"გურია" მებრძოლი გუნდია და ზემოიმერლები წინასწარ ქულებს ვერ დაგეგმავდნენ, მით უმეტეს, შარშანდელიც კარგად ემახსოვრებოდათ, როცა თასის მეოთხედფინალიდან სწორედ გურულებმა გამოთიშეს (გასვლაზე 1:0 მოგების შემდეგ "ზესტაფონი" შინ 2:3 დამარცხდა).
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, ქობალია ზედიზედ ორჯერ დაემუქრა სტუმართა კარს. უფრო სახიფათო მეორე
ამის შემდეგ თამაში დაბალ ტემპში გაგრძელდა. გუნდები ძალიან დუნედ მოქმედებდნენ და სახიფათო მომენტებიც არ იქმნებოდა. ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი ისე მიილია, ზესტაფონელებს კარში არ დაურტყამთ.
სტუმრებს კონტრშეტევებზე ჰქონდათ თამაში აწყობილი, ერთი-ორჯერ სწრაფადაც გადავიდნენ საპასუხო იერიშზე, მაგრამ - უშედეგოდ.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა უფრო ენერგიულად შეუტიეს. სამუშიასა და გურულის შეტევები ბობღიაშვილმა მოიგერია.
ზესტაფონელებს რომან პოკორას შეგირდებიც არ დარჩნენ ვალში და მათი მწვავე იერიში კვასხვაძემ გააუვნებელყო.
ამის შემდეგ კვლავ მასპინძლების ჯერი დადგა. ჯერ სამუშიას ჰქონდა კარგი მომენტი, თუმცა მისი ახლოდან დარტყმული ბურთი ბობღიაშვილმა ნახტომში მოიგერია, ხოლო შემდეგ გურული ვარდნაში ცდილობდა მეტოქის დამწუხრებას, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.
უპირატესობას კვლავ დოსტანიჩის შეგირდები ფლობდნენ, თუმცა მათ ქაოტურ შეტევებს გურულები იოლად უმკლავდებოდნენ, სანაცვლოდ კი კონტშეტევებითა და "სტანდარტულებით" ცდილობდნენ ფონს გასვლას. კოშკაძის ჯარიმას ზესტაფონელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა - მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს, თუმცა სტუმართაგანაც არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ბურთს კარში გადაგზავნიდა.
დოსტანიჩმა შეტევების გასაძლიერებლად ცვლილებებს მიმართა - თამაშში კუტალია და შარიქაძე ჩართო, თუმცა მასპინძლები კვლავ ქაოტურად უტევდნენ. ამასობაში კი გურულებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ - რენე ფერეირამ უწყინარ ვითარებაში კოშკაძეს ჩააბარა ბურთი, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ... კოშკაძისთვის ხელის შეშლა და შეცდომის გამოსწორება თავად ფერეირამვე მოასწრო.
ამ ეპიზოდში ლანჩხუთელთა კაპიტანი ბრაზილიელთან კონტაქტისას საჯარიმოში წაიქცა და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ. არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, ამან კი, როგორც ლანჩხუთელი ფეხბურთელების, ასევე ტრიბუნებზე მყოფი მათი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. "გურიის" მთავარი მწვრთნელიც კარგა ხანს აპროტესტებდა ამ ეპიზოდს.
საკმაოდ მოსაწყენი და უღიმღამო თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ქობალიამ მოედნის ცენტრიდან კუტალიასგან კარგი გადაცემა მიიღო, ბურთიანად ირბინა, საჯარიმოში შეიჭრა, მეურვე ოსტატურად ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში სტუმრები მთელი გუნდით შეტევაში გადავიდნენ და გათანაბრების შანსიც მიეცათ - ზედიზედ სამი კუთხურის შემდეგ ჯოჯუას მიერ ზესტაფონელთა კარისკენ ჩაგდებულ ბურთს გაჩეჩილაძემ ვერ შეუცვალა მიმართულება და გურულებმა ქულის აღების შანსი ხელიდან გაუშვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
დინამო-მერანი 4:2
დილა-სპარტაკი 3:1
მეტალურგი-ზუგდიდი 1:0
სიონი-ჩიხურა 2:2
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 5
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4
VIII ტური
6 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-სპარტაკი
გურია-დილა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
მერანი-ტორპედო
სიონი-დინამო