ძველი, საინტერესო და ახლებური - საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა იწყება

AutoSharing Option
30 და 31 აგვისტოს გასამართი მატჩებით პირველი ლიგის გათამაშება იწყება, რომელიც ახლებური სისტემით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ წინა გათამაშებაში 23 გუნდი მონაწილეობდა და სამწრიანი ტურნირი იყო; ახლა კი გუნდების რაოდენობა გაზრდილია (27) და გათამაშება ორ წრედ წარიმართება.

შეცვლილი არის უმაღლეს ლიგაში აღზევების სქემაც:

წინა სეზონში ეს 23 გუნდი ორ ჯგუფში იყო გადანაწილებული და ჯგუფების გამარჯვებულებმა (ლანჩხუთის "გურია", ცხინვალის "სპარტაკი") ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე მოიპოვეს უმაღლესი ლიგის საგზური. ამჟამად ორი ზონაა (A და B) და ორწრიანი ტურნირის დამთავრების შემდეგ თითოეული ზონის ორ-ორი
საუკეთესო გუნდი პლეი ოფის საგზურს მიიღებს. ანუ პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი ერთწრიან ტურნირს ჩაატარებს (მატჩები თბილისში გაიმართება) და მათგან 2 საუკეთესო 2014-15 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

შეცვლილია პირველი ლიგიდან დაქვეითების ფორმატიც: რეგლამენტის თანახმად, თითოეულ ზონაში ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები მომავალი სეზონიდან II ლიგაში იასპარეზებენ. თუმცა რეგლამენტის ამ პუნქტს ყურადღება ნაკლებად უნდა მივაქციოთ, რადგან წინა სეზონის დამთავრების შემდეგ პირველი ლიგიდან არც ერთი გუნდი არ დაქვეითებულა.

ერთადერთი გამონაკლისი აჩაბეთის "ლიახვია": ამ გუნდს ახალი სეზონი კვლავაც პირველ ლიგაში უნდა დაეწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ჯერ თასის 1/16-ფინალის პირველი მატჩი გამოტოვა, მერე კი, საერთოდ, დაიშალა. ამიტომაც არის, რომ 14-ის ნაცვლად A ზონაში 13 გუნდია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითო გუნდს ყოველ ტურში დასვენება მოუწევს.

ორი ფავორიტი
A ზონაში 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "კოლხეთი" (ფოთი), "შუქურა" (ქობულეთი), "ჩხერიმელა" (ხარაგაული), "ადელი" (ბათუმი), "იმერეთი" (ხონი), "ალგეთი" (მარნეული), "სქური" (წალენჯიხა), "მერცხალი" (ოზურგეთი), "მეშახტე" (ტყიბული), "გაგრა", "დინამო 2" (თბილისი), "საპოვნელა" (თერჯოლა) და "კახეთი" (თელავი).

აღსანიშნავია, რომ "საპოვნელა" და "კახეთი" გარკვეული პაუზის მერე უბრუნდებიან პირველ ლიგას, არადა, ამ ორივე გუნდს თავის დროზე უმაღლესშიც უთამაშია.

A ზონის ფავორიტებად, დღევანდელი გადმოსახედით, ფოთის "კოლხეთი" და ქობულეთის "შუქურა" უნდა მივიჩნიოთ. "კოლხეთს" ახალი თავკაცი ჰყავს - ზანა ინიაშვილი (ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომ, მწვრთნელი), ძირითადი ბირთვიც შეინარჩუნა და რამდენიმე ცნობადი ახალწვეულიც დაიმატა: ლაშა ქებაძე, ლაშა ძაგანია, გიორგი ჭედია, ზვიად ქანთარია, დათა სიჭინავა, ლევან გულუა, გიორგი ლემონჯავა (სამი უკანასკნელი გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა გუნდში).

"შუქურას", წინა სეზონის მსგავსად, კვლავაც ასლან ბალაძე დამოძღვრავს და ამ გუნდის პერსპექტიული ახალგაზრდების (გიორგი ჩელებაძე, ავთანდილ ბრაჭული, ლევან ელიზბარაშვილი, მინდია ფუტკარაძე) გვერდით გამოცდილი მიხეილ კაკალაძეც ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ კაკალაძეს უმაღლეს ლიგაში არაერთი მატჩი ჩაუტარებია (თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", ბათუმის "დინამო", "სამტრედია"), თუმცა 31 წლის ფორვარდი თავის მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

დიდი შანსია, რომ "კოლხეთსა" და "შუქურას" სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ახალგაზრდულმა "გაგრამ", რომელსაც ორწლიანი პაუზის მერე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, 20 წლის აბაიომო ოვონიკოკო დაუბრუნდა.

