საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?

AutoSharing Option
NO JUSTICE, NO PEACE - ამბობენ, რომ ეს ფრაზა პირველად მარტინ ლუთერ კინგმა თქვა 1967 წელს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე. იმასაც ამბობენ, რომ ლუთერ კინგს ზუსტად ასე არ უთქვამს, უბრალოდ, ასე შემორჩა ისტორიას მისი ნათქვამიო.

"არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა", - ლუთერის სიტყვები ქართულ პოლიტიკურ ბრძოლებშიც გამოიყენებოდა. სამართლიანობა და მშვიდობა თითქოს მარადიული თემაა კაცობრიობისთვის.

ჩვენი საფეხბურთო სამყარო კი ისეთია, რომ ახალი ამბავი ჯერ კულუარებში ჩნდება და მერე მას ფორმალურად უბოძებენ ხოლმე ოფიციალურ სახეს.

სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს დაეხმარება - ამის გარანტია
ოფიციალურად მივიღეთ, ხოლო ის, რომ მუნიციპალურ კლუბებს თანხა გადაეცემათ და კერძო კლუბებს მხოლოდ საგადასახადო შეღავათი შეხვდებათ, ჯერჯერობით ოდენ გაგონილ-გამოჟონილი ამბავია.

ამ გაგონილმა, გამოჟონილმა თუ გამოგონილმა ამბავმა კი კერძო კლუბების მფლობელები კარგ ხასიათზე ვერ დააყენა. ასეთ დროს სასტარტო პირობები სხვანაირია და შესაბამისად, სამართლიანობა აღარ გამოდის.

და რას ნიშნავს სახელმწიფო ფულის სამართლიანად გადანაწილება? რატომ უნდა შეხვდეს ყველას ერთი და იგივე თანხა?

სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს გერი კლუბი, სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს "ჯილა" კლუბი - ასეთები ადრე ხდებოდა და იმედია, აღარ მოხდება. ფულის გადანაწილების სხვა პრინციპია საჭირო, ეს პრინციპი კი ჯერ არ ვიცით. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სახელმწიფო ფულს გამოვა საკლუბო ფეხბურთისთვის.

კულუარული ინფორმაციები თითქმის ყოველთვის მართლდება - ასეთი ზნე გვჭირს და თუ ამჯერადაც ყველაფერი ერთი-ერთზე დაჯდება, NO JUSTICE, NO PEACE ურიგო სლოგანი როდი იქნება.

დღეს კერძო კლუბები უმცირესობაში არიან და ეს არ არის კარგი ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების დონე ჩვენთან დაბალია და საფეხბურთო ბიზნესი თითქმის არ არსებობს.

უმაღლეს ლიგაში არის არაერთი ისეთი კერძო თუ მუნიციპალური კლუბი, წინა ხელისუფლების პროექტს რომ წარმოადგენს. ეს იყო შერჩევითი დახმარება საფეხბურთო კლუბებისთვის. ზოგს ბევრი მილიონი პირდაპირ მისცეს; ზოგსაც ქარხანა გადასცეს იმ პირობით, რომ კლუბი მაღალ დონეზე შეენახა; ზოგსაც პირდაპირ დაავალეს გუნდის ყოლა - ასე შეიქმნა რამდენიმე წელგამართული საფეხბურთო კლუბი ყოფილი ხელისუფლების პირობებში.

უფრო ადრე ცოტა სხვანაირად იყო. სარბიელზე გამოჩნდნენ ისეთი შეძლებული კლუბებიც, რომლებიც დაფინანსებას რუსეთიდან იღებდნენ იქ მოსაქმე ქართველი ბიზნესმენების შემწეობით - ეს არხი ახლა გადაკეტილია.

აღარ არსებობენ უწყებრივი კლუბებიც.

მუნიციპალურების გარდა, უმაღლეს ლიგას ხუთი კერძო კლუბი შემორჩა და მათ კონსოლიდაცია რომც მოახერხონ, უმცირესობაში დარჩებიან. ამით სარგებლობა კი ვერ იქნება კარგი საქციელი.

რეჩხი მაშინ გაჩნდა, მუნიციპალური და კერძო კლუბები ცალ-ცალკე რომ შეიკრიბნენ და ასეთი განშტოებებით ისმენდა ფეხბურთის ფედერაცია კლუბების პრობლემებს.

კერძო კლუბები საგადასახადო შეღავათებს თუ მიიღებენ, ესეც დიდი საქმე იქნება და ესეც აქტივში ჩაეთვლება ხელისუფლებას, მაგრამ იქნება კი სამართლიანობა და მშვიდობა?

საგადასახადო შეღავათი რაღაც ვერ ჯდება სასტარტო მოცემულობაში. როცა სხვა კლუბებს ფულს აძლევ, ხოლო დანარჩენებს ეუბნები, ფული შენით მიიტანე გუნდში და შეღავათი მერე ჩემზე იყოსო, თანაბარი პირობა ვერ გამოდის. ყველაზე ძვირფასი პროდუქტი ფულია და ეს კარგად ესმით კერძო კლუბების მესვეურებს.

NO JUSTICE, NO PEACE - აქედან ერთი წლის შემდეგ ლუთერ კინგი მოკლეს. ცხადია, აქ რაიმე პარალელი უადგილოა, თუმცა სამართლიანობის დარღვევას კარგი რეციდივები არ მოაქვს.

ქართულ საკლუბო ფეხბურთს ორი ფუნდამენტალისტი შემორჩა - გურამ რუხაძე და ილია კოკაია. ეს ისეთი უმცირესობაა, მარტივი არითმეტიკით რომ არ უნდა დაითვალოს...

ხელის წაკვრა ყველა ქანქარა მექანიზმს სჭირდება და ვფიქრობ, ეს მაინც არ უნდა იყოს სადავო - ფეხბურთის განვითარებისთვის კერძო სექტორის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ისიანი: ეს პროექტი თუ დამტკიცდა, ქართულ ფეხბურთს მისალოცად ექნება საქმე
ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს საკითხი ყოველთვის პრობლემა იქნება სანამ ნორმალური ფედერაციის პრეზიდენტი არ გვეყოლება როდემდე უნდა ვიყოთ ესე ამდენი წელია არაფერს არ აკეთებს ეს კაცი და წავიდეს მოშორდეს ახალკაცი 2
0
კერძო კლუბზე სახელმწიფოს მიერ თანხის გამოყოფა ანმდვილად არ ჯდება არაფერში. საგადასახადო შეღავათები კი, თუ სახელმწიფო 1,5 მილიონს გამოუყოფს უმაღლესი ლიგის კლუბებს ნორმალური იქნება და ეს თანხა თუ კერძოს შეაშინებს ვერ ყოფილა საქმე კარგად. აქ არ იგულისხმება გორის დილას დაფინანსება შსს-ს მიერ 9,5 მილიონით.
კერძო კლუბების მეპატრონეებს რაც შეეხება, არა მგონია ფიფიას ხუთგუნდიანი ჩემპიონატი უნდოდეს, მითუმეტეს 1,5 მილიონს მხოლოდ ასაკობრივებს ახარჯავს ლამის, გურამ რუხაძე ისედაც მწირი ფინანსებით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მუშაობს, აქ მოთამაშეების გაზრდაც იგულისხმება, ამ ბოლოს ვიტიდან ნაკლებად მოდიან სანაკრებოები, თუმცა კარგი გუნდი ჰყავთ ჭაბუკთა ლიგაზე, ვისოლის სიტუაცია მართლაც ძალით მიყვანილს გავს, ახლაც შეცვალეს სტრატეგია და ესეც მაგათი საქმეა, საგადასახადო შეღავათებზე უარს არ იტყვიან და პროექტიც ნორმალური აქვთ მაგ მხრივ გაჟღერებული, ფრიდონ ინჯიაზე და მერანზე რა უნდა ვთქვათ, ჯობია სახელმწიფოს გადასცეს ალბათ, 600-700 ხარჯავს და )))) ილია კოკაიას რაც შეეხება, აქ ფეროშენადნობთა ქარხნის ჩართულობა და მონაწილეობაა საჭირო, ისედაც ვალდებულია ქალაქის ინტერესები გაითვალისწინონ აქციონერებმა, თვითონ კოკაიაც თავისდაუნებურად პრივილიგირებულ მდგომარეობაში იყო ადრე, ფაქტიურად ერთადერთი კერძო კლუბი იყო, ახალკაცის კეთილგანწყობა და ლამის ყველა ასაკობრივის ბიჭების ზესტაფონში გადაყვანამ შედეგი გამოიღო, თუმცა შემდეგში მისმა ცოტა ხისტმა მეთოდებმა მოთამაშეების მიმართ და სხვა კონკურენტების გამოჩენამ იმოქმედა და სხვა რეალობის წინაშე დააყენა.
ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზეა გადასაწყვეტი ინვესტორებისთვის შეღავათების საკითხი, ინფრასტრუქტურაზე ზედმეტია საუბარი, სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა ფლობდნენ კლუბებს(შსს, თავდაცვა და ა.შ.), პრინციპში დილამ(შსს-მ) გამოიწვია ეს მთელი ალიაქოთი, მიკერძოება, გაბუტვები, უკმაყოფილება და სხვა. :)

ქომაგი
17:49 31-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული