27 წლის ზვიად მეტრეველს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის "დინამო თბილისშიც". მეტრეველი ცენტრფორვარდი გახლავთ და საკმაოდ ბევრი საჭირო გოლი გაუტანია.
"სპარტაკში" პირველად სამი წლის წინათ მივიდა, ორი სეზონის შემდეგ ბოლნისის "სიონს" მიაშურა, შემდეგ ისევ "სპარტაკში" დაბრუნდა - ამ გუნდში იგი რა ხანია, შინაური კაცია.
მეტრეველს რამდენიმე კითხვა დავუსვით...
- რა სპეციფიკა ახასიათებს პირველ ლიგაში თამაშს? უმაღლესში დაბრუნებისთვის რა სირთულეების გადალახვამ მოგიწიათ?
-
პირველ ლიგაში თამაში ძალიან ძნელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა უმაღლესში გადასვლისთვის იბრძვი, მოდუნების უფლება არ გაქვს.
"სპარტაკი" ყველანაირად კარგად მოემზადა ამ სეზონისთვის და მიზანსაც მივაღწიეთ.
- ანუ "სპარტაკის" ფეხბურთელები პირობებს არ უჩივით?
- პირველი ლიგის კვალობაზე მართლაც კარგი პირობები შეგვიქმნა კლუბის ხელმძღვანელობამ. "სპარტაკის" პრეზიდენტი, ბატონი დიმა სანაკოევი სულ გვერდში გვედგა, გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა.
- მართალია, რომ სანაკოევი "სპარტაკის" ვარჯიშებსაც კი ესწრება?
- რა თქმა უნდა, მასეა, "სპარტაკის" პრეზიდენტს ხომ ძალიან უყვარს ფეხბურთი, რისთვისაც გუნდის ფეხბურთელები მას მადლობას ვუხდით.
- სეზონის პირველ ეტაპზე "სპარტაკის" მთავარი კონკურენტი ხობის "კოლხეთი" იყო, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ამ გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და მეორე ეტაპზე საქმეც გაგიადვილდათ...
- მეორე ეტაპზე კონკურენტი მართლა აღარ გვყავდა, თუმცა პატარა ჩავარდნა გვქონდა, ორი თამაში წავაგეთ და თბილისის "ლოკომოტივი" და ქობულეთის "შუქურა" ცოტათი წამოგვეწივნენ, თუმცა მალევე მოვახერხეთ მობილიზაცია და უმაღლეს ლიგაშიც დავბრუნდით.
- 26 მატჩში 15 გოლი - პირველი ლიგის ამ გათამაშებაში ასეთია ზვიად მეტრეველის სტატისტიკა - კმაყოფილი ხარ ასეთი მონაგარით?
- 15 გოლი ურიგო შედეგი არ არის, თუმცა მეტიც შემეძლო. ამ ეტაპზე ჩემთვის ბომბარდირობაზე უფრო მნიშვნელოვანი "სპარტაკის" უმაღლესში დაბრუნება იყო და მიღწეულით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- მნიშვნელოვანი გოლი თასის მერვედფინალშიც გაიტანე "ვიტ ჯორჯიასთან" საპასუხო შეხვედრაში - ეს დაპირისპირება "სპარტაკისთვის" ალბათ სეზონის მატჩი იყო...
- გეთანხმებით, ჩვენ ხომ უმაღლესი ლიგის გუნდი გამოვთიშეთ ტურნირს. იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, მეოთხედფინალში რუსთავის "მეტალურგსაც" დავამარცხებდით, საპასუხო შეხვედრაში იქაც დავწინაურდით, მაგრამ მერე დასანანი გოლი გავუშვით.
- კარიერაში საუკეთესო პერიოდი კი ალბათ "დინამო თბილისში" გქონდა...
- გეთანხმებით, "დინამოში" ცოტა ხანს მომიწია თამაშმა, მაგრამ ის პერიოდი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემთვის, ევროპა ლიგის შეხვედრებშიც ვითამაშე ტალინის "ფლორასთან", შვედურ "გეფლესთან" და გრაცის "შტურმთან", ავსტრიაში სულაც მთელი 90 წუთი მომიწია თამაშმა.
- როგორ ფიქრობ, "სპარტაკი" ამ შემადგენლობით რა გაქანების გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში?
- კარგი გუნდი ვართ, თუმცა უმაღლესში რახან გადავედით, კლუბის ხელმძღვანელობა ალბათ გაძლიერებაზე იზრუნებს, რათა ზედა ექვსეულში მოვხვდეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ცხინვალის "სპარტაკი" საქართველოს უმაღლეს ლიგას უბრუნდება!
ზვიად მეტრეველი: ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, შანსი კი გვექნება