გურულთა წარმატებაში დიდი წვლილი კლუბის ერთადერთ ლეგიონერს, არნო ჩუენსუს მიუძღვის, რომელიც, სხვათა შორის, "ლელოს" სიმბოლურში მეორედ მოხვდა.
კამერუნელი "ჩელე-არენაზე" საუკეთესო იყო და, ზოგადადაც, ამ სეზონში "გურიას" რიგებში ყველაზე გამორჩეულია.
ჩუენსუს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს კლუბის ქომაგებთან. ქალაქში მას ყველა სცნობს და ესალმება. ლანჩხუთელებმა არნოს გვარიც "შეუცვალეს" და სიყვარულით რაიონში ყველაზე მრავალრიცხოვან და მის
მოდით, ახლოს გავიცნოთ "გაგურულებული" კამერუნელი:
- არნო, უპირველესად, გილოცავ კარგ თამაშს და სახელოვანი თბილისის "დინამოს" დამარცხებას...
- ძალიან დიდი მადლობა, მართლაც კარგი თამაში გამოგვივიდა. ყველაფერი გავიღეთ და სასიხარულოა, რომ წარმატებას მივაღწიეთ.
- ასე კარგად როგორ საუბრობ ქართულად?
- უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ვარ, თან ჭკვიანი ბიჭი ვარ (იცინის და თავზე იკიდებს ხელს - ავტ.) და როგორ ვერ ვისწავლიდი? გურული სიტყვებიც კი ვისწავლე (იღიმის).
- როგორც ვიცი, საქართველოში ძმამ ჩამოგიყვანა...
- კი, ჩემი ძმა ერიკ-რომეო ჩასემი "ზესტაფონში" იყო და მეც ამ გუნდში ვიყავი თავიდან, სამი თვე დავყავი ზესტაფონში, შემდეგ ერთი წელი "ნორჩ დინამოში" ვიყავი... უკვე წელიწად-ნახევარია, რაც "გურიაში" ვარ...
- მოგწონს აქაურობა?
- რომ არ მომწონდეს, ამდენ ხანს არ დავრჩებოდი, ხო? არც კონტრაქტს გავაგრძელებდი. "გურიაში" თამაში ძალიან კარგია, მაგარი გულშემატკივრები გვყავს და გვინდა, მათი იმედები გავამართლოთ.
- კამერუნში დიდი ხანია არ ყოფილხარ. მიზეზი რა არის?
- რაღაც პრობლემა შემექმნა საბუთებთან დაკავშირებით და ხომ იცი, აქ კლუბშიც პრობლემები იყო - არ ვიცოდი, ვინ იქნებოდა ხელმძღვანელობა, ამან დრო წაიღო და ამის გამო ვერ მოვახერხე. ახლა ვცდილობ, მოვაგვარო ეს საკითხი.
- იქ სათამაშოდ დაბრუნებას ხომ არ აპირებ?
- ვერ ვიტყვი, რა იქნება შემდეგში. ჩვენთან, კამერუნში 3-4 კარგი გუნდია, ძლიერი ჩემპიონატიცაა. 17 წლის ვიყავი, საქართველოში რომ წამოვედი, მეოთხე წელია აქ ვარ. მინდა, ჯერ აქ დავამტკიცო, რა შემიძლია და შემდეგ კარგ კლუბში მოვხვდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "გურიაში" ყოფნა არ მომწონს. ძალიან მიყვარს აქაურობა, მინდა "გურიასთან" ერთად წარმატებებს მივაღწიო. ყველა ფეხბურთელი ფიქრობს უფრო ძლიერ გუნდში გადასვლას და ეს შანსი აქ კარგი თამაშის გარეშე არ მომეცემა.
- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვი?
- ნორმალურია უმაღლესი ლიგა, რამდენიმე კარგი გუნდია. პირველ ლიგაშიც იყო დაძაბულობა, თუმცა იქ მხოლოდ 3-4 გუნდს თუ გამოარჩევდი.
- ჯერ მხოლოდ ოთხი ტური ჩატარდა და ორჯერ სიმბოლურში მოხვდი, წაგებულ შეხვედრებშიც გამორჩეული იყავი. შენც ფიქრობ, რომ ძალიან მოუმატე?
- არ ვიცი, ეს ჟურნალისტებმა უნდა თქვათ (იღიმება). მადლობა ყველას, ვინც ჩემს თამაშს დადებითად აფასებს, თუმცა ეს არ მომადუნებს - კიდევ უნდა მოვუმატო და დარწმუნებული ვარ, შემიძლია კიდეც.
- "გურიას" შანსებს როგორ აფასებ?
- ვფიქრობ, ექვსეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ორი თამაში წავაგეთ, თუმცა ამას არ ვიმსახურებდით. ამ ორიდან მინიმუმ ერთი მაინც უნდა მოგვეგო. ამის შანსიც გვქონდა, მაგრამ არ გამოვიდა.
- ლანჩხუთში თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- ინტერნეტი მაქვს, ოჯახთან და მეგობრებთან ვსაუბრობ; თუ პაუზა გვაქვს, თბილისში მივდივარ მეგობრებთან.
- "გურიაში" ვისთან მეგობრობ?
- ყველასთან. საერთოდ, მეგობრული გუნდი გვყავს. მე განსაკუთრებით ახლოს ვარ ალეკო შენგელიასთან.
- ქართულ საჭმელებს როგორ შეეგუე?
- თითქმის ყველაფერი მომწონს, ძალიან კარგი სამზარეულო გაქვთ.
- მაინც რომელს გამოარჩევ?
- მწვადი მომწონს ძალიან, მაგარია...
- ხაჭაპური, ხინკალი?
- კი, ორივე. ხაჭაპური იმერული.
- ქართველ გოგონას არ მოიყვანდი ცოლად?
- ჯერ არ მყავს შეყვარებული და თუ ქართველი იქნება, არ არის პრობლემა, პირიქით (იცინის).
- სად არის ახლა შენი ძმა?
- კამერუნშია და იქ თამაშობს.
- ლანჩხუთელ ქომაგებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს?
- ისეთი სითბო ვიგრძენი მათგან, არ შეიძლება, კარგი თამაშით არ გადავუხადო მადლობა. გურიაში მართლა ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ვიცი, რომ პატივს მცემენ და მეც ყველა ძალიან მიყვარს. "გურიას" საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს!
- არნო, ლანჩხუთელებმა გურულების სიაში უკვე ჩაგწერეს და გვარიც "მოგცეს". შემოთავაზების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდები?
- თუ დამიძახებენ, ვნახოთ... ჯერ დამიძახონ და დავფიქრდები (იღიმის)...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გურია-დინამო 2:1 - გურული ფირალები და გაძარცვული ჩემპიონი [VIDEO]
უმაღლესი ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თან დავფიქრდებიო :D :D