ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0 - რა უნდა ჩაენიშნა თემურ ქეცბაიას ასეთ თამაშში?

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მეორე მატჩი მოიგო და მეორე ჯერზეც სამი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს.

მარტვილის "მერანთან" მატჩის გმირი გიორგი კორიფაძე გახდა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, მერე კი დუბლიც მიითვალა.

"მერანი" ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა და თუ თამაშს ვერ გამოაკეთებს, უმაღლესში დარჩენა ძალიან გაუჭირდება. სეზონი ჯერ წინაა, მაგრამ დაწყებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში გამოვიდა. ბურთის ფლობაში გუნდები ერთმანეთს მნიშვნელოვნად ვერ აღემატებოდნენ.

Sportall.Ge"ვიტ ჯორჯია" პირველად მაშინ დაემუქრა "მერანს", როცა ლევან კუხალეიშვილმა ძალისმიერი ორთაბრძოლა მოუგო მცველს, დარტყმას
დაგორება არჩია, მაგრამ კართან ახლოს მყოფი გიორგი ჯანელიძე ვერ შესწვდა გადაცემას.

გოლი კი ასე გავიდა: კორიფაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა ჩააწოდა, კარგად დაბზრიალებულ ბურთს კი შოთა დავლაშელიძემ უზადო თავური შეაგება.

"ვიტ ჯორჯიას" პირველ ტაიმში კიდევ მართებდა გატანა და ისევ სტანდარტული სიტუაციიდან - ლაშა კასრაძემ და ჯანელიძემ ორიგინალურად გაითამაშეს ჯარიმა და კომბინაცია კორიფაძეს უნდა დაეგვირგვინებინა, თუმცა მეკარე ჯონი შეროზიამ იმარჯვა და ბურთი ფეხით მოიგერია.

ამის მერე კორიფაძემ ერთხელაც ჩააბზრიალა ბურთი "მერანის" საჯარიმოში, მაგრამ ნიკა სიჭინავას თავური ზუსტი ვერ გამოდგა.

შესვენების შემდეგ "მერანს" ნიათი არ მომატებია, რაღაცას კი ცდილობდა, მაგრამ დალაგებული თამაში არ გამოსდიოდა; "ვიტ ჯორჯიამ" კი გაილაღა - კორიფაძემ კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც შეცვლაზე შესულმა ილია პავლიაშვილმა შეროზიას ვერ აჯობა. შეტევა კი ჯანელიძემ გააგრძელა და ისე დაუგორა ბურთი კორიფაძეს, რომ გატანა ძნელი აღარ იყო.

მესამე გოლი "ვიტ ჯორჯიამ" კონტრშეტევას მოაყოლა - პავლიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და კორიფაძემ, დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან, გარე ტერფით ოსტატურად გაახვია ბურთი ბადეში.

მასპინძლებს მეოთხე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა აკაკი წყაროზიამ შანსი ვერ გამოიყენა. ამასობაში "მერანი" ოდნავ გამოცოცხლდა და გამოცდილმა შოთა ბაბუნაშვილმა ოციოდე მეტრიდან სცადა ბედი - ნიკა დაუშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს, როცა პაპუნა ფონიავამ კუთხური ჩააწოდა, თემურ ფარულავას ახლოდან შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, თუმცა მისი თავური კარისგან განზე წავიდა.

შეხვედრას თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა. საინტერესოა, რა ჩაინიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა?..

უმაღლესი ლიგის IV ტური
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და "ზესტა" ისევ *** :(:(
zestafani!
13:04 02-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული