ამ რამდენიმე წლის წინათ იყო, მუხრანში "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" დუბლების მატჩს რომ დავესწარი. "ვიტ ჯორჯიას" მაშინ ძლიერი რეზერვი ჰყავდა და იმ სეზონში დუბლიორთა გათამაშების ჩემპიონიც გახდა.
ის შეხვედრა კი მხოლოდ "ვიტ ჯორჯიას" კარგი ახალგაზრდული გუნდის გამო როდი დამამახსოვრდა - "გაგრაში" თამაშობდა ისეთი ცენტრალური მცველი, ვისაც იმ შეხვედრაში შეცდომა არ დაუშვია, ყველა ორთაბრძოლა მოიგო და თანაგუნდელებს ბურთის ამოტანაშიც ეხმარებოდა...
ლაშა კალანდაძე მაშინ 19
"ვვარჯიშობდი "ზესტაფონში", ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მერე რაღაც მიზეზის გამო მომიწია იქიდან წამოსვლა. ეს სპორტული მიზეზი არ ყოფილა, პირადული იყო", - გვითხრა კალანდაძემ, რომელიც ახლა პირველლიგელი "გაგრას" კაპიტანია.
მაინც რატომ ვერ წაიწია წინ კალანდაძემ ისე, როგორც მისგან სპეციალისტები ელოდნენ? ამ კითხვაზე ლაშა ასე პასუხობს:
"ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვიყავი გამოძახებული, მაგრამ... მე მაინც მგონია, რომ მიზეზი უიღბლობა და ტრავმიანობა იყო. "გაგრასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და ვნახოთ, მერე რა იქნება".
კალანდაძის გადაბირება რამდენიმე გუნდს სურდა, მაგრამ კარგი ფეხბურთელი კარგი ფასიც ღირს. "გაგრას" არაერთი სარფიანი ტრანსფერი აქვს გაჩარხული და, შესაბამისად, აქვს გამოცდილება, როგორ გაასხვისოს ფეხბურთელი. ოღონდაც, ტრანსფერი ისეთი რამეა, რამდენიმე ფაქტორზე რომ არის დამოკიდებული და იოლად ვერ გამოდის.
იყო დრო, "გაგრა" უმაღლეს ლიგაში რომ თამაშობდა, 2011 წელს კი საქართველოს თასიც მოიგო. ახლა კი ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ ლიგაშია და უკვე მორიგ ცდაზეა უმაღლესში დასაბრუნებლად...
"უმაღლესში მანამდეც უნდა გადავსულიყავით, მაგრამ არ გვიმართლებდა, მიმდინარე სეზონში კი აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი კონკურენტები ქობულეთის "შუქურა" და ფოთის "კოლხეთი" იქნებიან.
"გაგრა" ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე მანამდე იყო. დაგვიბრუნდა ოვონიკოკო და სხვა საკმაოდ კარგი ფეხბურთელებიც გვყავს. ჩემი აზრით, "გაგრას" ისეთი კონტინგენტი ჰყავს, ასეთი მოთამაშეები უმაღლესი ლიგის ზოგ გუნდს რომ არ მოეპოვება. "გაგრა" ახლა რომ თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში, ვფიქრობ, ზედა ექვსეულში იქნებოდა", - ამბობს კალანდაძე.
"გაგრას" კაპიტანმა ისიც გვითხრა, რომ უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და რომ ეს ჯერ მარტო მოედნებითა და სხვა დანარჩენი პირობებითაც ნათლად ჩანს.
ამ დროისთვის "გაგრა" თბილისში, "მერანის" სტადიონზე თამაშობს საშინაო მატჩებს, ცოტა ხანში კი მიხეილ მესხის სახელობის არენის მეორე მოედანზე გადაინაცვლებს - ამ სტადიონის ტრიბუნისა და გასახდელების მშენებლობა მალე უნდა დასრულდეს...
"გაგრა" ყველანაირად ახლოს არის უმაღლეს ლიგასთან. ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს საკუთარი გეზი, პოლიტიკა და გამოირჩევა მკაცრი დისციპლინითაც.
"ამ მხრივაც, ჩვენთან სერიოზული მიდგომაა. თანაგუნდელების სახელით მადლობა მინდა ვუთხრა ზვიად ჯელაძეს მკაცრი დისციპლინისთვის", - გვითხრა კალანდაძემ და, დამეთანხმებით, ხშირად არ ხდება, როცა ფეხბურთელი მწვრთნელს ამის გამოც ემადლიერება.
22 წლის კალანდაძე თავის გზას იპოვის - ასეთად ჩანს ის თავისი მონაცემებითა და მიზანდასახულობით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"