გურია-მერანი 1:0 - ვილის პირველი

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ გურულებს სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მარტვილელთა მიღება "ფაზისზე" მოუხდათ, თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამით საქმე არ გართულებიათ.

არადა, საწყისი 20-25 წუთი კარგს არაფერს უქადდა "მასპინძლებს" და ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთზე ჯონი შეროზიამ განმუხტა მათი შეტევა.

ამის შემდეგ უპირატესობას მთლიანად "მერანი" დაეუფლა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, მეტოქეს შანსს არ დაუტოვებდა, თუმცა "გურიის" მცველების შეცდომების გოლად ქცევა მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა ვერ მოახერხეს, ამაში მთავარი "დამნაშავე" კი ლანჩხუთელთა ახალწვეული მინდია ბობღიაშვილი გახლდათ - მან სტუმართაგან გამორჩეულ ლაშა
კუჭუხიძეს
სახიფათოდ დარტყმული აუღო.

Sportall.Geიქვე აკაკი შულაიამ გურულთა ცენტრალურ მცველს მოპარა ბურთი, ვალერი იობაშვილმა ექსთანაგუნდელს ბოლომდე სდია და შეცდომაც დააშვებინა - მარჯვენაფლანგელმა კარიდან გამოსული მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება უხეიროდ სცადა.

ამ პერიოდში ორჯერ სახიფათო კონტრშეტევის შანსი ლანჩხუთელებსაც მიეცათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დააკლდათ.

ამას ისევ "მერანის" ორი სახიფათო იერიში მოჰყვა - პირველ შემთხვევაში ისევ ბობღიაშვილი მოევლინა "გურიას" მხსნელად, ხოლო 30-ე წუთზე, ალბათ, ისიც უძლური იქნებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარების განმუხტვა მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე არნო ჩუენსუმ შეძლო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ "გურიის" მწვრთნელ დავით მახარაძეს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუხდა, ასეთ ზეწოლას დებიუტანტი გუნდი უნდა გაეტეხა, მაგრამ გურულთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის შეუძლებელი შეძლეს - ბედის ბორბალი თავისკენ შემოატრიალეს და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულებმა პირველი 3 ქულაც მოიპოვეს, თანაც ისე, რომ ვერავინ იტყოდა - "გურიამ" მოგება არ დაიმსახურაო.

ამის გაკეთება კი მასპინძლებმა, ძირითადად, მონდომების ხარჯზე მოახერხეს. მატჩის ერთადერთი გოლი ტაიმის მიწურულს "მერანის" მცველებისა და მეკარის უხეირო თამაშს მოჰყვა. ამით "გურიის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა ვილი ისიანმა ისარგებლა - ჯერ მეურვეს დააშვებინა შეცდომა, შეროზიაც იოლად დაჩაგრა და კარში ჩამდგარ მცველს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

"გურიას" მანამდეც შეეძლო გატანა, როცა სტუმარ მცველებს კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა მოუვიდათ - "მერანი" მაშინ ხარიხამ გადაარჩინა, საიდანაც ჩამოვარდნილ ბურთს, ლაინსმენის გადაწყვეტილებით, კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

არც მეორე ნახევარში დაუთმია "გურიას" თამაშის სადავეები, ყოველ შემთხვევაში, მეტოქემ ხეირიანი ხიფათი ვერ შექმნა. სამაგიეროდ, გურულებს ჰქონდათ ორი შანსი და ორჯერვე მარტვილელები შეროზიას აკრობატულმა ნახტომმა იხსნა.

სულ ბოლოსკენ უკვე ბობღიაშვილმა ითამაშა საიმედოდ, როცა სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გადაცემებში წუნი მათი მხრიდან ბევრი იყო და "ჩაკიდებებს" ხეირი არ მოუტანია.

საბოლოოდ, 1:0 და "გურიამ" მნიშვნელოვანი (თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით) გამარჯვება მოიპოვა. სტუმრები მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ, თუმცა თემურ ხუჭუას რაიმე ხელშესახები შეცდომა არ დაუშვია. ამის მიუხედავად, მას "მერანის" თავკაცის დამშვიდება რამდენჯერმე მოუხდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული