გია ისიანი: ეს პროექტი თუ დამტკიცდა, ქართულ ფეხბურთს მისალოცად ექნება საქმე

AutoSharing Option
სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა ახლახან უთხრა "ლელოს" - იმ პროექტის ჩონჩხი უკვე არსებობს, რითაც სახელმწიფო საფეხბურთო კლუბებს დაეხმარება, დეტალებს კი მალე გაგაგებინებთო.

პროექტი ჯერ არ გამხდარა საჯარო, თუმცა მუნიციპალური კლუბები უკვე კმაყოფილებას გამოხატავენ. გაჟღერდა ის თანხები, რასაც წლიურად მიიღებენ ასეთი გუნდები - კულუარული ინფორმაციით, ზოგს 1,5 მილიონი ლარი შეხვდება, ზოგსაც - ორი მილიონი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვა დავუსვით გორის "დილას" მენეჯერს გია ისიანს, ვინც ერთობ აქტიურობდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კლუბების მხარდაჭერას კონცეპტუალური, სისტემური სახე მიეღო და ამასთან დაკავშირებით საკუთარი
პროექტიც წარმოადგინა.

- ცხადია, საქმის კურსში იქნებით იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტის სამინისტრომ თითქმის დაასრულა მუშაობა საკლუბო ფეხბურთის განვითარების პროექტზე...
- თუ ეს პროექტი დამტკიცდება, მთლიანად ქართულ ფეხბურთს მისალოცად ექნება საქმე. ასეთი დახმარებით გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები სამშობლოში დაბრუნდნენ, ეროვნული ჩემპიონატი უკეთესი გახდეს და აღარ გვქონდეს საქმე ექვსთვიან თუ ერთწლიან გუნდებთან.

ასეთი პროექტის პირობებში ხომ ყველაფერი მკაცრად და ზუსტად იქნება გაწერილი; დასაქმდება ხალხი; კლუბების დუბლების, ჭაბუკებისა და ბავშვთა გუნდები უპრობლემოდ იფუნქციონირებენ.

- იქნებ თქვენ გვითხრათ დეტალური ინფორმაცია ამ პროექტზე...
- უბრალოდ, იმას ვეხმაურები, რაც პრესაში დაიწერა. დეტალები ჩემთვისაც უცნობია.

- მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სახელმწიფოს მიერ საკლუბო ფეხბურთისთვის გამოყოფილი ფული მხოლოდ მუნიციპალურ გუნდებზე გადანაწილდება, კერძო კლუბებს კი აქედან არაფერი შეხვდებათ...
- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ისე კი, თქმა რად უნდა, რომ კერძო კლუბების ინტერესებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ალბათ, გახსოვთ, ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ რომ წარმოადგინა პროექტი, რომლის წამოწევა ნამდვილად შეიძლება. რასაც კერძო კლუბი წლიურად ხარჯავს, აქედან დაბეგრილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ კლუბს დაუბრუნდეს და მიზნობრივად მოხმარდეს - ასეთ შემთხვევაში, კერძო კლუბი შეღავათს მიიღებს და თან აღარ იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ მე, კერძო სტრუქტურა ვიხდი გადასახადს და ბიუჯეტში შეტანილი ფულით ჩემი კონკურენტი გუნდები ფინანსდებიან.

მივესალმები იმას, თუ სპორტის კანონში შევა ცვლილებები კერძო კლუბების მხარდასაჭერად.

- ყველაფერი გასაგებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ისე გამოდის, რომ სახელმწიფო მუნიციპალურ კლუბებს ფულს მისცემს, კერძო კლუბებს კი მხოლოდ საგადასახადო შეღავათს - თუ მართლაც ასე მოხდა ყველაფერი, როგორ ფიქრობთ, კერძო და მუნიციპალური კლუბების სასტარტო პირობები ერთნაირი იქნება?
- ფულის ხარჯვისას კერძო კლუბს აქვს რისკი, თუმცა ასეთ კლუბს თვითონ შეუძლია იმის გადაწყვეტა, რა მიზნისთვის რამდენი დახარჯოს. მუნიციპალურმა კლუბმა რომ გაყიდოს ფეხბურთელი, ტრანსფერიდან შემოსული თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში წავა, ანუ ამ თანხას ისე ვერ დახარჯავს, როგორც თვითონ უნდა.

მაგალითად, როცა მუნიციპალურ კლუბს ეკიპირების შეძენა უწევს, ხუთი ათას ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევაში, კანონის თანახმად, ტენდერი უნდა გამოცხადდეს; კერძო კლუბი კი ასეთ საკითხს თვითონ მოაგვარებს. თუ მუნიციპალური კლუბი სპონსორს მოძებნის, ამ დროსაც თანხა ჯერ სახელმწიფოს ბიუჯეტში მოხვდება და მერე კლუბმა უნდა დაასაბუთოს, რაში დახარჯავს ამ ფულს.

- თქვენი არგუმენტები ერთია, თუმცა ამ საკითხზე კამათი მაინც შეიძლება...
- როგორც უნდა იყოს, სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის აქტივობას მივესალმებით, საქმე ხომ იქითკენ მიდის, რომ სახელმწიფო საფეხბურთო კლუბებს გვერდში დაუდგება.

ერთხელაც აღვნიშნავ, რომ კერძო კლუბებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა სახელმწიფოსგან.

- და ვინ იქნება გორის "დილას" ახალი მწვრთნელი?
- ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ყველაფერი მალე გადაწყდება.

სახეზე გატყობთ კმაყოფილებას.... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ
საქმეს კარგი პირი უჩანს - 15-20 მილიონი უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის
გია ისიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?
მკითხველის კომენტარები / 5 /
პროექტი არის მისაღები მაშინ თუ ეს ჩვენენთვის ცნობილია, ისე არ გამოვიდეს ფულიში ყველა ჩაერიოს სამინსტრო თუ დეპარტამენტი თუ სპორტის კომიტეტი და რა ვიცი კიდევ ვინ ასე რომ ფრთხილად, სახელმწიფო ფულს უბრალოდ არ გადაიხდის
გუბაზი
07:48 31-05-2013
0
განა ახლი არ არის ის რომ საქართველოში ხალხმა როგორც იქნა პროექტებით და პროგრამებით დაწყო საუბარი? სად იყვნენ აქამდე ეძინათ? მაგარი პროექტია ისიანის და აყვა კიდეც ხალხი და პრესა და კლუბებიც, ასე არ ჯობია?
რამაზი 51 წლის, გორი
21:53 30-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული