მწვრთნელი ქალაქის მერს, დავით სარსანიას სასამართლოში უჩივის, რომელიც, ფილიას თქმით, გუნდში მისი შვილის უთამაშებლობის გამო გადაემტერა (იხილეთ ვრცლად).
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერს, დავით სარსანიას კომენტარი ვთხოვეთ.
- ბატონო დავით, იცით, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია ბრალს გდებთ - თითქოს გუნდიდან იმიტომ დაითხოვეთ, რომ თქვენს შვილს არ ათამაშებდა?
- ეს არის აბსურდი. ბატონ სოსოს დაუმთავრდა კონტრაქტი. 1970 წლიდან ეს კაცი წლების
- ვისზე ამბობთ ამას... (არ მამთავრებინებს)
- როცა 18 თამაშში 16 წააგო და 2 ფრედ ითამაშა... ახლა რომ იძახის, მერის შვილი არ ვათამაშე და მაგიტომ მომხსნაო, ეს არის დიდი ტყუილი.
- ანუ არ გითხოვიათ?
- არასდროს, არც მისთვის და არც მისი წინამორბედისთვის არ მითხოვია, რომ ეთამაშებინათ ჩემი შვილი. მით უმეტეს, რომ ჩემი ვაჟი იტალიაში თამაშობდა.
- რომელ გუნდში თამაშობდა, შეგიძლიათ გვითხრათ?
(სამწუხაროდ, ტელეფონში ვერ გავიგე გუნდის სახელი)
- სად თამაშობდა ეს გუნდი?
- სერია B-ში.
- თქვენი შვილი სერია B-ში თამაშობდა? ეს აუცილებლად გვეცოდინებოდა.
- სერია B-ს გუნდის დუბლებში თამაშობდა. ასევე, სერია B-ს გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებშიც (?! - ავტ.). მიუხედავად ამისა, მწვრთნელისთვის არასდროს მითხოვია არაფერი.
- ბატონო დავით, მერიაში შეხვედრისას სოსო ფილიასთან... (მაწყვეტინებს)
- არსად, არც გუნდის შეკრების დროს გრიგოლეთში, ურეკში... არასდროს მიბრძანებია მისთვის, ეთამაშებინა ჩემი შვილი.
- არც ისე გითხოვიათ?
- არასდროს! ეს არის უსინდისო და უპასუხისმგებლო განცხადება. კაცობას გეფიცებით! სოსო ფილია კი არა, ჟოზე მოურინიო მოხსნეს. გერმანული ფინალი რომ იყო ჩემპიონთა ლიგაზე, მოგებული გუნდის მთავარი მწვრთნელი მეორე დღესვე მოხსნეს.
- ბატონო დავით, როგორც ჩანს, ფეხბურთში ვერ ერკვევით - იუპ ჰაინკესის შეცვლა მანამდე იყო გადაწყვეტილი პეპ გვარდიოლათი. კარგი, ამას შევეშვათ. ზემოთ მითხარით, სოსო ფილიამ რესურსი ამოწურაო. ამის თქმა, მინიმუმ, უხერხულია. ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელზე ამბობთ ამას.
- ჩემთვის მთავარი შედეგია. გუნდი მის ხელში უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
- ჰო, მაგრამ რა მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი, იცით?
- მე ეს არ მაინტერესებს, ცუდი მემკვიდრეობა შესაძლოა დაგხვდეს, მაგრამ უნდა გამოასწორო.
- თუმცა "კოლხეთის" შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იყო. თქვენ სტადიონზე დადიოდით?
- რა თქმა უნდა!
- მერე იცით, რომ ფილიამ 18-დან 16 კი არ წააგო, არამედ ბოლო ეტაპზე 10 თამაშიდან 3 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3 წააგო...
- მე მარტო ფილიაზე არ მითქვამს, 18-დან 16 წააგოო.
- რატომ სთხოვთ პასუხს ფილიას სხვის გამო?
- ჩემთვის მთავარი შედეგია. ფულს ვიხდი, ვაფინანსებ და კლუბის 100-წლიან იუბილეზე გუნდი ლიგიდან გავარდა. ათი თამაშიდან სამს რომ მოიგებ, ეს კი არაა მაგარი, არამედ ექვს-შვიდს რომ მოიგებ. თქვენ კი მეუბნებით, ფილია მაგარიაო. რა კუთხითაა მაგარი, პროფესიონალია?
- რა თქმა უნდა! ამაზე თქვენთან დავას არ ვაპირებ.
- მე ვარ ქალაქის მერი, ფეხბურთის და გუნდის გულშემატკივარი, ჩემთვის მთავარი შედეგია - გუნდი გადავიდეს უმაღლეს ლიგაში.
- გასაგებია, წარმატებებს გისურვებთ.
- დამამთავრებინეთ. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ოჯახზე არ უნდა გადადიოდეს, ეს არის უსინდისობა. მით უფრო, რომ არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. წარმოიდგინეთ, ბავშვი სერია B-ში თამაშობდა და აქ 32 თამაშში ერთხელაც არ ათამაშეს. მთელი სეზონის მანძილზე შემეძლო მწვრთნელი შემეცვალა, თუ ამის გამო ვთხოვდი პასუხს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოსო ფილია: მერის შვილი არ ვათამაშე და "კოლხეთიდან" გამიშვეს
ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ
და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!