გორის "დილა" არ იშლება - რატომ წავიდა მახეილ გორელიშვილი მოსკოვში?

AutoSharing Option
დარჩებიან თუ არა გორის "დილაში" მისი ლიდერები? კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპალიგის პლეი ოფში ვენის "რაპიდთან" წაგების შემდეგ, გუნდი ორმა ლიდერმა - გიორგი ილურიძემ და ლაშა გვალიამ დატოვა.

მათი ტრანსფერების ამბავი "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის და თავს აღარ შეგაწყენთ. ამასობაში, გავრცელდა ხმები, რომ მზადდებოდა კიდევ ერთი ტრანსფერი.

"ლელოს" აცნობეს, რომ "დილას" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე არ გამოცხადდა თავდამსხმელი მიხაილ გორელიშვილი და რომ ის ამ დროს მოსკოვში იმყოფებოდა.

ხმები მხოლოდ ნაწილობრივ დადასტურდა, საბოლოოდ კი, გუნდიდან 19 წლის ფორვარდის წასვლა ჭორი აღმოჩნდა.

"ეტყობა, გაიგეს, რომ გორელიშვილი მოსკოვშია და ჭორებიც ამის გამო გავრცელდა. დიახ, მიშა რუსეთში მართლაც გაემგზავრა, მაგრამ არა იმიტომ, რომ "დილა" დატოვა.

საქმე ისაა, რომ გორელიშვილი რუსეთის მოქალაქეა. მაგრამ უცხოური პასპორტის მოქმედების ვადა დაუსრულდა და მოსკოვში ახლის ასაღებად წავიდა. ეს საკითხი უკვე მოაგვარა, თბილისში ჩამოფრინდა და ისევ ჩვენთან ითამაშებს"
, - გვითხრა გორელთა გენერალურმა მენეჯერმა ლევან სილაგაძემ.

მისივე თქმით, კლუბიდან ფეხბურთელების ისეთი კატასტროფული გადინება არ დაწყებულა, როგორზეც ევროთასების დაწყებამდე ლაპარაკობდნენ:

"ამაზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც არ იცის, რა ხდება გუნდში. "დილაში" დარჩა ნუკრი რევიშვილიც და გულვერდ თომაშვილიც, რომელთა წასვლაზეც ასევე ბევრს ლაპარაკობდნენ.

მოკლედ, ჩვენ შემადგენლობის შენარჩუნება და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება გვსურს. "დილადან" მხოლოდ ლაშა გვალია და გიორგი ილურიძე წავიდნენ და ეს არ ნიშნავს გუნდის დაშლას. მათ ძალიან კარგი ვარიანტები გამოუჩნდათ და ხელი არ შევუშალეთ. პირიქით, მადლობა გადავუხადეთ და გზა დავულოცეთ.

აქ უაზრო სიჯიუტე საჭირო არ არის, რადგან თავად ვიყავით ფეხბურთელები და როცა ნიჭიერ ახალგაზრდას კარიერის აწყობაში ხელს უშლი და მილიონებს ითხოვ, ეს დანაშაულია. ამით ეროვნული ნაკრების პოტენციურ წევრთა მომავალსაც კლავ".

რაც შეეხება "ზესტაფონის" ყოფილ ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს, რომლის გარშემოც კლუბი ჯერ კიდევ აგრძელებს დავას, "ლელო" მასზეც წერდა, თითქოს გორის "დილას" აინტერესებდა. სილაგაძემ ეს ინტერესი დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ყველანაირად ეცდება, გორგიაშვილი "დილაში" თამაშზე დაითანხმოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიხაილ გორელიშვილი: დედა რუსი კი მყავს, მაგრამ სისხლი თავისას შვრება
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორელიშვილი მარტო მოაქალაქე კიარა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული..
Vako
22:32 07-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული