ბევრი მიიჩნევს, რომ ლიგაში 16 გუნდი უნდა იყოს. მათი აზრით, თუ სახელმწიფო ფულს გადაიხდის და ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ეს ფეხბურთის მასობრიობას ხელს შეუწყობს და რეგიონებში ფეხბურთს გამოაცოცხლებს.
ზოგიც არათუ ლიგის გაფართოებას, 12-გუნდსაც ზედმეტად თვლის და რაოდენობის შემცირებას ითხოვს. ლოგიკა მათ არგუმენტშიც არის - გუნდების გაზრდა როგორ შეიძლება,
ცხადია, ლიცენზირების პირობებსაც ბევრი ვერ დააკმაყოფილებს. ასეთ დროს, ახალი გუნდების დამატება უაზრობაც იქნება და რეგლამენტის დარღვევაცო.
გარდა ამისა, გარკვეული წრეები მიიჩნევენ, ვისაც ფინანსური გარანტიები არ აქვს და სტადიონის პრობლემას ვერ აგვარებს, ქვედა ლიგაში უნდა დაქვეითდეს - უმაღლეს ლიგაში კი გუნდის ბიუჯეტი, მინიმუმ, 1,5 მილიონი ლარი უნდა იყოსო.
და თუ სახელმწიფო გუნდებს მაინც დააფინასებს, 10 ან 12 გუნდი აჯობებს, რადგან ლიგის გაზრდა ჩემპიონატის დონეზე კიდევ უფრო კატასტროფულად იმოქმედებსო.
ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ეს უკანასკნელები დააიმედეს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს სოლიდურად, დაახლოებით 15-20 მილიონი ლარით დააფინანსებენო. თუმცა, ჯერ არავინ უწყის, ახალ სეზონში რა მოხდება.
ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პრივატულ საუბარში დაგვიდასტურა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებითა და კლუბების ხელშეწყობით დაინტერესებულია. ხელისუფლებაში კარგად ესმით, რომ გაჭირვებული ქვეყნის ფეხბურთს ფინანსური ინექცია მართლაც ესაჭიროება.
"მაგრამ ჯერ კონკრეტულად ეს საკითხი არ განხილულა და მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ ვიმსჯელებთ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ გუშინ პარლამენტს ფეხბურთში არსებული მდგომარეობით შეწუხებულმა საზოგადოებამ წინადადებებით მიმართა. ვინ ვის და კონკრეტულად რა საკითხზე, ამას აღარ დავაკონკრეტებ", - უთხრეს "ლელოს".
... სიმართლე უნდა ვთქვათ: კერძო კლუბებების მეპატრონეები სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფებს უნდობლობას იმიტომაც უცხადებენ, რომ ეჭვი აქვთ, იქ ფული თეთრდება და რაც მთავარია, საქმე არ კეთდება. მართალია თუ არა ეს, ფაქტია, რომ ეჭვები არსებობს.
ახლა მთავარზე გადავიდეთ: ბოლო წლებში, ტრადიციად იქცა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციები ყველასათვის ხელმისაწვდომია და საინტერესო პიროვნებებზე ბევრ რამეს შეიტყობთ - ვინ რა საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის, არასაცხოვრებელი ფართის, ავტომანქანის, ავტოფარეხის, ფერწერული ტილოს, ბიზნეს-აქციების, კომპანიის მფლობელია, რა ოდენობის ანაბრები აქვს ბანკში, რა ოდენობის ხელფასს იღებს და ა.შ.
ფეხბურთში საჯარო მოხელეები არ არიან, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომელთაც სახელმწიფო სახსრებთან ჰქონდათ და აქვთ შეხება: ფედერაციის დიდმოხელეები, ნაკრების მწვრთნელები, ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე არბიტრები და ა.შ. ამიტომაც არსებობს მოსაზრება, ამ კატეგორიის ადამიანებსაც ხომ არ შეევსოთ ქონებრივი დეკლარაცია?
ახლა ეს გვიანია, რადგან ჩემპიონატი თითქმის დასრულებულია და თითქმის ყველაფერი გარკვეულია, თუ არ ჩავთვლით ქვედა ექვსეულიდან პირველ ლიგაში გასავარდნთა საკითხს. მაგრამ მომავალი წლისთვის ურიგო არ იქნებოდა.
ლოგიკა მართლაც არსებობს, რაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას არ შეუწყობს ხელს. საინტერესო ეს იქნება - ვინ რა ქონების მფლობელი იყო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ. ამგვარად, ადვილად აღმოვაჩენთ, მოულოდნელად ვინმემ ხომ არ გამდიდრდა, მაგალითად, ხის ძირში ნანახი ოქროს ზოდებით, ან მამაპაპისეული სახლის ეზოში აღმოჩენილი განძით - ცხადია, რომელიმე მატჩის შემდეგ.
სახელმწიფო ფეხბურთში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა და როგორც ჩანს, უფრო მეტს ამიერიდან დახარჯავს. პრემიერის სიტყვებია, ქართულ ფეხბურთში უმძიმესი მდგომარეობაა და მას დახმარება სჭირდებაო.
და ვისაც სახელმწიფოს სახსრებთან შეხება აქვს და მომავალში ექნება, მათ გარკვეული პასუხისმგებლობაც ეკისრებათ და ვფიქრობთ, ეს უინტერესო აზრი არ უნდა იყოს - გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, ქვეყნის ფინანსები რას და რამდენად ეფექტურად ხმარდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო-ზესტაფონი არ ჩაიშლება - ლევან ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა
ზვიად სიჭინავა: დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის
თვალსაზრისი: გუნდების შემცირებაზე ვიფიქროთ!
კობა ჟორჟიკაშვილი: სჯობს, უმაღლესი ლიგა თექვსმეტგუნდა გავხადოთ
აქტუალური თემა: როგორი ჩემპიონატი გვჭირდება?