ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს 40 000 დაუზოგა

AutoSharing Option
27 ივნისს თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXII ყრილობა გაიმართა. დღის წესრიგში ათი საკითხი იყო.

როგორც ყოველთვის, ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურეს, მხოლოდ პირველი თხუთმეტი წუთი დავესწარით ამ ღონისძიებას.
ყრილობისთვის თბილისში ჩამოვიდა უეფას აღმასკომის სლოვაკი წევრი ფრანტიშეკ ლაურინეცი.

ყრილობის დაწყებამდე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დარბაზში შეკრებილთ სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რამაზ შენგელიას ხსოვნისთვის.

35 დელეგატიდან ყრილობას 32 დაესწრო. დაიწყო თუ არა სამუშაო პროცესი, დელეგატებიდან ყველაზე უფრო მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია აქტიურობდა, რომელმაც იმაზეც დაიჩივლა, დელეგატებს მაგიდა რატომ
არ დაგვიდგით, მუხლებზე ხომ არ უნდა ვწეროთო.

საგანგებოდ ინჯიასთვის მაგიდა მალე მოიტანეს და იმის დროც დადგა, რომ ჟურნალისტებს დარბაზი დაგვეტოვებინა.

სასტუმროს წინ კი "ზესტაფონის" ასამდე ქომაგი შეიკრიბა. მოგეხსენებათ, კლუბი გაურკვევლობაშია, ჯერაც უცნობია, თუ ვინ და როგორ უპატრონებს "ზესტაფონს". ცხადია, გულშემატკივრები ამ ყველაფრით შეწუხებულები არიან. რუპორი და დროშები - გუნდის ქომაგებს არც ეს აკლდათ.

ყრილობის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენმდივანი რევაზ არველაძე და ფრანტიშეკ ლაურინეცი - მასმედიის წინაში ისინი დარჩნენ.

ყრილობაზე გადაწყდა, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს აღარ მოუწევთ სამონაწილეო 40 000 ლარის გადახდა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბევრი კლუბისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციას ხარჯი დაეზოგება, ეროვნული ჩემპიონატის თუ თასის გათამაშების მატჩების ორგანიზება ხომ გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ორი ახალი წევრი აირჩიეს - ვეტერანი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი სერგო კუტივაძე და "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია.

პრესკონფერენეციაზე არველაძემ აღნიშნა, რომ აღმასკომში კლუბების წარმომადგენელთა რიცხვის კიდევ გაზრდაც შესაძლებელია.

ფეხბურთის ფედერაციის წლიური ბიუჯეტი შემცირდება. შარშან 13 800 000 ლარი თუ იყო, წლეულს 7 000 000 ლარი იქნება - ასეთი ინფორმაციაც მოვისმინეთ.

რაც შეეხება რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესაძლებლობას, ამას ყრილობის დელეგატთა 2/3 -ის თანხმობა დასჭირდება. ყრილობის დელეგატთა რაოდენობის გაზრდაზე ლაპარაკი კი არ ყოფილა.

პრესკონფერენეციის დასრულების შემდეგ დარბაზში "ზესტაფონის" მხარდამჭერები შემოვიდნენ, მათ ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება და იმ სტადიონებზე აღარ გაიმართება მატჩები, რომლებიც სათანადო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ - გუშინდელ ყრილობაზე ამაზეც შეთანხმდნენ. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი კი ისევ ერთი მილიონი ლარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული