გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გიორგი დევდარიანი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ეს სპეციალისტი ადრეც თავკაცობდა ამ ნაკრებს - გიორგი ჭანტურია, დავით სხირტლაძე, გიორგი პარუნაშვილი... მაშინ 1993 წელს დაბადებული ფეხბურთელები იყვნენ მის განკარგულებაში.

დევდარიანი ბოლო დროს ჯერ "დინამო თბილისის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელი იყო, შემდეგ "დინამოს" პირველ გუნდს ჩაუდგა სათავეში, თუმცა "დინამოდან" წინა სეზონის დასრულებამდე წამოვიდა.

დევდარიანს უკვე გამოცდილი მწვრთნელი ეთქმის, ახალგაზრდებთან მუშაობის გარდა, ზრდასრულ ფეხბურთელებთანაც მოუწია საქმის დაჭერა. მას თავისი მკვეთრი ხელწერა აქვს და საინტერესოა, რა წარმატებები ექნება ამჯერად -
ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მე-13 ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. ჩვენი ჭაბუკების მეტოქეები შოტლანდია, უკრაინა და ლუქსემბურგი იქნებიან.

დევდარიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა საკმაოდ ბევრს მიაღწია და გულშემატკივარიც, ალბათ, ნაკლებ შედეგს არ ელის ამ ნაკრების მომდევნო თაობისგან. ახალი დანიშნული კი ხართ, თუმცა გუნდის ბირთვს უკვე იცნობთ და როგორ ფიქრობთ, არის იმის შანსი, რომ ფინალურ ეტაპზე მოხვდეთ?
- რა თქმა უნდა, მიზანი ეს იქნება, თუმცა ამის მიღწევა ადვილი ნამდვილად არ არის. სათქმელად იოლია, გასაკეთებლად კი საკმაოდ ძნელი.

როგორც უნდა იყოს, პირველი ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. მატჩები თბილისში გაიმართება და ეს ფაქტორიც უნდა გამოვიყენოთ.

- მეტწილად რომელი კლუბებიდან არიან წარმოდგენილნი ფეხბურთელები ამ ასაკობრივ ნაკრებში?
- "საბურთალო", 35-ე სკოლა, "ბაია", "ოლიმპი"... რა თქმა უნდა, სელექცია გაგრძელდება. გუნდში მეტწილად 1996 წელს დაბადებულები არიან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 1997 წელს დაბადებული რამდენიმე ფეხბურთელიც ავიყვანოთ.

- როცა პირველად ჩაიბარეთ 17-წლამდელთა ნაკრები, არაერთი გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელი გყავდათ; თუნდაც გიორგი ჭანტურია რად ღირს, რომელიც მერე არნემის "ვიტესში" აღმოჩნდა. თუ ხედავთ ასეთივე ნიჭიერ ფეხბურთელებს 1996-97 წლებში დაბადებულთა შორის?
- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელები ამ ნაკრებში არ არიან. კონკრეტული გვარების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

- თქვენ ხელთ არსებულ კონტინგენტს ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებთან როგორ შეადარებდით?
- დარწმუნებული ვარ, 1996-97 წლებში დაბადებულებში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება, ხოლო რომელი თაობა უფრო ნიჭიერია, ამას დრო გვიჩვენებს.

- 1996-97 წლებში დაბადებულთა ნაკრებს ახლახან ბაქოში გამართულ ტურნირზე ახლდით. რა ხარვეზები შენიშნეთ?
- პირველი 30 წუთის შემდეგ ფეხბურთელებს დაღლა ეტყობოდათ. ეს პრობლემა მართლაც არსებობს, ფიზიკური მომზადება მისახედია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც სერიოზულად უნდა ვიმუშავოთ.

- იმ კლუბების იმედზე ხართ, სადაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ?
- არამხოლოდ, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი და ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება - სამი შეკრება უნდა გავიაროთ და ორ ტურნირში უნდა ვითამაშოთ - ასეთი გეგმით მოვემზადებით ოქტომბრის მატჩებისთვის.

- ნაკრებშიც გიმუშავიათ და კლუბებშიც. ორი სხვადასხვა სპეციფიკაა და ყველაზე უფრო რა განასხვავებს მათ?
- სამწუხაროდ, ქართულ კლუბში მოთამაშე ნიჭიერი ფეხბურთელის დიდი ხნით დაკავება ძნელია. ყველა გამორჩეულს უკეთეს ჩემპიონატში სურს თამაში, რის გამოც ნიჭიერი ფეხბურთელების თავმოყრა და შენარჩუნება რთულია. ნაკრებში კი ეს შესაძლებელია.

- ხელახლა გახდით 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, თუმცა სასტარტო პოზიცია, ალბათ, განსხვავებულია...
- მასეა, 1993 წელს დაბადებულთა გუნდში მუშაობა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ორი წლით ადრე დავიწყე. შედეგიც სახეზეა - ბევრი მათგანი უკვე ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია. არადა, ამ 21-წლამდელთა ნაკრებში, წესითა და რიგით, უფრო 1991-92 წლებში დაბადებულები უნდა თამაშობდნენ. ეს არის განსხვავება, თორემ 1996-97 წლებში დაბადებულებშიც ძალიან ბევრია საინტერესო მოთამაშე.

- სამწვრთნელო შტაბი უკვე დაკომპლექტებულია?
- დიახ, ჩემი თანაშემწეები ისევ გიორგი მიქაძე და ივანე ლუცენკო იქნებიან.

- ერთი აქტუალური კითხვაც, რომელსაც ხშირად სვამენ და რომელზეც ხშირად კამათობენ - არის თუ არა მზად გიორგი ჭანტურია ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- თუ ჰოლანდიის ჩემპიონატზე დაბალი დონის ლიგიდან ხვდება ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ალბათ, დასაფიქრებელია, რატომ არ შეიძლება, რომ "ვიტესის" თავდამსხმელსაც ჰქონდეს ამის შანსი.

უბრალოდ, საკუთარი აზრი გამოვთქვი, თორემ რა თქმა უნდა, ყველაფერი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- ევროპის ჩემპიონატზეც გკითხავთ. ჯგუფური ეტაპი სრულდება და, ალბათ, უკვე კარგად ჩანს ტენდენციები და ვინ რისი მაქნისია...
- ძალიან მომეწონა ესპანეთი და გერმანია, სასიამოვნოდ გამაკვირვა საფრანგეთმა. სერიოზული მატჩი იყო ესპანეთი-იტალია და ვფიქრობ, იტალიას შეუძლია, თამაშიდან თამაშამდე რომ მოუმატოს. ამ გუნდისგან სიურპრიზები არ უნდა გაგვიკვირდეს.

რაც შეეხება ტენდენციებს, რა გამართული ტაქტიკითაც უნდა ითამაშოს გუნდმა, საბოლოოდ ყველაფერს მაინც შემსრულებლები წყვეტენ...

მზადება ოქტომბრისთვის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" - ანტირეკორდების სეზონი და დახარჯული მილიონები

გიორგი დევდარიანი: ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე

გიორგი დევდარიანი: ჩისკოს გარდა, "დინამოს" არცერთი ესპანელი შეეფერება
მკითხველის კომენტარები / 6 /
@Burton კი გამოიძახებენ რაზეა საუბარი, მაგრამ როდის? შესარჩევი ციკლი კარს მოგვადგა, ამხანაგურებში არ იძახებს. მერე იტყვის საქმეში ნანახი არ მყავდა და ეგრევე ოპიციალურში როგორ ვათამაშოო...არადა მაგრად გვჭირდება, ძალიან გაამწვავებს შეტევებს
dato
19:55 19-06-2012
0
dato-- სარგებლის მოტანაზე არაა საქმე, საქმე ფსიქოლოგიაშია. გამოიძახებენ, არავინ დატოვებს ისე! უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს! მალე მოვა გიოს დროც, არავინ დაჩაგრავს!
Burton
17:35 19-06-2012
0

სიახლეები პოპულარული