მოდით, ვნახოთ, ვინ როგორ გამოიყენა ორკვირიანი პაუზა...
ლიდერი დუბლების წინააღმდეგ
"საჩხერეში ვემზადებით და მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, - გვითხრა "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, რომლის გუნდიც ეროვნული ჩემპიონატის ლიდერია, - ჩვენს დუბლებს ვეთამაშეთ და 5:0 მოვუგეთ.
გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები არ არის. "ჩიხურა" უკვე დაკომპლექტებულია. ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს ბესიკ დეკანოიძე, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების შეკრებიდან დაგვიბრუნდა".
V ტურში საჩხერელები მარტვილის "მერანს" ესტუმრებიან და სატურნირო ცხრილში
აუხდენელი ჩანაფიქრი: ერთი კარგი შეკრება...
13 სექტემბერს "ზუგდიდს" სერიოზული გამოცდა ელის - კობა წიტაიშვილის გუნდი თბილისში "დინამოს" სტუმარი იქნება.
"ყველამ იცის, რომ "ზუგდიდმა" სეზონის დაწყებამდე ერთი ნორმალური მოსამზადებელი შეკრებაც კი ვერ გაიარა. იმედი მქონდა, რომ სეზონის მსვლელობისას, როცა სანაკრებო პაუზა მოგვცემდა ამის საშუალებას, ერთ შეკრებას მაინც ჩავატარებდით - ორჯერადი ვარჯიშებით, კარგი კვებით და ასე შემდეგ...
მაგრამ ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელეთ. თუ რა იყო ამის მიზეზი, მგონი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ზუგდიდის მერია ყველანაირად გვერდში გვიდგას, უკვე ხელფასებიც დროულად რიგდება, მაგრამ...
ფინანსები მწირია და ასეთი შეკრებებისთვის საკმარისი არ არის. ორჯერად ვარჯიშებს ვინღა ჩივის, ერთსაც ძლივს ვატარებდით, რადგან გუნდს სავარჯიშო მოედნის პრობლემაც აქვს.
არადა, ხანმოკლე შეკრება ჰაერივით გვჭირდებოდა. თან, "დინამოს" უნდა შევხვდეთ და მინდა, თბილისში ღირსეული გუნდი ჩავიყვანოთ...
საერთოდ, რასაც ვუყურებ, ქართულ ფეხბურთს მრავალი პრობლემა კი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე ძნელი მოსაგვარებელი ჩანს. მიმაჩნია, რომ მისი ფეხზე დაყენება ადვილია - ეს მინიმალური პირობებითაც შესაძლებელია.
არადა, უნიჭიერესი ბავშვები გვყავს - კანკია, აფაქიძე, გუგუჩია, სიხარულია, რიგვავა... თითოეულ მათგანს ევროპაში საკმაოდ კარგ დონეზე თამაში შეუძლია, მაგრამ შესაძლებლობა რომ გამოავლინონ, ძალა და გამძლეობა სჭირდებათ, არასტაბილური და არასრულფასოვანი მომზადებით კი ეს შეუძლებელია", - სწუხს ზუგდიდელთა მთავარი მწვრთნელი.
ვისარგებლოთ შემთხვევით და "ზუგდიდელ ფარაონებზეც" ვთქვათ. გუნდმა კიდევ ერთი ეგვიპტელი ფეხბურთელი დაიმატა - 31 წლის ფორვარდი ჯამალ ჰამზა, რომელიც უკვე საქართველოშია. კარიერა მან ეგვიპტის ყველაზე პოპულარულ კლუბ "ზამელექში" დაიწყო; უთამაშია გერმანულ "მაინცშიც" (2008-09), ბოლოს კი სამშობლოში "ალ სინას" (2012-13) ღირსებას იცავდა. ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში ჰამზამ 5 გოლი გაიტანა.
იყო ლაპარაკი, რომ ჰამზასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდოდა აჰმედ აბუ მოსალემიც, რომელსაც ფრანგულ "სტრასბურსა" და "აიაჩოში" უთამაშია, მარცხენა მცველია და ევროტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს. წიტაიშვილს ამ ტრანსფერზეც ვკითხეთ:
"ტრანსფერი შეფერხდა, მოსალემი ვერ ჩამოდის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს. ზუსტი პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება.
საქმე ისაა, რომ მოსალემის სატრანსფერო უფლება ბელგიურ "ლიერსს" ეკუთვნის. ფეხბურთელმა ჯერ დადებითი პასუხი გვითხრა, მაგრამ ახლა შემოგვითვალა - შესაძლოა, ბელგიაში დავრჩეო.
სხვა მოთამაშესაც ველაპარაკეთ, რომელიც ასევე მარცხენაფლანგელია და საყრდენის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. ამ პოზიციის და საერთოდ - გუნდის გაძლიერება, სასწრაფოდ გვესაჭიროება, რათა უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ".
ჰამზამ შაბათს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და შესაძლოა, თბილისის "დინამოს" წინააღმდეგაც ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ "ზუგდიდმა" სანაკრებო პაუზა ხანმოკლე შეკრების მოსაწყობად გამოიყენა. უკვე ერთი კვირაა, გუნდი "ბაიას" ბაზაზე ემზადება.
გურია ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა
...დიახ, თბილისის "დინამოსთან" სენსაციური გამარჯვებით გახარებული გურულები მართლაც ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდნენ. "გურიას" თავკაცი დავით მახარაძე გუნდის ხანმოკლე შეკრებაზე გვიამბობს:
"სეზონისთვის ნორმალურად ვერ მოვემზადეთ. შემადგენლობა, ფაქტობრივად, ორჯერ შევცვალეთ და ფეხბურთელებს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდებოდათ. ამიტომ პაუზა ხანმოკლე შეკრებისთვის გამოვიყენეთ.
ამავე დროს, 8 სექტემბერს ფოთის "კოლხეთს" ორი შემადგენლობით ვეთამაშეთ: დუბლებმა 1:3 წააგეს, სადაც გოლი ლევან ჩაგელიშვილმა გაიტანა. ძირითადმა კი, ალეკო კოშკაძისა და ალექსანდრე შენგელიას გოლებით, 2:0 გაიმარჯვა.
ამ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ მოთამაშეები ფორმაში შედიან და ფიზიკურად უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე საწყის თამაშებში. სწორი და გააზრებული ვარჯიშებით ამ პრობლემის მოგვარება ნაწილობრივ მაინც არის შესაძლებელი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ თბილისის "დინამოსთან" მოგებულ შეხვედრაში მეტოქემ ვერც თამაშით დაგვჩაგრა და ვერც - ფიზიკურად.
13-დან 29 სექტემბრამდე ძალიან მძიმე და მჭიდრო კალენდარი გვაქვს: 13-ში ქუთაისის "ტორპედოს" ვესტუმრებით, 17-ში თასზე - თერჯოლის "საპოვნელას" და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ, რადგან პირველი მატჩი 5:1 მოვიგეთ. ამის შემდეგ კიდევ სამი მატჩი გველის: "მეტალურგთან", "ზესტაფონთან" და კვლავ თასზე.
დამეთანხმებით, 16 დღეში 5 მატჩი პატარა ამბავი არ არის. ამ შემთხვევაში, მთავარია, გვქონდეს აღდგენითი საშუალებები და ძალები გვეყოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარე. ბიჭები არ უნდა "გადაიწვან". მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების", - ამბობს მახარაძე.
იყო იმედი, რომ ლანჩხუთის "გურიას" ფინანსური პრობლემები თბილისის "დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ მაინც მოგვარდებოდა, მაგრამ...
"ამ მხრივ, ჯერ ახალი არაფერია. ბიჭები მდგომარეობას გაგებით კი ეკიდებიან, მაგრამ დღემდე ყველაფერი უცვლელია და უკეთესობა არ ჩანს. თუმცა კი გვარწმუნებენ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და მალე "გურიას" ნორმალური დაფინანსება ექნება. ვნახოთ, იმედია, ასეც მოხდება, მაგრამ დრო გადის..." - წუხს მახარაძე.
"გურიაში" საკადრო ცვლილებები არ მომხდარა და არც დაპირებული უკრაინელი ფეხბურთელები ჩამოუყვანიათ:
"სამწუხაროდ, ქუთაისში არნო ჩუენსუ დაგვაკლდება. კამერუნელმა ლეგიონერმა ორი ყვითელი ბარათი მსაჯებთან კამათისთვის მიიღო, მაგრამ გაუგებარია, ბოლნისის "სიონთან" მესამედ რატომ გააფრთხილეს - არადა, კახელიშვილმა მას ფეხი ჩაარტყა და მოედანზე დაეცა. ეტყობა, ასეთებიც ხდება.
საბედნიეროდ, ყველა სხვა მოთამაშე ჯანმრთელად არის და არაფერს უჩივის. გვქონდა იმედი, რომ უკრაინიდან ლეგიონერებს ჩამოგვიყვანდნენ, მაგრამ ესეც ფინანსებს უკავშირდება და, როგორც ვხვდები, ლეგიონერების დამატება გამოირიცხა".
მერანს განახევრებული ზესტაფონიც ეყო
საწვრთნელი მატჩი გამართა "ზესტაფონმაც". ზემოიმერლები მარტვილის "მერანს" შეხვდნენ. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, რატკო დოსტანიჩს სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები (როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი და თედორე გრიგალაშვილი) აკლდა.
ამას გარდა, ტრავმების გამო არ უთამაშიათ გიორგი ჭანკოტაძეს, იგორ იელიჩს, ვახტანგ ჭანტურიშვილს, ბორისლავ ტერზიჩს, ნოდარ კიკნაველიძეს, ლევან შარიქაძესა და გიორგი კაჭკაჭიშვილს.
ამის გამო ზესტაფონელთა სერბმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: მახათაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, გაგოშიძე, კანდელაკი, კუტალია (70. რაჟამაშვილი), აჯურუ, ენდელაძე (70. რეკრუკი), გურული (46. სამუშია), ქობალია (65. ლომია), ადამია (65. სარდალიშვილი).
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ზესტაფონელთა უპირატესობით (განსაკუთრებით, მეორე ტაიმი) წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. არადა, შეხვედრის დასაწყისში სტუმრები ლაშა კუჭუხიძის გოლით დაწინაურდნენ. მასპინძელთაგან კი თავი მალხაზ გაგოშიძემ და ირაკლი ქობალიამ (დუბლი) გამოიჩინეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"