რატკო დოსტანიჩი: "ზესტაფონს" დაცვით ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგაში ვათამაშებ

AutoSharing Option
"ზესტაფონმა", რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ახალი მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა.

პრეზენტაცია 15 ივლისს ზესტაფონის მთავარი არენის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელს მომდევნო სეზონისთვის 53 წლის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი გაწვრთნის, რომელთანაც კლუბმა კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

რატკო დოსტანიჩი ფეხბურთელობისას მცველი გახლდათ, თამაშობდა ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" და ფრანგულ გუნდებში. ფეხბურთელის კარიერა საფრანგეთში
დაასრულა და მწვრთნელად მუშაობაც იქ დაიწყო.

1999-2000 წლებში გახლდათ სლავოლიუბ მუსლინის ასისტენტი "ცრვენა ზვეზდაში", სადაც 2004-05 და 2010 წლებში მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა. ასევე იყო სერბული "ობილიჩის", "სმედერევოს", "ოფკ"-ს, "ბეჟენიას", "სრემის", ბულგარული "ლევსკის" და "სლავიის", ჩინური "დალიენ შიდეს", მაკედონიური "ვარდარის", ბერძნული "ვერიას" და "დიაგორასის" მთავარი მწვრთნელი. ბოლოს სწორედ ამ კლუბში მუშაობდა და იქიდან 2012 წელს წამოვიდა.

დოსტანიჩს გუნდის გაწვრთნაში მისი თანამემამულე ნებოისა ტოპალოვი დაეხმარება, მეორე თანაშემწე კი ლევან ბაჯელიძე იქნება. შეიცვალა გუნდის ექიმიც - "ზესტაფონში" ამიერიდან "ტორპედოს " ყოფილი ექიმი ზურაბ ხერხელაური იმუშავებს.

ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ წარადგინეს.

"ზესტაფონს" ჰქონდა გარკვეული პრობლემები და გუნდის ჩემპიონატში გამოსვლა საეჭვო იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი დადებითად გადაწყდა და გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო დაგვრჩა, დიდი სირთულეების წინაშე ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი უმოკლეს დროში შეძლებს გუნდის შეკვრას და "ზესტაფონი" ახალ სეზონში ღირსეულად იასპარეზებს",
- აღნიშნა მიხეილ ხუციშვილმა.

სამწვრთნელო შტაბის გარდა, ცვლილებებია გუნდის შემადგენლობაშიც. "ზესტაფონი" რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს გამოეთხოვა. გუნდიდან წავიდნენ: თორნიკე აფციაური, შოთა ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, ორიოლ ლოსანო, ალექსი ბენაშვილი და დიმიტარ პეტკოვი.

გაურკვეველია თორნიკე გორგიაშვილის საკითხი, რომელიც 15 ივლისს გამართულ ვარჯიშში არ მონაწილეობდა.

ზესტაფონელები დანაკლისის შევსებას ცდილობენ და სამი გამოცდილი ფეხბურთელი უკვე დაიმატეს. ზემოიმერელთა რიგებში ჩაირიცხნენ "ზუგდიდისა" და რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი ფორვარდი ირაკლი ქობალია და ბაქოს "ინტერის" წამყვანი ფეხბურთელები: ილია კანდელაკი და გიორგი ადამია.

ზესტაფონელები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობასა და გუნდის გაძლიერებას კვლავ გეგმავენ. არ არის გამორიცხული, რომ სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა "ზესტაფონში" სერბი ფეხბურთელები ჩამოიყვანოს.

მიხეილ ხუციშვილმაც აღნიშნა, თუ საჭიროება მოითხოვს, დოსტანიჩს სერბეთში ისეთი სახელი აქვს, მისი ხათრით ჩვენს გუნდში ბევრი სერბი ფეხბურთელი წამოვაო...

ეს სამომავლოდ, 15 ივლისს კი ზემოიმერელთა სეზონისწინა პირველ წვრთნაში შემდეგი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ: როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, მალხაზ გაგოშიძე, ილია კანდელაკი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, ნოდარ კიკნაველიძე, მიხეილ სარდალიშვილი, იგორ იელიჩი, დავით რაჟამაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლევან შარიქაძე, ლევან კუტალია, ოთარ კვერნაძე, საბა ლომია, ირაკლი ქობალია და გიორგი ადამია.

უახლოეს დღეებში გუნდს შეუერთდება კოტდივუარელი ლეგიონერი ბოტი გოა დემელი (რომელმაც "ზესტაფონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა) და ალჟირელი მოჰამედ რეკრუკი. ეს უკანასკნელი "ზესტაფონს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდება, სადაც იმერული კლუბი 21 ივლისიდან 3 აგვისტომდე მოემზადება. იქამდე კი ზესტაფონელები საკუთარ ბაზაზე ივარჯიშებენ.

პირველი ვარჯიშის ჩატარებამდე "ზესტაფონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

- მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს თბილი დახვედრისთვის. ყველანაირად ვეცდებით, რომ მათი იმედები გავამართლოთ. მადლობა "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას ნდობისა და "ზესტაფონში" მოწვევისთვის. მათთან მქონდა საუბარი, ჩვენი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა და ვეცდებით, ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ვიცი, რომ რთული გზის გავლა მოგვიწევს, მაგრამ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ერთი რამ, რისი პირობაც შეიძლება ახლავე დავდო, ის არის, რომ გუნდის ყველა ფეხბურთელი თითოეულ მატჩში ბოლომდე დაიხარჯება და ყველაფერს გააკეთებს გუნდის გამარჯვებისთვის.

- თქვენს საფეხბურთო ხედვაზე რას იტყვით, როგორი სტილის მიმდევარი ხართ?
- ჩემი გუნდი უნდა თამაშობდეს ლამაზ ფეხბურთს. შესაძლოა ამან თავიდან არ მოიტანოს შედეგი, მაგრამ საბოლოოდ შემტევი სტილი აუცილებლად გაამართლებს.

ესეცაა, ყველა გუნდთან შემტევ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ჩემპიონთა ლიგაზე თუ მოვხვდით, თანახმა ვიქნები, დაცვითი ფეხბურთი ვითამაშო.

- როგორია თქვენი პირველი ზესტაფონური შთაბეჭდილებები?
- სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. არაერთ გუნდში მიმუშავია და შემიძლია ვთქვა, რომ "ზესტაფონი" ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული კლუბია. ვიმუშავებთ, რომ ძირითადმა გუნდმა, დუბლებმა და ბავშვთა გუნდებმა ერთი სისტემითა და ერთი სტილით ითამაშონ.

ფული უნდა ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენ თვითონ გავზარდოთ ფეხბურთელები და ისინი ძირითად გუნდში დავაწინაუროთ. ასეთ შემთხვევაში უცხოელების მოწვევა აღარ დაგვჭირდება. თუმცა ამის მისაღწევად ძალიან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

- ქართულ ფეხბურთთან აქამდე თუ გქონიათ შეხება?
- რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ცრვენა ზვეზდა" ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდა და მაშინ ბელგრადულ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ვმუშაობდი და ქუთაისშიც ვიყავი.

მახსოვს კიევის "დინამოსთან" შეხვედრაც, სადაც კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე თამაშობდნენ. დემეტრაძემ გოლი გაგვიტანა და ეს დღესაც მწარედ მახსენდება. მინახავს გიორგი მერებაშვილის თამაშიც, რომელიც სერბეთის ჩემპიონატში გამოდიოდა. აქედან გამომდინარე, ქართულ ფეხბურთზე ზოგადი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ჩემპიონატი როგორია, ნამდვილად არ ვიცი.

სამწვრთნელო შტაბი ვმუშაობთ, რომ მეტოქეები გავიცნოთ და ჩემპიონატზე წარმოდგენა შევიქმნათ.

- სერბეთიდან თუ აპირებთ ლეგიონერების ჩამოყვანას?
- სერბეთში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თუ ისინი "ზესტაფონში" თამაშის სურვილს გამოთქვამენ, აუცილებლად დარწმუნებული უნდა ვიყო მათ კვალიფიკაციაში და მათთან ნამუშევარი უნდა მქონდეს. ლეგიონერს იმ შემთხვევაში მოვიყვან გუნდში, თუ იგი ადგილობრივს ერთი თავით მაინც აღემატება.

საერთოდაც, ჯერ კარგად უნდა გავიცნო გუნდი და შემდეგ შეიძლება ფეხბურთელების მოყვანაზე ფიქრი.

- კლუბის ხელმძღვანელობამ რა მიზნები დაგისახათ, რა იქნება "ზესტაფონის" მინიმუმი და მაქსიმუმი მომავალ სეზონში?
- რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ იცით გორგიაშვილი, რატომ არ მონაწილეობდა?
daviddavid
11:51 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული