ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!

AutoSharing Option
გასულ შაბათს აწ უკვე გასრულებული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას "ფაზისზე" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია დაესწრო. თამაშის შემდეგ "კოლხეთთან" დაკავშირებით მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- ქალბატონო ეკა, რა ელის "კოლხეთს," რომელსაც წლეულს 100 წლის იუბილე აქვს და სამწუხაროდ, ქვეყნის მთავარი ლიგა დატოვა?
- უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვგულშემატკივრობ "კოლხეთს". ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლავართ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, კლუბს გვერდში დავუდგე.

სამწუხაროდ, დიდი შანსია, თუ უკვე გადაწყვეტილი არაა, რომ "კოლხეთმა" უმაღლესი ლიგა დატოვოს. თუმცა მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ
მთავარ ლიგაში შესაძლოა, დაამატონ გუნდები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ასეთი ტრადიციული კლუბის ქვედა ლიგაში დაქვეითება ავიცილოთ.

თან, კლუბს 100 წელი უსრულდება. "კოლხეთი" მართლაც ისტორიული კლუბია. იუბილესთვის ვემზადებით და ლიგიდან გავარდნა ნამდვილად უსიამოვნო იქნება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით სპორტულ შედეგს და ზოგადად, პოლიტიკა ვერ ჩაერთვება სპორტში, რადგან ამან რაც მოგვიტანა წინა ხელისუფლების პირობებში, კარგად გამოჩნდა. ახლა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები.

ამ ორგანიზაციის საქმიანობაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ ჩავერევით, რადგან ეს არ არის პოლიტიკის საქმე, ეს საფეხბურთო ოჯახის გადასაწყვეტია. სპორტი პოლიტიზირებას ვერ იტანს. არავის აქვს უფლება, მწვრთნელს უთხრას, თუ ვინ ათამაშოს და ვინ - არა. ასეთი რამ "კოლხეთში" არ მოხდება, გამორიცხულია.

საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მე პირადად, რაც შემეძლო, ის გავაკეთე. მთავრობას ვთხოვე სტადიონისთვის თანხის გამოყოფა. როცა ფინანსთა მინისტრი გვსტუმრობდა, ჩვენ დავამტკიცეთ ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი. გამოიყოფა 2,5 მილიონი ლარი და მალე "კოლხეთს" კოხტა სტადიონი ექნება. 21-ე საუკუნეში თამაშები შესაფერის არენებზე უნდა იმართებოდეს.

- ეს პროექტი იმ შემთხვევაშიც იმუშავებს, კლუბს ლიგის დატოვებაც რომ მოუხდეს?
- რა თქმა უნდა! არ ვაპირებთ კლუბის მიტოვებას, ანუ დავრჩებით თუ არა მთავარ ლიგაში, ეს კლუბის მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს. ის დაფინანსება, რაც დღეს კლუბს ეძლევა, არაა საკმარისი. ამასთან, არც პირობებია შესაბამისი და მოგეხსენებათ, თუ პირობები არ იქნება, სპორტსმენს წარმატებას ვერ მოსთხოვ.

- დაფინანსება ახსენეთ... ფოთის პორტი ისევ ხომ არ დაეხმარება კლუბს?
- ვერ გეტყვით, ეს საკითხი გასარკვევია. რა თქმა უნდა, ვერც პორტს და ვერც ვერავის ვერაფერს დავაძალებთ, ეს უნდა იყოს ორმხრივი სურვილი. ის დრო დასრულდა, როცა ძალით აფინანსებინებდნენ კლუბს. ამას შედეგი არც მოჰქონდა. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, "კოლხეთს" ფინანსურად დაეხმაროს და ეს მისასალმებელია.

კარგი იქნება, თუ გამოსავალი გამოინახება და მთავარ ლიგაში დავრჩებით, თუმცა ეს საკმაოდ პრობლემატურია. კლუბის ქომაგებს ვპირდები, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგები "კოლხეთს" - ფოთი კარგ გუნდს იმსახურებს.

- ქალბატონო ეკა, როგორც ვიცით, ლაპარაკია ფოთში სპორტკომპლექსის მოწყობაზეც...
- დიახ, ვაპირებთ, სპორტკომპლექსი გვქონდეს ქალაქში, თუმცა ის ადგილი, სადაც საძირკველი ჩაყრილია, სპორტისთვის არ არის სტრატეგიული. ამიტომ, ვფიქრობთ, იქ გაკეთდეს ქალაქისთვის რაიმე სხვა ობიექტი, ხოლო სპორტკომპლექსისთვის აქვე, სტადიონთან ახლოს გამოინახება ადგილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0 - საიუბილეო მილოცვას "კოლხეთი" და ბესელია სფფ-ისგან ელიან
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაქ მნიშვნელობააა არაფერს გავარდა და უნდა გავარდნილად ჩაითვალოს რა წესია
lasha
16:40 20-05-2013
0
ნეტა ასე ვინმემ ბათუმსაც ეპატრონოს რა იქნება.
nanuli
07:13 21-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული