ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ

AutoSharing Option
წინა სეზონში ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, თუმცა ბოლო ადგილზე გავიდა და პირველ ლიგაში დაქვეითდა.

ამ ცოტა ხნის წინათ ვწერდით,"კოლხეთში" გაურკვევლობაა, გუნდში არ იციან, რა როგორ იქნებაო. ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "კოლხეთში" ყველაფერი დალაგდება.

გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გამოცდილი სოსო ფილია 43 წლის ზაზა ინიაშვილმა შეცვალა. კოლხთა ახალ თავკაცს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდით, ფილიასთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა აღარ გექნებათ?
- ფილიას "კოლხეთთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, თუმცა აქვს
შემოთავაზება, რომ ისევ ამ კლუბში დარჩეს და დაგვეხმაროს.

- როგორია "კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობა? რადგან მთავარ მწვრთნელობას დათანხმდით, ალბათ, არის რაღაც წინსვლა ამ მხრივ...
- ფინანსურად ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. ისეთი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

- თუ არის ცნობილი, რა ბიუჯეტი ექნება "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
- რა ინფორმაციასაც ვფლობ, "კოლხეთს" სავარაუდოდ 350-400 ათასი ლარი ექნება სეზონის პირველ ეტაპზე, გაისად კი დაფინანსება უნდა გაიზარდოს. ქალაქის ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული იმით, რომ "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში დაბრუნდეს. ყველაფერი უახლოეს დროში დაზუსტდება.

- როგორც შევიტყვეთ, სანამ ფინანსური საკითხი მოგვარდება, "კოლხეთი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა...
- როგორც ვიცი, თემურ ფარულავა და ომარ გოგონაია მარტვილის "მერანში" ვარჯიშობენ. ჩვენი სურვილია, რომ გოგონაია "კოლხეთში" დაბრუნდეს. ის ფოთელია და მართებული იქნება, თუ მშობლიური ქალაქის გუნდში ითამაშებს.

- "კოლხეთიდან" სხვა ფეხბურთელები არ წასულან?
- მიხეილ ხარშილაძე "მერანშია", დავით მეგრელიშვილი "დილაში", შალვა კვანტალიანზე კი გავიგე, ბოლნისის "სიონში" ვარჯიშობსო.

- "კოლხეთს" სავარჯიშო პირობების მხრივაც ჰქონდა პრობლემები. როგორ მოემზადება გუნდი დამდეგი სეზონისთვის?
- ფოთში ამის საშუალება ჯერ არ არის და "კოლხეთი" ურეკში ივარჯიშებს. სეზონის წინ ორკვირიანი შეკრებაც გვექნება, ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ სად.

- საშინაო მატჩებს სად გამართავს "კოლხეთი"? ისევ უტრიბუნო სტადიონზე მოგიწევთ თამაში?
- ისევ ფოთში გვინდა, რომ ვითამაშოთ. სტადიონის ტრიბუნის მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება და მერე ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს, ფოთში ვითამაშებთ თუ ნეიტრალურ მოედანზე.

- სტადიონის მშენებლობის პროექტი უკვე არსებობს? რამდენი იქნება განახლებული "ფაზისის" ტევადობა?
- გადახურული ტრიბუნა მოედნის ოთხივე მხარეს იქნება. ტევადობა 6 700 უნდა გამოვიდეს, ასეა გათვალისწინებული პროექტით.

- და როგორი იქნება ზაზა ინიაშვილის "კოლხეთი"?
- ისეთი, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდეს.

- საამისოდ, ალბათ, კონკურენტებიც გეყოლებათ...
- კი, თუმცა ჯერ არ ვიცით, რომელი გუნდები იქნებიან ჩვენი კონკურენტები, პირველი ლიგის რომელ ჯგუფში მოვხვდებით. ამას კენჭისყრა გაარკვევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ პილია
Giorgi
21:00 01-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული