ჟერარდ სარაგოსა: კატალონიაში დაბადებულ-გაზრდილი კაცი დღეს თავს ქუთაისელად მივიჩნევ

AutoSharing Option
თვეზე მეტია, რაც 31 წლის მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი ქუთაისის "ტორპედოს" ჩაუდგა სათავეში. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა და მათზე გაცემული პასუხები გულშემატკივართათვის საინტერესო უნდა იყოს.

გუნდის ახალი შემადგენლობა, მეორე უცხოური შეკრება, გამოსვლა უეფას ევროპის ლიგაზე, მზადება ეროვნული სარბიელისთვის და სხვა - სანამ ხსენებულ თემებთან დაკავშირებით ინტერვიუს სახით მის მოსაზრებებს შემოგთავაზებდეთ, მანამ ჟერარდის ბიოგრაფიას მოკლედ წარმოგიდგენთ.

თავად 1982 წელს კატალონიაში, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ ტარაგონაში დაიბადა. ჰყავს მეუღლე, რომელთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევარი კატალონიის მასშტაბით სპორტული კომპანია
"ნაიკის" ღონისძიებათა ორგანიზატორია. მშობლები: მამა, რომელიც ქუთაისში უკვე ნამყოფია, კატალონიის საბანკო ოფისის ერთ-ერთი დირექტორია, დედა კი - დიასახლისი. ჰყავს 4 წლით უფროსი და, რომლის ორივე შვილი (ვაჟები) მას ძალიან უყვარს.

- გთხოვთ გაიხსენოთ, როგორ მოხვედით ფეხბურთში დღემდე?
- ფეხბურთის თამაში ჩემი მშობლიური მხარის გუნდ "ტარაგონაში" დავიწყე, სადაც იქამდე ვასპარეზობდი, სანამ 18 წლისამ მუხლის მძიმე ტრავმა არ მივიღე. შემდგომ ამისა, დავიწყე სამწვრთნელო საქმის შესწავლა და 21 წლის გახლდით, როცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან უეფას პრო-ლიცენზია მივიღე.

თავიდან კატალონიიის 14 და 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი და ორჯერ მოვიგე ამ გუნდებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი. ამის შემდეგ 4 წელი ვმუშაობდი აფრიკაში, ყატარის მსოფლიო დონის, "ასპირეს" აკადემიაში, რომელიც, მოგეხსენებათ, 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მრავალი ქვეყნიდან მარაგდება ტალანტებით. იქ ესპანელი მწვრთნელები მიიწვიეს, მათ შორის, მეც და 3 წლის განმავლობაში 11 ქვეყნიდან მომყავდა ფეხბურთელები ამ აკადემიის 16 და 17-წლამდელთა ასაკობრივი გუნდებისთვის, რომელთა მთავარი მწვრთნელი ვიყავი.

2 წლის მანძილზე ს/კ "ესპანიოლში" გავაგრძელე მოღვაწეობა, სადაც 16 წლამდე ფეხბურთელთა გუნდს ვწვრთნიდი. ჩემი ხელმძღვანელობის დროს გუნდის 4 ფეხბურთელი ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა. "ტორპედომდე" კი ბოლოს თბილისის "ლოკომოტივი" მებარა და ჩემი მწვრთნელობით გუნდმა 16 თამაშიდან 13 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

- საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით?
- სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნებში ვმუშაობდი და ვთვლი, რომ ფეხბურთი ყველა ქვეყანაში იდენტურია. როცა დამიმთავრდა კონტრაქტი "ესპანიოლთან", ჩემი მეგობრის ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბეროკალის მოწვევით აქ დასასვენებლად ჩამოვედი, თუმცა საქმე სერიოზულად აეწყო. მე შევხვდი "ლოკომოტივის" პრეზიდენტს ლექსო თოფურიას, რომელმაც გამაცნო თავისი პროექტი. დავინტერესდი ამ პროექტით, თანაც ბევრი ტალანტი ვნახე გუნდში, რომლებიც ვიცი, რომ დიდ წარმატებებს მიაღწევენ. ამიტომ მინდა, რომ ჩემგანაც რაღაც ისწავლონ და მეც მათი ნაწილი გავხდე.

- ქუთაისსა და ქუთაისელებზე რას იტყვით?
- პირველი, რაც თვალში მომხვდა, აქ ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. მე აღფრთოვანებული ვარ "ტორპედოს" სტადიონითა და სავარჯიშო ბაზით. ქუთაისი ის ქალაქია, სადაც ფეხბურთის სუნი იგრძნობა და ეს მართლაც საუკეთესო ემოციებს იწვევს ჩემში.

- თუ გაქვთ გუნდის განვითარების გეგმა, რომლითაც აპირებთ ხელმძღვანელობას?
- რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ეს არ არის მოკლე გეგმა. მე გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია, აქედან 8 ფეხბურთელი ლიტვაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. მომავალი 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი, ანუ 1995 წელს დაბადებულები, 6-7 ფეხბურთელი გვყავს. ასევე, გუნდში არიან 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული ნაკრებისაც.

ჩვენ დიდი შრომა უნდა გავწიოთ, უნდა ვიმუშაოთ, დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, რომ ეს გუნდი დაიხვეწოს და დარწმუნებული ვარ, რომ იმ კონტინგენტით, რაც დღეს "ტორპედოს" ჰყავს, წინ დიდი წარმატებები გველის.

- რამდენიმე წელი ესპანეთში, "ესპანიოლის" აკადემიაში მუშაობდით. ყველას მოეხსენება, რომ ეს ქვეყანა ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. თუ გიმუშავიათ ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებმაც ესპანეთში თავის გამოჩენით ევროპასაც გააცნეს თავი?
- არიან ასეთებიც, მაგალითად: ჟერარდ დეულოფეუ, რომელსაც კატალონიის "ბარსელონას" რიგებში პრიმერადივიზიონშიც აქვს ნათამაშები, ამჟამად კი იგი ლივერპულის "ევერტონის" მე-10 ნომერია. ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ორიოლ რომეუ, რომელიც "ვალენსიაში" გააგრძელებს კარიერას. ასევე, ბარსელონელები: მარკ ბარტრა და ისააკ კუენკა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის მწვრთნელი ტარაგონის ასაკობრივ გუნდში ვიყავი.

- იცით, რომ "ტორპედოს" ისტორიაში თქვენ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ხართ? ეს პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს გუნდის ასევე ახალგაზრდულ შემადგენლობასთან...
- ვფიქრობ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან "ტორპედოს" პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამ ახალგაზრდა ტალანტებთან, ალბათ, ყველაზე კარგად მე ვიმუშავებდი. ბოლომდე კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც დღეს მაქვს. ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ქართული ფეხბურთის საუკეთესო მომავლის ყველაზე დიდი ნაწილი "ტორპედოს" სრულუფლებიანი წევრია.

- გასული სეზონის შემდეგ გუნდის შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა...
- მე ასე არ ვფიქრობ, რადგან წინა გუნდის 13 ფეხბურთელი დღეს ჩემს განკარგულებაშია. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მათთან ერთად ყოველდღე ვიმუშაო იმაზე, რათა ყოველი მომდევნო მატჩი მოგებით დავამთავროთ.

- თქვენგან მომისმენია, რომ ფეხბურთს ასაკი არ თამაშობსო. რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ, რომ თუ ფეხბურთში ტალანტი არის, რატომ არ უნდა მისცე მას დაწინაურებისა და თამაშის საშუალება, მიუხედავად ასაკისა, თუ ის კარგად წარმოაჩენს თავს ამ ასპარეზზე. მერაბ გიგაურის მაგალითს მოვიყვან: იგი რამდენიმე წელია "ტორპედოშია", არის 20 წლის, საკმაო გამოცდილება დაუგროვდა მის ასაკთან შედარებით და ხედავთ, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც არ ერიდება მის გამოძახებას. ამიტომ, თუ 18-20 წლის ბიჭსაც შეუძლია ასეთ დონეზე თამაში, რატომ მაინცდამაინც შედარებით ასაკოვნები?

- წარუმატებელი გამოსვლა ევროპის ლიგაზე - რის ხარჯზე გვაჯობა "ჟილინამ"?
- ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 2 წლის წინ "ჟილინა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. მიუხედავად ამისა, სამი კვირის შეკრებილმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში მაინც ტოლ-სწორად ვეთამაშეთ.

ქუთაისში საწყისი 65 წუთის განმავლობაში ჩვენ კარგად ვთამაშობდით და როდესაც უკვე ინიციატივა მოვიპოვეთ, იმ დროს "ჟილინა" დაწინაურდა, როცა პირიქით უნდა მომხდარიყო. შეტევაში თამაში ამის შემდეგაც, 75-ე წუთამდე გავაგრძელეთ, რათა ანგარიში გაგვეთანაბრებინა, თუმცა სლოვაკების შემდგომი გადმოსვლა ჩვენს ნახევარზე კიდევ ერთი გოლით დასრულდა.

ბოლო წუთებში ჩემი ფეხბურთელები მენტალურად გატყდნენ და ვთვლი, რომ სწორედ ქუთაისში ჩატარებული მატჩის ბოლო 15-მა წუთმა განაპირობა ჩვენი გამოვარდნა ამ ეტაპიდან, რადგან საპასუხო თამაშმა დაგვანახა, რომ ჩვენ გვქონდა იმის პოტენციალი, რომ "ჟილინა" გამოგვეგდო.

სლოვაკეთში 90 წუთის განმავლობაში "ჟილინა" მხოლოდ გოლის გატანასა და მოგებაზე იყო მოწადინებული. მათ 1 წუთითაც არ უფიქრიათ კარის დაცვაზე, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვეძლო ამ ბარიერის წარმატებით გადალახვა.

- რა პლუსები და მინუსები დაინახეთ ჩვენი გუნდის თამაშში?
- უნდა აღინიშნოს, რომ სამ კვირაში შეუძლებელია ფეხბურთელმა აითვისოს ახალი ტაქტიკური მონახაზები. განსაკუთრებით, ევროპის ლიგაზე გამართულმა მეორე თამაშმა დამანახა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან ძლიერად შეუძლიათ შეტევაში თამაში. ჩემი მთავარი სამუშაო არის ის, რომ როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც უნდა გამოვიყურებოდეთ კარგად.

- გულშემატკივრები თვლიან, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებზე ნდობა იმ დონეზე არ ხდება, რასაც ისინი იმსახურებენ...
- ტაბატაძე, კუხიანიძე, გოგიჩაიშვილი, ახვლედიანი, კაპანაძე - პირველ გუნდში 5 ქუთაისელი ფეხბურთელი გვყავს. "ტორპედო" ასევე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებითაც არის დაკომპლექტებული. ჩვენთან, ბარსელონაში ბედნიერები ვართ, რომ კლუბში თამაშობენ არა მარტო კატალონიიდან, არამედ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ფეხბურთელებიც.

ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ტალანტებად ითვლებიან, თამაშობენ ქუთაისში. ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ რომელიღაც ფეხბურთელი არის ფოთიდან, თბილისიდან ან სხვა ქალაქიდან და თამაშობს ქუთაისში, ის არის ქუთაისელი. მე კატალონიაში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ და დღეს თავს ქუთაისელად მივიჩნევ.

- "ტორპედოში" კონკურენცია რამდენად მაღალია?
- მე მივიჩნევ, რომ ჩემს გუნდში ერთ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი მყავს, ეს ჩემთვის დიდი ფუფუნებაა. თუ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ამა თუ იმ პოზიციაზე, ის ეშვება და აღარ ატანს თავს ძალას. თქვენ ხედავთ ვარჯიშებს, ეს ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრონ ადგილი.

- 24 ივლისს "ტორპედო" თურქეთში გაემგზავრება. მოსამზადებელ ეტაპზე ორი შეკრების გავლა ძალიან უნდა წაადგეს გუნდს...
- გეთანხმებით, თურქეთში მთიან ადგილზე გავივლით შეკრებას, სადაც ვივარჯიშებთ როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურადაც. ჩვენთვის გარკვეულწილად პრობლემატურია იმ ფეხბურთელების არყოფნა, რომლებიც ამჟამად 19-წლამდელთა ნაკრებში არიან, თუმცა ყველასთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ისინი ქვეყნის ღირსებას იცავენ და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან აკლია ჩვენს გუნდს.

- ახალი ეროვნული სეზონის დაწყებამდე აპირებთ თუ არა კიდევ რომელიმე ფეხბურთელის დამატებას?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საბანაძის დაბრუნება, რადგან ჩემს მონახაზში მან განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ ძალიან გამოცდილ მცველთან.

- მალე საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. როგორია თქვენი პროგნოზი?
- წინა სეზონში თბილისის "დინამომ" ორივე ტიტული მოიპოვა და ვფიქრობ, წელსაც იგივე მიზანი ექნება. "დილა", "მეტალურგი" "ჩიხურა" და "ზესტაფონი" მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებენ. ჩვენ კი, გამოგიტყდებით, ახლა არ ვფიქრობთ, მაისში რა იქნება.

ჩვენი ობიექტივი პირველი თამაშისკენ არის მიმართული, რომელსაც ქუთაისში "მეტალურგთან" გავმართავთ, ამის შემდეგ უკვე "ზესტაფონთან" გასვლით თამაშში წარმატების მიღწევა იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, მერე "დილასთან" და ასე შემდეგ.

ყოველი დღე და საათი მოახლოებული თამაშისთვის რაც შეიძლება სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. წლის ბოლოს კი ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ გუნდის რეალურ ძალას და შეგვეძლება შეფასების გაკეთებაც.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" მეორე უცხოური შეკრება დაგეგმა
ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული