგებას ვერ ასცდით, რითაც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდით - "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხს რას
დააბრალებდით?

- ფეხბურთში ეს დაუწერელი კანონია - ბურთს რომ ვერ გაიტან, აქეთ გაგიტანენ. ჩვენ ამ შეხვედრაში ხუთი საგოლე მომენტი გავაცუდეთ, "ვიტ ჯორჯიამ" კი ორი, სამი ქულაც მოწინააღმდეგეს დარჩა.

- ახლა "სიონს" ეთამაშებით და თუ ვერ მოიგებთ, პირველ ლიგას ალბათ ძალიან მიუახლოვდებით...
- "სიონთან" მატჩის შემდეგაც არ იქნება გარკვეული ყველაფერი, თუმცა თუ ეს მატჩი ვერ მოვიგეთ, ჩვენი კონკურენტები ასეთ შანსს ხელიდან ალბათ არ გაუშვებენ. ბოლნისელებთან მატჩი ჩვენთვის უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხია.

- შინ თამაშობთ და დამეთანხმებით, რომ ასეთ გადამწყვეტ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრების ფაქტორიც - მაინც, რა რაოდენობის ქომაგს ელოდებით?
- ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას, იმათი იმედი "სიონთან" მატჩშიც გვაქვს, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ქომაგი მოვიდეს ჩვენს გასამხნევებლად. ბათუმში რომ ტარდებოდეს ეს მატჩი, დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი მოვიდოდა ჩვენს მხარდასაჭერად, მაგრამ შეხვედრა ქობულეთშია და იქ ჩამოსვლას ბევრი ვერ ახერხებს.

- "ბათუმი" იძულებულია, რისკზე წავიდეს, კარგი გაგებით რაიმე ავანტიურას მიმართოს, რადგან თქვენც აღნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა ყოფნა-არყოფნის საკითხია...
- რისკზე წასვლას რაც შეეხება, ეს თამაშის მსვლელობაზეც იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ მატჩისთვის რაღაც-რაღაცები გვაქვს მოფიქრებული.

- გამოკვეთილი თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე და ორი ფლანგელი - "ბათუმი" ისევ ასე შეუტევს?
- ბოლო შეხვედრებში ასე კი ვთამაშობდით, მაგარმ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "სიონთანაც" აუცილებლად ასე შევუტევთ. ვნახოთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია ასეთი დეტალები.

- აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებთ?
- სწრაფი გოლი ასეთ პრინციპულ შეხვედრებში ხშირად მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სწრაფი გოლი ხანდახან უხვგოლიანი მატჩის საწინდარიც ხდება ხოლმე, ან კიდევ ფეხბურთელების მოდუნებას იწვევს. სწრაფ გოლს მატჩის ბოლოს გატანილი გაადმწყვეტი ბურთი მირჩევნია.

- გადამწყვეტ შეხვედრებში ერთიორად ფასობს გამოცდილება - როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ უპირატესობა რომელ გუნდს აქვს?
- საშუასეზონო პერიოდში და მერეც "სიონმა" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. გეთანხმებით, ასეთი მნიშვნელობის მატჩისთვის გამოცდილება ძალიან ბევრს წყვიტავს, თუმცა არც "ბათუმზე" ითქმის, გამოუცდელი ფეხბურთელები ჰყავსო. ერთი სიტყვით, ამ მხრივ გუნდები თანაბარ პირობებში არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინათქმა: საჩემპიონო ზეიმი დღესვე?
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
გია გურული: სხვანაირად ავთამაშდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული