არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"

AutoSharing Option
გორის "დილას" გიორგი დევდარიანი გაწვრთნის - მოარული ხმები გამართლდა და ყველაფერი უკვე ოფიციალურად გაცხადდა.

დევდარიანმა უმაღლესი ლიგის გუნდი პირველად 2002 წელს ჩაიბარა. "თბილისი" მაშინ მზარდი კლუბი იყო, "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლაც ამ კლუბის სისტემაში შედიოდა და არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გახლდათ იქ თავმოყრილი. ფინანსური სახსარიც არ დაეწუნებოდა, ოღონდაც მწვრთნელის ძიებაში იყო, რამდენიმე სპეციალისტი გამოიცვალა და მერე გამოუცდელ დევდარიანსაც მისცა შანსი - გიორგიმ ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენა და რამდენიმე თვეში მოახერხა სიმპათიური გუნდის ჩამოყალიბება.

გოჩა ხოჯავა, გოგიტა გოგუა, დავით ოდიკაძე, გიორგი ჭელიძე, გოგი
ფიფია, თორნიკე აფციაური
- "თბილისი" ბურთს ისე მოხდენილად აგორებდა, რომ ამ საქმეში, ალბათ, ყველას ჯაბნიდა ეროვნულ ჩემპიონატში.

მერე ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, "თბილისი" დაიშალა, ფეხბურთელებიც აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. დევდარიანი დიდხანს არ დარჩენილა უქმად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მას შემდეგ მივიდა, რაც ჩვენთან კლაუს ტოპმიოლერის და მისი გერმანელი თანამწვრთნელების პოზიციები დასუსტდა.

დევდარიანმა ჭაბუკებშიც წარმატებით იმუშავა. მისი გაწვრთნილი ნაკრებიდან გავიცანით გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, დავით სხირტლაძე, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი... 1993 წელს დაბადებულთა თაობა, რომელიც დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ბირთვს წარმოადგენს.

დევდარიანმა საინტერესო მწვრთნელის სახელი დაიგდო, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო მის კარიერაში. "დინამო თბილისში" მომხდარი რეორგანიზაციის შემდეგ ის "დინამო 2"-ის მწვრთნელად მუშაობდა. 2001/12 წლების სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადება დინამოელებს დაწყებული ჰქონდათ, ესპანელ ალექს გარსიას გუნდი რომ დაატოვებინეს, მის ნაცვლად კი დევდარიანი დააწინაურეს.

ამხელა ტვირთი მძიმე გამოდგა. "დინამოში" მუშაობას თავისი სპეციფიკა, თავისი სირთულე აქვს, ამ ყველაფერს კი დიდი გამოცდილება სჭირდება, რაც დევდარიანს არ ჰქონდა და "დინამოს" პირველ გუნდში ის დიდხანს არ გაჩერებულა - სეზონი გუნდს რამაზ მუმლაძემ ჩაამთავრებინა.

დევდარიანს არ უყვარს დაცვითი ფეხბურთი, უყვარს წინ პასი, ბურთის გაგორება, შეტევაში მინიმუმ ხუთი-ექვსი ფეხბურთელით გადასვლა - დაახლოებით ეს არის მისი სტილი.

უკვე შემდგარ, ფეხბურთის თამაშით ფულნაშოვნ მოთამაშეებთან ურთიერთობა სულ სხვა არის, ვიდრე ახალგაზრდების გამოზრდა და სწორ გზაზე დაყენება - ალბათ, ამ ფაქტორის გამო ვერ გამოდგა დევდარიანის მუშაობა ეფექტური "დინამო თბილისში", თუმცა ამით სასარგებლო გამოცდილებას რომ მიიღებდა, საკამათო არ უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, დევდარიანი 40 წლის კი არის, თუმცა "დილაში" მხოლოდ ახალგაზრდული ჟინითა და ენერგიით არ მისულა.

როგორც ჩანს, "დილამ" საბოლოოდ დააღწია თავი გაურკვევლობას და ევროპალიგაზე თამაშისთვის მზადებასაც მალე შეუდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
გიორგი დევდარიანი: 17-წლამდელთა ეს თაობა წინაზე ნაკლები არ არის
გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?
გიორგი დევდარიანი: ჩისკოს გარდა, "დინამოს" არცერთი ესპანელი შეეფერება
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად ფუტავენ საბურტალოს მწრტვნელებს
ggggg
14:49 04-06-2013
0
როგორც არ უნდა შეფუთოთ დევდარიანი, ევრო თასების წინ მწვრთნელის გამოცვლა უპასუხისმგებლობაა!!!
მოურინიოსაც გაუჭირდება 2-3 კვირაში გუნდთან საერთო ენის გამონახვა.
Unknown
12:14 04-06-2013
0

სიახლეები პოპულარული