დაბრუნება ცხრა წლის შემდეგ... გიორგი ადამია "ზესტაფონში" მივიდა

AutoSharing Option
"ზესტაფონში" გიორგი ადამია მივიდა და 15 ივლისს პირველად ივარჯიშა ამ გუნდთან ერთად. ადამიას "ზესტაფონთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ადამია ფეროელი გახდება.

კარგია, როცა კარგი ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბრუნდებიან. ასეთ მოთამაშეს შეუძლია, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მიიყვანოს და მაგალითი მისცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ასეთ მოთამაშეს კიდევ ის შეუძლია, რომ მოედანზე მოთამაშე-მწვრთნელი იყოს.

ადამია 32 წლის გახლავთ და ჯანი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი.

ის "ვიტ ჯორჯიამ" გამოზარდა. მაშინ ის დრო იყო, როცა თბილისში "დინამოს" შემდეგ მეორე გუნდი
სწორედ "ვიტ ჯორჯია" გახლდათ და ჰქონდა იმის საშუალება, ეფექტური სელექცია ეწარმოებინა. ადამია ფლანგიდან უტევდა, მომტყუებელიც იყო, ჩამწოდებელიც და გოლის გამტანიც.

2004 წელს "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ჩემპიონი გახდა. მაშინ მართლაც კარგი გუნდი ჰყავდათ ვეტერინარებს: ფლანგებიდან ადამია და ოთარ მარცვალაძე, თავდასხმის ცენტრში რევაზ გოცირიძე, კარში მირზა მერლანი, დაცვაში თენგიზ კობიაშვილი, დავით იმედაშვილი, ნახევარდაცვაში დავით დიღმელაშვილი...

იმავე 2004 წელს ადამია ბაქოს "ნეფთჩიში" გადავიდა. მერე იყო "ბაკი", "ყარაბაღი" და ბაქოს "ინტერი" - ადამიამ აზერბაიჯანში ცხრა წელი გაატარა, სულ მოწინავე გუნდებში ითამაშა, იყო აზერბაიჯანის ჩემპიონი, თასის მფლობელი, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არც ერთი მწვრთნელის დროს არ მოუწია თამაში...

2010 წელს ადამიამ რეკორდი მოხსნა - აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლეგიონერთა შორის ყველაზე მეტი მატჩი დაუგროვდა.

წინა სეზონში ის კახა ცხადაძემ მიიწვია ბაქოს "ინტერში", მაგრამ ადამიას არ გაუმართლა - ტრავმა მიიღო. კლუბმა ის სამკურნალოდ გერმანიაშიც კი გაუშვა, თუმცა ტრავმა ისეთი გამოდგა, ხელოვნურ მოედანზე ვარჯიშსა და თამაშს რომ ვერ შეეგუებოდა - "ინტერისა" და ადამიას გზებიც გაიყარა.

კარგი გარემარბი ბევრი ნამდვილად არ მოიძებნება ქართულ გუნდებში და თუ ადამია "ზესტაფონში" ჩაირიცხება, გუნდსაც გამოადგება და ჩემპიონატსაც - ვფიქრობ, გვაქვს ასეთი პროგნოზის უფლება.

ადამიას თამაში არაერთხელ მინახავს აზერბაიჯანულ არხებზე და ყოველთვის გამორჩეული იყო. იქიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება მისთვის პრობლება არ უნდა იყოს, რადგან არც აზერბაიჯანია ევროპა და არც საქართველოს ჩემპიონატია უცხო ადამიასთვის.

რატკო დოსტანიჩი მოხეტიალე მწვრთნელია, ბევრისმნახველი და, წესითა და რიგით, ადამიას "ზესტაფონში" ჩარიცხვით ისიც მოწადინებული უნდა იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატკო დოსტანიჩი: "ზესტაფონს" დაცვით ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგაში ვათამაშებ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამია კაი ხანია, გარემარბი აღარაა. საქართველოში კი გამორჩეული ფორვარდი (N9, N10) იქნება, თუ მოტივაცია აქვს.
დუდუ
10:07 17-07-2013
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული