ზაზა ურუშაძე: "გურია" ვერ იქნება "ძველი ბიჭებისა" და "მაზავშჩიკების" დასაყრდენი

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ლანჩხუთის "გურიის" ირგვლივ ატეხილი სკანდალი ასე იოლად არ დასრულდება.

გუშინდელ ნომერში კლუბის აწ უკვე ყოფილ ლიდერთან, სევასტი თოდუასთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ.

სამწუხაროდ, მის მწვავე განცხადებებზე ლანჩხუთის გამგებლის ზაზა ურუშაძის პოზიციის იმავე ნომერში გამოქვეყნება არ მოხერხდა. ურუშაძესთან გასაუბრება მაინც მოხერხდა:

"მინდა პასუხი გავცე "გურიის" ყოფილი ფეხბურთელის კომენტარს, რომელშიც ის ამბობს, თითქოს მუდმივად ვიტყუები.

მოგეხსენებათ, როგორი ძნელია კრედიტის აღება იმ მუნიციპალიტეტის მიერ, რომელსაც 400 ათასი ლარის ბანკის სესხი კლუბისთვის უკვე აღებული აქვს.

პროცესი გაჭიანურდა იმის გამოც, რომ ბანკებთან გართულდა ხელშეკრულების დადება.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები დავალიანებას ვერ მიიღებენ.

უახლოეს დღეებში, როგორც გვპირდებიან, კრედიტს გაგვიფორმებენ.

8 აგვისტოს "გურიას" დირექტორს ვუთხარი, რომ ფეხბურთელებს ავანსის სახით 500-500 ლარს დავურიგებდით.

სამწუხაროდ, კლუბის დამხმარე არავინაა, ხელის შემშლელი კი უამრავია", - აცხადებს გამგებელი და იქვე განმარტებას აკეთებს გუნდიდან გაშვებულ ფეხბურთელებზე:

"ისინი კლუბში არავის მიუღია და როგორ გავუშვებდით (?! - რედ.). სინჯებზე იყვნენ, ხელშეკრულებები არც ერთთან არ გაფორმებულა.

რაიონის ბიუჯეტს არ აქვს საშუალება, თორმეტ ფეხბურთელს 2-2 ათასი ლარი ხელფასი უხადოს.

"გურია" თავშესაფარი არ არის, ეს ყველამ უნდა იცოდეს. მთელ საქართველოს რომ მოივლი და ბოლოს ლანჩხუთს მოადგები, არ უნდა გეგონოს, რომ აქ ფეხბურთი არავინ იცის.

ჩვენ საბოტაჟს არ დავუშვებთ, წესრიგი და სწორი მართვაა ამოსავალი წერტილი. თოდუას კომენტარებს რაც შეეხება... მე მას წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ - ცოტა ზრდილობას თუ მოუხმობს, ძალიან კარგი იქნება".

* * *

გუშინვე გამგებელმა ზაზა ურუშაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ჩვენს კითხვებსაც უპასუხა:

- ბატონო ზაზა, გამოდის, რომ არ იცოდით ამ ფეხბურთელების "გურიაში" ყოფნის თაობაზე?
- ზოგადად ვიცოდი, რომ თოდუა უნდა ჩამოსულიყო და ეთამაშა, დანარჩენების შესახებ საქმის კურსში არ გახლდით.

ისიც ვიცოდი, რომ კლუბში უნდა მოსულიყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც "გურიას" ერთგულნი იქნებოდნენ, მაგრამ უცებ ვიგებ, რომ ფეხბურთელები უარს ამბობენ თამაშზე.

ისეთმაც კი თქვა უარი, რომელთანაც არანაირი დავალიანება არ გვაქვს... "გურია" ის კლუბი არ არის, მომთაბარე ხალხმა მოიყაროს თავი და მერე საბოტაჟი მოაწყოს.

ზოგი ჩამოსულია მხოლოდ იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და სხვა არაფერი არ აინტერესებს.

მაქსიმალური თანხა, რაც შეგვიძლია ფეხბურთელებს გადავუხადოთ, ეს არის 1500 ლარი. ვისაც გაკმაყოფილებთ ეს პირობა, დარჩით. აი, ეს იყო ჩვენი წინადადება.

- ბატონო ზაზა, თუ არ იყო საშუალება, ხომ შეიძლებოდა ამ ფეხბურთელებისთვის დროულად გეთქვათ. თუ თქვენ არ იცოდით, გუნდის წარმომადგენლებს მაინც ეთქვათ...
- ამისთვის მათ საყვედურიც მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი - კლუბის ხელმძღვანელობის და სამწვრთნელო შტაბის უკმაყოფილო ვარ.

როცა ვიკითხე, მათ მითხრეს, რომ სინჯებზე ჰყავდათ ჩამოყვანილი. არც ერთ ფეხბურთელს მე არაფერს დავპირებივარ. თუ ვინმე ამას იტყვის, პასუხს ვაგებ!

- ფეხბურთელები პირდაპირ თქვენ გადანაშაულებენ. რატომ?
- არ ვიცი, რა უნდათ ჩემგან?! კვირაში სამჯერ მატყუებდაო, რომ ამბობს თოდუა, ამდენჯერ არც შევხვედრივარ ფეხბურთელებს.

ერთხელ ვნახე თოდუა და მითხრა, რომ დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და დახმარება აღვუთქვი... ახალგაზრდებზე გავაკეთებთ აქცენტს.

ერთიც რომ გავყიდოთ, იქნებ გუნდი მთელი სეზონი შევინახოთ. აბა, რად გვინდა, 39-40 წლის ფეხბურთელები?..

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალების გუნდი და არა - "მაზავშჩიკებისა" და საბოტაჟის მომწყობების. ვისაც არ უნდა ამ კლუბში თამაში, წავიდეს. "გურიაში" "ძველი ბიჭების" ადგილი არ არის!

- ჩემპიონატში მონაწილეობაზე "გურიას" პრობლემა არ შეექმნება?
- ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. "დინამოდან" გვინდა მცველის დამატება. თუ გაგვიჭირდა, უკრაინიდან ჩამოვიყვანთ 2-3 ფეხბურთელს.

ისინი დაგვეხმარებიან დაფინანსებაში. ჩვენც გვყავს 3-4 ისეთი ადგილობრივი ახალგაზრდა, რომელიც მთელ თამაშს თუ ვერა, ერთ ტაიმს მაინც ითამაშებს.

- თქვენ "მაზავშჩიკები" ახსენეთ. ძველი გუნდი იგულისხმეთ?
- არა, ისინი არ მიგულისხმია...

- ხომ არ ფიქრობთ, რომ რასაც თქვენ ამბობთ საბოტაჟზე, ამის უკან "გურიის" ძველი ხელმძღვანელობა დგას?
- ამის საფუძველი არ მაქვს.

* * *

კომენტარი ვთხოვეთ "გურიის" მთავარ მწვრთნელ დავით მახარაძესაც:

- ლანჩხუთის გამგებელი ამბობს, ფეხბურთელები სინჯებზე იყვნენო და ეს თითქოს თქვენგან იცოდა. მართლა ასე იყო?
- ახლახან ვესაუბრე ბატონ ზაზას და მითხრა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.

- მან რა თქვა, ეს ჩაწერილი გვაქვს, თქვენი კომენტარი გვაინტერესებს - მართლა სინჯებზე იყვნენ ეს ფეხბურთელები?
- რა თქმა უნდა, არა! ვის ვეტყოდით, სინჯებზე ხართ-თქო? მენთეშაშვილს თუ სხვა რომელიმეს?! ან ბოლო დღემდე სინჯებზე როგორ დავტოვებდით?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მშვიდობით, "გურია"! - ლანჩხუთის გუნდი კიდევ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

ლანჩხუთის "გურია" იშლება - გუნდი წამყვანმა შვიდეულმა დატოვა
გამგებელმა ლანჩხუთის "გურია" დაშლას გადაარჩინა?
სოფო შევარდნაძე: ჩემი ოჯახისა და მამაჩემის ღვაწლი დაავიწყდათ?
ზაზა ურუშაძე ზვიად სიჭინავას ბოდიშის მოსახდელად დაურეკავს
პოლიტიკური ფეხბურთი: უარი სფფ-ს, გრფფ-სა და 80-იანი წლების "გურიის" წევრებს
გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
ფული გადასახდელი გაქვთ და გადაიხადეთ.
0
ეს კაი აფერისტია , ფული აქვს გადასახდელი და ძველი ბიჭის ტერმინს რომ ახსენებს უკვე
ცხადს ხდის რომ თვითონაა დამნაშავე!!
gocha
23:15 11-08-2013
0

სიახლეები პოპულარული