გია ცეცაძემ შესაძლოა საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გუნდების უმრავლესობას საკადრო პრობლემები აწუხებს, მაგრამ ბევრი საინტერესო მოთამაშე მაინც უგუნდოდ არის.

უმაღლესი ლიგის არც ერთ გუნდში არ ირიცხებიან ეროვნული, ახალგაზრდული თუ სხვა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი კანდიდატები და მოქმედი წევრები.

ამ უცნაურ სიაში მოხვდნენ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მეკარე გაბრიელ თებიძე და ბაჩანა არაბული.

ეს უკანასკნელი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოთამაშეა და, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ევროპაში წავიდეს. თუმცა, მის მიმართ ინტერესი საქართველოშიც არსებობს.

შევიტყვეთ, რომ ამ სიას პირველ აგვისტოს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატება
- ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრები - ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი ლუკა ზარანდია.

თბილისის "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლისას, ახალგაზრდა მოთამაშეებმა დროებითი კონტრაქტები გააფორმეს. მათი ხელშეკრულებების ვადა 1 აგვისტოს ამოიწურება და თავისუფალი აგენტები გახდებიან.

მაგრამ საეჭვოა, ჭანტურია და ზარანდია უგუნდოდ დარჩნენ. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვწერდით, რომ ორივე მათგანს არნემის "ვიტესი" იწვევდა. ეს მოლაპარაკება ამჟამადაც ძალაშია და იმედია, ნიჭიერი მოთამაშეები კარიერას ჰოლანდიაში გააგრძელებს.

ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ, შესაძლოა, ქუთაისის "ტორპედო" ბექა ტუღუშმაც დატოვოს. 23 წლის თავდამსსხმელმა დაამტკიცა, რომ მას საკმაოდ კარგ დონეზე შეუძლია თამაშია და ვეჭვობთ, უგუნდოდ დარჩეს.

ბექა გუნდს თურქულ შეკრებაზე არ ახლავს, მაგრამ გუნდიდან ჯერ არ წასულა - მცირე ტრავმის გამო, დასვენება მოუხდა.

საშიში არაფერია - ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა და მოედანს მალე დაუბრუნდება, მაგრამ რომელი გუნდის ფორმით, ეს ჯერ უცნობია. უახლოეს დღეებში გაირკვევა, დარჩება თუ არა ტუღუში "ტორპედოში".

და მთავარი: ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, ქუთაისის "ტორპედოში" გია ცეცაძეს იწვევდნენ და დუბლშემადგენლობის გაწვრთნას სთავაზობდნენ.

ეს კულუარული ინფორმაცია რამდენიმე კონფიდენციალურმა წყარომაც დაადასტურა. ცეცაძეს კლუბში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - გორის "დილაში" საქმიანობდა.

ცეცაძეს უმაღლესი ლიგის ორი საკმაოდ ამბიციური კლუბი იწვევდა, რაზეც უარი თქვა - ნაკრებსა და კლუბში საქმიანობას ვერ შევათავსებო. ახლა კი შევიტყვეთ, რომ ცეცაძე "ტორპედოს" დუბლშემადგენლობის გარდა, სხვა წინადადებებსაც განიხილავს და მალე, შესაძლოა, უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბის მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გახდა უკვე ლოკომოტივის მწვრთნელი ცეცაძე
giorgi
08:24 01-08-2013
0

სიახლეები პოპულარული