მერანი-სიონი 1:2 - პროგრამა შესრულებულია

AutoSharing Option
ამ ტურამდე მეტოქეები რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. თუ "მერანს" უკვე თავი ქუდში ჰქონდა, ამას ვერ ვიტყოდით "სიონზე", რომლისთვისაც მარტვილში არგამარჯვება საბედისწერო შეიძლება გამომდგარიყო.

შეხვედრას რაც შეეხება, თამაში უფერული და საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. მასპინძლები ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდაზე იყვნენ ორიენტირებულები. ამ მიზნით მალხაზ ჟვანიამ თავიდანვე ძირითადში დააყენა გიორგი გეგია, თედო ლურსმანაშვილი და ცოტნე მონიავა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ მათ გაუჭირდებოდათ მოწინააღმდეგის გამოცდილი მცველების წინააღმდეგ თამაში, რაშიც ახალგაზრდა მერანელებს ვერავინ გაამტყუნებს.

Sportall.Geშეტევაში თავქუდმოგლეჯილი არც სტუმრები გარბოდნენ, ისინი თავიანთ შანსს ელოდნენ. შანსი კი მალევე
მიეცათ: ფაქტობრივად, სტუმართა პირველი დარტყმა "მერანის" კარის მიმართულებით გოლით დასრულდა: დავით სვანიძემ შორი მანძილიდან მოსინჯა ძალები, ჯონი შეროზიამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და 0:1.

ტაიმის შუაწელს მარტვილელები შედარებით გააქტიურდნენ, მომენტიც შექმნეს: საბა ლომიამ ხელსაყრელი პოზიციიდან გაისროლა, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მეტოქის კარს. აქვე იყო არასასიამოვნო ეპიზოდიც: ჰაიდუჩეკისა და დიდავას ორთაბრძოლა მოედნის ცენტრის სიახლოვეს, ამ უკანასკნელის მიკროტრავმით დასრულდა.

უღიმღამო პირველი ნახევრის შემდეგ არავის შექმნია იმის ილუზია, რომ მეორე ტაიმში საინტერესო და უშეღავათო დაპირისპირებას ვიხილავდით. თამაში იმავე ტემპში გაგრძელდა. მცირე უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო.

და მაინც: ჯერ სვანიძეს მიეცა თავისიანების უპირატესობის განმტკიცების საშუალება, მოგვიანებით კი აკაკი მიკუჩაძის შორეული დარტყმა შეროზიამ მოიგერია.

ამას მოჰყვა მერანელთა საპასუხო შეტევა, რომელიც გოლით დაგვირგვინდა. მამუკა ტორონჯაძემ საკმაოდ შორიდან დაარტყა, მირზა მერლანი მოუმზადებელი აღმოჩნდა და ანგარიშიც გათანაბრდა.

ამის შემდეგ "სიონი" რეალური საშიშროების წინაშე დადგა. შეცვლაზე შემოსული შარვაძე მოულოდნელად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. მერლანმა ის თამაშის წესებით შეაჩერა, რისთვისაც გუნდი თერთმეტმეტრიანით, თვითონ კი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

პენალტის შესრულება ამ სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, საბა ლომიამ ითავა (მის ანგარიშზე 16 გატანილი გოლია), თუმცა ბურთი კარს ააცილა.

ორიოდე წუთში სტუმრებმა საპასუხო კონტრშეტევა წარმატებით განახორციელეს. ლადო ახალაიას მიერ საშუალო დისტანციიდან დარტყმულ ბურთს შეროზიამ ვერ აუღო ალღო - 1:2.

მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანი):
"როგორც იცით, წინა ტურში მოვახერხეთ ამოცანის შესრულება და უმაღლესში ადგილი შევინარჩუნეთ. ამ თამაშში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვცადეთ. გვქონდა საშუალება და რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა? ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია... სეზონი წარმატებით დავასრულეთ, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ".

არმაზ ჯელაძე (სიონი):
"ეტყობა, სეზონმა ბიჭები დაღალა, რაც თამაშიდან ნათლად ჩანდა. მეორე ტაიმში გაგვიმართლა, რომ მეტოქემ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ამან ჩვენ ხელ-ფეხი გაგვიხსნა და მართალია, რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში გავატარებთ. გპირდებით, რომ უკეთესი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ".

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთი სამარცხვინო მატჩი ქართულ ფეხბურთში!
ქომაგი
12:15 20-05-2013
0

სიახლეები პოპულარული