ზვიად სიჭინავა:
- უპირველესად, ეროვნული ჩემპიონატის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. დღეს ბოლო დღე იყო იმისთვის, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს ჩემპიონატში მონაწილეობის მზადყოფნაზე ჩვენთვის წერილი გამოეგზავნათ.
წერილი 11 კლუბისგან მივიღეთ. ერთადერთი უმაღლესლიგური კლუბი, რომელიც ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხს ვერ გვაძლევს, "ზესტაფონია".
უახლოეს დღეებში ამ კლუბისგან საბოლოო პასუხს მივიღებთ, მანამდე კი, იმედი გვაქვს, მისი დაფინანსების საკითხი
ასე რომ, სრული აბსურდია ბოიკოტისა თუ საბოტაჟის თემა, რომელიც ბოლო დღეებში ჟღერდა.
აბსურდია ასევე 16 ან 18-გუნდიანი უმაღლესი ლიგის პროექტი. უმაღლეს ლიგაში კვლავ 12 გუნდი იასპარეზებს და ჩემპიონატის სისტემაც უცვლელად დარჩება. ანუ, პირველი ეტაპის შემდეგ უმაღლესლიგელები კვლავ ორ ექვსეულად დაიყოფიან.
მომავალ კვირაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა შედგება, რასაც მალე ყრილობა მოჰყვება.
აღმასკომზე საბოლოოდ დამტკიცდება უმაღლესი ლიგის მონაწილე კლუბები, კალენდარი და რეგლამენტი. ჩემპიონატი 4 ან 10 აგვისტოს დაიწყება.
პირველი ლიგა კვლავ ორ ჯგუფად გაიმართება, რადგან მსურველი გუნდების რაოდენობა იმხელაა, ერთიანი გათამაშების ჩატარება ვერ ხერხდება.
არადა, 18-20-გუნდიანი გაერთიანებული ლიგა ყველაფერს აჯობებდა. პირველ ლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვეს "ბორჯომმა", "საბურთალომ" და "დილა-2"-მა.
ახალი სეზონიდან გამკაცრდება ლიცენზირების პირობები. თუ რომელიმე კლუბის საშინაო სტადიონი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ამ კლუბს ოფიციალური მატჩებისთვის სხვა არენის დაქირავება მოუწევს.
რაც შეეხება ფუტსალის თემას და რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციას. გეტყვით, რომ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფუტსალისთვის დახარჯა 811 ათას ლარზე მეტი.
ეს მოხმარდა ეროვნულ ნაკრებს, ჩემპიონატის ჩატარებას და სხვა ხარჯებს.
რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ვინმეს ვაშინებდი, იმ დროისთვის ამისთვის ნამდვილად არ მეცალა, ვიჯექი და წინა ფედერაციის დანატოვარ ვალებს ვითვლიდი.
ლაპარაკობენ სტატუს-ქვოს აღდგენაზე. ფედერაციის წინა პრეზიდენტმა თავისი მოღვაწეობა დაასრულა 2009 წელს.
იმავე წელს უნდა ჩატარებულიყო ახალი არჩევნები, მაგრამ არ ჩატარდა და ეს მხოლოდ 2010 წლისთვის მოხერხდა. და თუ კვიციანს ჩემს მიმართ პრეტენზია ჰქონდა, მაშინ უნდა გამოეთქვა, როცა აღმასკომის ამონაწერი მიჰქონდა.
კვიციანი ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანია და ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს. მათ ჯერ სანაკრებო და ჩემპიონატის ხარჯების დამადასტურებელი ჩეკები ვერ მოგვიტანეს და რაზე უნდა ველაპარაკო.
ვურჩევდი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე კომენტარები არ გააკეთოს და აქცენტი ფუტსალზე გადაიტანოს.
მე პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, სჯობს, სიმართლე თქვას და ფაქტებით ილაპარაკოს.
კახა დევდარიანს პიროვნულად არაფერს ვერჩი. როგორც კი ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოვედი, ფუტსალს მაშინვე გვერდში დავუდექი.
რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, იცით, რომ ჩატარდა ფინალური ეტაპის წილისყრა და გაირკვა ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა.
დავასრულეთ მოლაპარაკება ლატვიურ მხარესთან და საბოლოოდ გავარკვიეთ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებას სწორედ ლატვიაში გაივლის.
შეკრება 6-დან 17 ივლისამდე გასტანს. საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ კაუნასში ჩავა და ადაპტაციისთვის სამი დღე ექნება. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზ ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 20 ივლისს გამართავს.
დიდ მადლობას ვუხდი მერაბ ჟორდანიას, რომელმაც თავის ღია წერილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მსგავსი შეფასებები მისგან პირად საუბრებშიც არაერთხელ მომისმენია.
- გრძნობთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას?
- მე იმის თქმა შემიძლია, რომ არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე პარტიის პიარაქციებში. მეც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც სრულიად აპოლიტიკურები ვართ.
- ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ქართველი ფეხბურთელები დასაჯეს. ითქვა ისიც, რომ გამოძიება მიმდინარეობს ახალი შემთხვევების გამოსავლენად. ამ მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- სამწუხაროდ, ეს თემა კვლავ საუბრის დონეზეა და კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს. ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს გარიგებული მატჩების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ, მაგრამ ხელშესაღები შედეგი ვერ მივიღეთ.
ისიც ფაქტია, რომ ჩაწყობილი თამაშების შესახებ სეზონის დასკვნით ნაწილში უფრო საუბრობენ ხოლმე, რადგან იმ დროისთვის დაზუსტებით არის ცნობილი, ვის რა შედეგი სჭირდება.
* * *
თემურ ქეცბაიასა და ლევან ყენიას კონფლიქტის შესახებ კი კომენტარი რევაზ არველაძემ გააკეთა:
"რასაკვირველია, ირლანდიასა და დანიაში გამართული მატჩები ჩვენთვის ძალიან არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ირლანდიისგან განსხვავებით, დანიაში უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო.
რაც შეეხება ყენიას განცხადებებს, ზოგჯერ უთქმელობაა ცუდი, მაგრამ ყველაფრის თქმაც არ შეიძლება. მაგალითად, ყენია რომ ამბობს, ნაკრებმა ორი მატჩი ერთი თავდამსხმელით ჩაატარაო, არ არის სწორი, რადგან ქეცბაიამ გელაშვილი, დვალიშვილი და სირბილაძე ათამაშა.
სჯობს, ასეთი თემები შიდა სამზარეულოში იქნას განხილული. მე არ მიმაჩნია, რომ ეს დიდი კონფლიქტია. მგონია, რომ თუ ქეცბაია ყენიას ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელად მიიჩნევს, გამოიძახებს კიდეც".
რაც შეეხება ქეცბაიას კონტრაქტს, არველაძემ თქვა, რომ ამ თემაზე შესარჩევი ციკლის დასრულებისთანავე იმსჯელებენ.
"ჯგუფში ორი ურთულესი მეტოქე შეგვხვდა, ასე რომ, პირველი ადგილის ილუზია არ გვქონია. ამის მიუხედავად, წარმატებისთვის ძალა და რესურსი არ დაგვიშურებია", - განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ლორია: უმაღლესის გუნდი სხვა ქალაქში არ უნდა თამაშობდეს
სიტუაცია: ნეტავ, რამდენ გუნდს მოაგროვებენ?