გურული რომანი - ლანჩხუთის "გურიას" რომან პოკორა გაწვრთნის

AutoSharing Option
ფოტოზე: ამირან გიგინეიშვილი, ზაზა ურუშაძე, რომან პოკორა, კობა მირზაშვილი

"ლელოს" წინა ნომერში გამოქვეყნებული ექსკლუზიური ინფორმაცია ახდა - "გურიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დავით მახარაძეს 63 წლის უკრაინელი რომან პოკორა შეცვლის.

სანამ პრესკონფერენციაზე გადავალთ, მახარაძის პოზიციას გაგაცნობთ:

"ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. არ მაქვს პრეტენზია, ვინც ფულს იხდის, ვისაც უნდა, იმას დანიშნავს, თუმცა ამის შესახებ მე გაზეთიდან არ უნდა გამეგო.

ამის შემდეგ რაც უნდა მოხდეს, "მეტალურგთან" გუნდს არ გავიყვან.

საერთოდ არაფერი ვიცოდი, სამშაბათს სათასო თამაში გვქონდა თერჯოლაში და არავის არაფერი უთქვამს. ფოთში ჩამოსულმა
გავიგე ეს ამბავი და დირექტორს რომ დავურეკე, ვეღარ უარყო",
- გვითხრა მახარაძემ.

ლანჩხუთელთა ახალი მწვრთნელი ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილისა და "გურიის" დირექტორ კობა მირზაშვილის თანხლებით წარადგინა.

ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის გამგებელი:
- მინდა წარმოგიდგინოთ გუნდის ახალი მწვრთნელი რომან პოკორა, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი.

როცა გამგებლად დავინიშნე, ვთქვი, რომ "გურია" არ იქნებოდა მაჩანჩალა გუნდი. ჩვენ მიზნისკენ გეგმაზომიერად მივდივართ. სულ მალე ვეცდებით, ფეხბურთელებიც დავიმატოთ. თუმცა ეს უკვე მწვრთნელის კომპეტენციაა. ცენტრალური მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი რომ გვჭირდება, ალბათ, ამაში ყველა მეთანხმებით.

- ბატონო ზაზა, რა გახდა დავით მახარაძის გათავისუფლების მიზეზი?
- ჩვენ ის არ გაგვითავისუფლებია. ვთავაზობთ, დარჩეს გუნდში და გააგრძელოს მუშაობა.

- რა თანამდებობაზე?
- მთავარი მწვრთნელის გარდა, არის სხვა თანამდებობებიც, მაგალითად, მწვრთნელის პოსტი, უფროსი მწვრთნელის თუნდაც... თუ მისი სურვილი იქნება, გუნდში დარჩება იგივე ანაზღაურებით.

- რატომ არ ჩააყენეთ მახარაძე საქმის კურსში? მან ეს გაზეთიდან გაიგო...
- ამაზე კლუბის დირექტორი გიპასუხებთ.

კობა მირზაშვილი, გურიის დირექტორი:
- ჩვენ მას სამშაბათს ვაცნობეთ ამის შესახებ. მოლაპარაკებები მიდიოდა და წინასწარ არაფერი ვიცოდით...

ზაზა ურუშაძე:
- ჯერჯერობით კონტრაქტი გაფორმებული არ არის, არც დეტალებია დაზუსტებული.

- თუმცა მთავარ მწვრთნელს უნდა სცოდნოდა თუნდაც მოლაპარაკებების შესახებ. მისი მუშაობითა და "გურიის" თამაშით უკმაყოფილო იყავით?
- ნამდვილად არა. რაც მან გუნდი ჩაიბარა და თან - როგორ სიტუაციაშიც, უკმაყოფილოები არ ვიყავით.

- აბა, რა საჭირო იყო მისი შეცვლა?
- ჩვენ უფრო მეტს ვითხოვთ და ამიტომაც მოვიწვიეთ ბატონი პოკორა. "დინამოსთან" თამაშის შემდეგ ფეხბურთელების ფიზიკურად მომზადება ვერ მოხერხდა. სწორედ ამის გამო წავაგეთ ქუთაისში. უკრაინელმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ ბატონი რომანი გუნდებს ფიზიკურად კარგად ამზადებს. თუ წარმატება არ იქნება, მასაც შევცვლით.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია ახალი მწვრთნელის ანაზღაურება?
- რაც დავით მახარაძეს ჰქონდა, იმ თანხას მიიღებს.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
- 2500 ლარი.

რომან პოკორა, გურიის მთავარი მწვრთნელი:
- "გურიას" შესახებ, რა თქმა უნდა, ადრეც მსმენია. ეს არის ქართული ბრენდი და აქ მუშაობას ამიტომაც დავთანხმდი. თუნდაც პრესკონფერენციაზე ამდენი ადამიანის შეკრება მიანიშნებს იმ ინტერესზე, რაც "გურიის" მიმართ არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქომაგები გავახაროთ!

- ბატონო ზაზა, როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?
- დარიგებულია პრემიალურები, გასასტუმრებელია ხელფასები. ამ ეტაპზე, როგორც იცით, ბიუჯეტში ცვლილება არ შეიძლება, თუმცა ვეცდებით, უახლოეს დღეებში ერთი თვის ხელფასი დავარიგოთ.

- "მეტალურგთან" გუნდს ახალი მწვრთნელი გაიყვანს?
- არა. მას რამდენიმე დღე დასჭირდება გუნდის გასაცნობად. იმის შემდგომ ტურიდან გუნდს უკვე ბატონი რომანი უხელმძღვანელებს.

- რა ხდება სპონსორთან დაკავშირებით?
- სამ ინვესტორთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას: ერთი ბერძენია, მეორე - რუსი, ხოლო მესამე - ქართველი. სხვათა შორის, ბერძენიც წარმოშობით წალკიდანაა. საუკეთესო ვარიანტს შევარჩევთ.

- ალბათ, საუბარი იქნება იჯარაზე...
- ვნახოთ, მოლაპარაკების დეტალები იქნება საჯარო. ისე გავაკეთებთ, რომ "გურია" არ დაზარალდეს. რა თქმა უნდა, თავისი პირობა ექნება ინვესტორსაც. ის დრო დამთავრდა, როცა ინვესტორს აძალებდნენ კლუბის შენახვას.

- ბატონო ზაზა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე თუ დაპატიჟეთ გურიის რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლები?
- ვერ გეტყვით, კლუბის დირექტორს და პრესსამსახურს ჰკითხეთ.

- რადგან დაპატიჟება-არდაპატიჟებაზეა საუბარი, გეტყვით - ამ პრესკონფერენციაზე ქვეყნის მთავარი სპორტული გამოცემა "ლელო" არ მოგიწვევიათ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ გაზეთს წარმოვადგენ. უბრალოდ, ბოლო მომენტში გავიგე კოლეგებისგან...
- მე გავაფრთხილე კლუბის წარმომადგენლები, რომ ყველა ჟურნალისტი დაეპატიჟებინათ...

იქვე "გურიის" პრესსამსახურის უფროსმა კესო მახარაძემ თქვა - ვისაც მივწვდით, ყველა დავპატიჟეთო. კი, მაგრამ "ლელო" როდის აქეთაა მიუწვდომელი? თუ ვინმეს რეგიონულ კორესპონდენტთან აქვს პრობლემა, სათავო ოფისში მაინც შეიძლებოდა დარეკვა...

პრესკონფერენციის ბოლოს რომან პოკორა შევითანხმეთ, რომ ამ დღეებში ექსკლუზიურ ინტერვიუს მოგვცემს.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით დავით მახარაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ რომან პოკორასთან საუბრის შემდეგ სამწვრთნელო შტაბში რჩება.

დოსიე
რომან პოკორა
დაიბადა 1950 წელს,ლვოვში (უკრაინა)

ფეხბურთელის კარიერა:
კარპატი (1966-76), მეტალისტი (1976-80), სპარტაკი (ივანო-ფრანკოვსკი, 1981-83);

სამწვრთნელო კარიერა: ვოლინი (ლუცკი, უკრაინა, 1983-85, 1994-96), უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები (1987-88), ზარია (ბელცი, მოლდოვა, 1989-90), ვერესი (როვნო, უკრაინა, 1990-92), კარპატი (ლვოვი, უკრაინა, 1992-94), გეტმანი (ზამოში, პოლონეთი, 1996-98), ოლექსანდრია (უკრაინა, 1999-2006), სიმურგი (ზაქათალა, აზერბაიჯანი, 2006-10), ჰელიოსი (ხარკოვი, უკრაინა, 2011-12).

აქვს პრო-ლიცენზია, არის სსრკ-ის სპორტის ოსტატი, სსრკ-ის თასის მფლობელი და ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი, ორჯერ გაიყვანა გუნდები (კარპატი და სიმურგი) ევროტურნირებზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინ პოკორა ხალხო, სირცხვილია! აფერისტია საშინელი!
KOBA
15:19 19-09-2013
0
ამ ...ა ურუშაძემ ლანჩხუთის სოფლებს მიხედოს პირველ რიგში, წყალს რომ მიაქვს ბევრი მათგანი! მარტო ფეხბურთით გურულებს ვერ გააგიჟებს! ერთი კარგი მარკშეიდერიც ხომ არ დაგემატებინათ გუნდში?
გია
15:55 19-09-2013
0

სიახლეები პოპულარული