კაკალაძის გარდა, A ზონის სხვა გუნდებშიც ვიხილავთ არაერთ გამოცდილ ფეხბურთელს, უმაღლეს ლიგაში წლების განმავლობაში რომ უასპარეზია: 34 წლის დავით ბაქრაძე და 32 წლის ლევან შავგულიძე "საპოვნელაში" გააგრძელებენ კარიერას, ოზურგეთის "მერცხალში" კი კვლავაც შესაძლოა ვიხილოთ 38 წლის მიხეილ ქობულაძე და 43 წლის გია გოგუა.

თუმცა, თუ გამოცდილებაზე მიდგება საქმე, ამ მხრივ, მხოლოდ პირველ ლიგაში კი არა, უმაღლესშიც არ ეყოლება კონკურენტი "ალგეთის" (იგივე - "ზოოვეტის") მთავარ მწვრთნელს, ცნობილ ქართველ სპეციალისტს, 67 წლის ელგუჯა გუგუშვილს!

ცნობადი სახეები
B ზონაში ერთდროულად ოთხი დებიუტანტია: ჩოხატაურის "ბახმარო", გორის "დილა 2", ხელვაჩაურის "მაჭახელა" და თბილისის "საბურთალო". დანარჩენ რვა გუნდს კი პირველ ლიგაში მონაწილეობის სხვადასხვა "სტაჟი" აქვს: ქედას "ბეთლემს", "ჭიათურას", ხობის "კოლხეთს", თბილისის "ლოკომოტივს", თბილისის სტუ-ს, თბილისის სასკო-ს, ვანის "სულორს", "სამტრედიას", წყალტუბოს "სამგურალს" და ბათუმის "დინამოს".

ეს უკანასკნელი B ზონის უპირველეს ფავორიტად მიგვაჩნია.

გამოცდილი მწვრთნელის, კობა ჟორჟიკაშვილის განკარგულებაში ხომ არაერთი ცნობილი ფეხბურთელია (როგორც - ახალწვეულები, ასევე - ძველი შემადგენლობიდან): 39 წლის ამირან მუჯირი, 37 წლის სევასტი თოდუა, 27 წლის გიგა კვერენჩხილაძე, 25 წლის ბესიკ ჩიმაკაძე და სხვები.

დიდ ინტერესს იწვევს პირველი ლიგის დებიუტანტის, "საბურთალოს" ასპარეზობაც: თემურ შალამბერიძის გუნდში, შესაძლოა, ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც ვიხილოთ, როგორებიც არიან ზურაბ მენთეშაშვილი, რევაზ გოცირიძე და სხვები.

საერთოდაც, მიგვაჩნია, რომ B ზონაში ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი და პლეი ოფის მეორე საგზურისათვის სერიოზულ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

პრეტენდენტებად "სამტრედიაც" უნდა მივიჩნიოთ, "ჭიათურაც" (რომელსაც ახალი სეზონიდან ხვიჩა ქასრაშვილი უთავკაცებს), სასკოც (კვლავაც თენგიზ კაციას ხელმძღვანელობით) და არ გამოვრიცხოთ, რომ ლიდერთა დავაში პირველი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, თბილისის "ლოკომოტივიც" ჩაერთოს.

შეგახსენებთ, წინა სეზონის დამთავრების შემდეგ "ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბი და ძირითადი შემადგენლობის, ფაქტობრივად, 90 პროცენტი ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა. თუმცა გუნდში დარჩნენ 19 წლის დავით დარციმელია, 17 წლის ლუკა ზარანდია და ცალკე უნდა აღვნიშნოთ ორი ახალწვეულიც: მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე და 19 წლის ცენტრფორვარდი ბაჩანა არაბული!

...შემდეგ კვირაში პირველი ლიგის ყველა გუნდის განაცხადს შემოგთავაზებთ, სადაც ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების გარდა, კიდევ უამრავ საინტერესო და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მეტ-ნაკლებად ცნობად სახეებსაც "აღმოაჩენთ"; ამათ გარდა, ათზე მეტ ლეგიონერსაც ვიხილავთ, როგორც "სტაჟიანებს" (ნონოსი, ოვონიკოკო, ჯერემია, ტეიდი, ჰაადი), ასევე - ახალწვეულებსაც...

პირველი ლიგის კალენდარი
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ქარტულ ფეხბურთზე ფიქრობთ, ამ ლიგაში სავალდებულო გახადეთ ყოველ მატჩში ერთი 18 წლამდელი და ორი 20 წლამდელი ფეხბურთელების მონაწილეობა.
dalesi
16:11 30-08-2013
0
ამ ლიგას უნდა ერქვას ყანა!
kana
22:25 01-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული