ფაქტია, რომ წლების წინ დაგროვილ პრობლემებზე კლუბების მეპატრონეები ღიად ვერ ლაპარაკობდნენ, ან მათი სატკივარი შეუსმენელი რჩებოდა და ბიზნესი და სახელმწიფო ფეხბურთს ინერციით ინახავდნენ.
მაგრამ ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, პრობლემებმა თავი ვეღარ დამალა და ყველაფერმა ზედაპირზე ამოხეთქა - გორის "დილას", "ზესტაფონისა" და "იბერია სტარის" მაგალითები
ამ საკითხებს გაცილებით საფუძვლიანი მიხედვა სჭირდება და არა ზედაპირული და ზერელე, როგორც აქამდე ხდებოდა.
გულშემატკივრებს ამ პრობლემებზე ხელისუფლებისა და ფედერაციის წარმომადგენლებთან დალაპარაკება სურდათ. შევიტყვეთ, რომ ორიოდე დღის წინ, "ქართული სპორტის ქომაგთა" ინიციატივით, მათ ლიდერებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრები გაანდო.
ქომაგები მიიჩნევენ, რომ გაჭირვების ჟამს ქართული კლუბების გვერდში დგომა და ვითარების გამოსწორებაში წვლილის შეტანა მათი უშუალო მოვალეობაა. მინისტრის თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების კანონპროექტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
საუბარია არა მხოლოდ უმაღლესი და პირველ ლიგის გუნდების დაფინანსებაზე, არამედ ბავშვთა სკოლების სისტემური პრობლემების მოგვარებაზეც.
სამუშაო ჯგუფი ცდილობს კანონპროექტში იმ პუნქტების შეტანას, რომლებიც ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველ გარემოს შეუქმნის.
გულშემატკივრები დაინტერესდნენ, რა ბედი ელით ევროტურნირებში მონაწილე გუნდებს. საუბარი შეეხო გორის "დილას" და ფუტსალის გუნდ "იბერია სტარს". მინისტრის თქმით, "დილას" პრობლემები უკვე მოგვარებულია და ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ გუნდი სრულ მზადყოფნაში იქნება.
რაც შეეხება "იბერია სტარს", ყიფიანი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და პრობლემების გადაწყვეტაში პირადად დაეხმარება.
საინტერესო გამოდგა სახელმწიფოს მიერ ფეხბურთზე გამოყოფილი სახსრების გადანაწილების თემაც. ცნობილია, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონი ლარით აფინანსებდა, რაც ნაკრებებს, მათი შეკრებების ორგანიზებას, ფედერაციასა და მსაჯთა კორპუსს ხმარდებოდა.
გარდა ამისა, დაახლოებით 3 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯებოდა, პლუს სახელმწიფო კლუბებსაც ეხმარებოდა: გორის "დილას" 9 მილიონი ლარს თუ ურიცხავდა, ფოთის "კოლხეთს" წლეულს მხოლოდ 300 ათასი ერგო, "ბათუმს" - 1.6 მლნ-ს, "სიონს" - 1.3 მლნ-ს, "ზუგდიდს" კი - 0.7 მლნ-ს.
ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება ყიფიანის გამხელილი ამბავი: მისი თქმით, ამ თანხების გარდა, წინა ხელისუფლების პერიოდში კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი გაიფლანგა.
"არის ჩანაფიქრი, რომ უახლოეს 5 წელიწადში ფეხბურთის განვითარებაზე დაახლოებით 100 მილიონი დაიხარჯოს.
ეს სავსებით რეალური იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრე სახელმწიფო სახსრები არაეფექტურად და გაუგებარი მიზნებისთვის იხარჯებოდა.
მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ხარჯების გარდა, დამატებით კიდევ 12 მილიონი გამოიყოფოდა, მაგრამ დღემდე უცნობია, რას ხმარდებოდა.
ფაქტია, რომ ეს თანხა კლუბებს, ფედერაციასა და მსაჯებს არ ერიცხებოდათ.
მალე მთავრობის სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ სახელმწიფოს სახსრები გაერთიანდეს, რაც მისი ეფექტურად გამოყენების წინაპირობა გახდება.
რას მოხმარდება, ამ საკითხზე ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ნახევარი ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება, ნაწილით კი უმაღლესი და პირველი ლიგებისა და ეროვნული თასის საპრიზო ფონდები გაიზრდება და ბავშვთა ფეხბურთსაც მოხმარდება", - განაცხადა ყიფიანმა.
აქვე ჩემპიონატის თემას საკუთარი ინფორმაციით შევავსებთ: ადრე ვწერდით, რომ უმაღლესი ლიგის 18 გუნდამდე გაფართოების გეგმა არსებობს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია და ლიგის გაფართოების მეორე პროექტიც განიხილება, რომლის მიხედვითაც, უმაღლესში 16 გუნდი ითამაშებს და სახელმწიფო მათ 1,5-2 მილიონი ლარით დააფინანსებს, პირველში კი - 18 გუნდი და მათ ბიუჯეტიდან 300-დან 700 ათასამდე ლარს გამოუყოფენ.
ყიფიანი ამ პროექტზე თავს იკავებს, რადგან სურს, საბჭოური მოდელიდან უფრო თანამედროვე და კომერციულ პროექტზე გადავერთოთ, თორემ სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება ჩინოვნიკებს შობს და არა თანამედროვე ფეხბურთისთვის საჭირო მენეჯერებს.
და თუ დღესაც ძველი გზით ვივლით, ახალ ტენდენციებს კიდევ დიდხანს ჩამოვრჩებით.
ყიფიანმა ჩაწყობილ თამაშებზეც ილაპარაკა. გულშემატკივართა თქმით, მინისტრს ამასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია ჰქონდა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სერიოზული პროცესების მომსწრენი გავხდებით.
ყიფიანი აპირებს, რომ თანამშრომლობისთვის უეფას მიმართოს. მან არ დამალა, რომ უახლოეს პერიოდში გარიგებულ მატჩებზე საზოგადოება ბევრ სკანდალურ ფაქტს შეიტყობს.
ცნობილია, რომ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სთხოვს, რომ ჩამოაყალიბონ საფეხბურთო პოლიცია და მიიღონ კანონი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. პლატინი ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს უპირისპირდება, რომლებიც მატჩების შედეგების მანიპულირებით უზარმაზარ თანხებს შოულობენ.
ცნობილია, რომ უეფასა და ინტერპოლის 2010 წლის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ გარიგებებით მხოლოდ აზიის (ჩინეთი, მალაიზია, ინდონეზია) ბაზარზე 80 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. პლატინი დარწმუნებულია, რომ კანონი გარიგებული მატჩების შესახებ კრიმინალთან საბრძოლველად ეფექტურად იმუშავებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შევავსოთ დეკლარაციები? - როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს სახსრები
დინამო-ზესტაფონი არ ჩაიშლება - ლევან ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
ზვიად სიჭინავა: დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის
თვალსაზრისი: გუნდების შემცირებაზე ვიფიქროთ!