სიონი-ჩიხურა 2:2 - ბოლნისელებს ჯანი დააკლდათ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" იგივე სტრატეგია აირჩია, რაც სათასო შეხვედრაში ჰქონდა რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონთან" - პირველ ტაიმში ფრთხილად ითამაშა, მეორეში კი გაიხსნა, ანგარიში წაიყვანა და მატჩის ბოლომდე გამძლეობაც რომ შერჩენოდა, გამარჯვებული დარჩებოდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას საჩხერის "ჩიხურა" ფლობდა. ის მეტწილად ფლანგებიდან ცდილობდა ბოლნისელთა დაცვის მორღვევას. აქტიური და სასარგებლო იყო დავით ოდიკაძე, რომელმაც არაერთხელ მოახერხა თამაშის გამწვავება.

ოდიკაძეს საჯარიმო დარტყმის კარგად შესრულებაც ეხერხება და პირველ ტაიმში ისეთი ძლიერი და ხვეული ბურთი გაგზავნა კარისკენ, ზურაბ ბათიაშვილმა "ჩიხურა" გოლისგან იხსნა. "ჩიხურას" კიდევ ჰქონდა შანსი,
როცა სწრაფი იერიში ბესიკ დეკანოიძის ფლანგური ჩაწოდებითა და დიმიტრი ტატანაშვილის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

ამის მერე გიორგი გაბედავამ გამოიდო თავი, ბურთი კარგად მოირგო მარჯვენა ფეხზე, ძალიან ძლიერადაც დააქუხა და ისევ ბათიაშვილმა იმარჯვა.

Sportall.Geტაიმის დასრულებას წამებიღა უკლდა, "ჩიხურამ" მარჯვენა ფლანგიდან რომ შეუტია. მეკარის ბაქნიდან გადმოვარდნილ ბურთს ჯაბა ჯიღაური დახვდა, დაარტყა და ხელზე მოარტყა დავით იმედაშვილს. არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქვე იდგა, ყველაფერი დაინახა და 11-მეტრიანიც დანიშნა, ტატანაშვილმა კი უზადოდ შეასრულა - 0:1.

შესვენების შემდეგ "სიონს" ნიათი მოემატა, რასაც მოჰყვა ის, რომ "ჩიხურას" დაცვა ბურთის ამოტანისას შეცდა. ირაკლი სამხარაძემ ამით კარგად ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლნისელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და რამდენიმე მწვავე იერიში მიიტანეს მეტოქის კართან. გიორგი კახელიშვილის კუთხურს ლადო ახალაიამ მიაყოლა თავური - ბურთი კარიდან ოდნავ განზე წავიდა.

"ჩიხურამ" ერთი, მრავალსვლიანი შეტევა გაახერხა, რაც ოდიკაძის არაზუსტი დარტყმით დასრულდა ოციოდე მეტრიდან. მერე "სიონს" კიდევ ერთხელ შეეძლო მოწინააღმდეგის გამოჭერა შეცდომაზე - გიორგი რეხვიაშვილს თორნიკე აფციაურმა აწაპნა ბურთი და დაჩი ფოფხაძეს გადააწოდა, რომელმაც დარტყმა მეკარე რევაზ თევდორაძეს შეაწყვიტა.

აქედან ცოტა ხანში უკვე ბათიაშვილს მოუწია თავის გამოჩენა - რეხვიაშვილის საჯარიმო დარტყმა კუთხურზე მოიგერია. ერთი სიტყვით, მეორე ტაიმში საინტერესო ბურთაობა გაჩაღდა ორმხრივი იერიშებით.

"სიონმა" სწრაფი კონტრშეტევა გაშალა, ვალერი აბრამიძემ მარჯვნიდან ჩააბზრიალა ბურთი საჯარიმოში, კოკა მიკუჩაძემ კი აფციაურს დაუგორა და ვაჟა ლომაშვილი მის წინააღმდეგ დაჯარიმდა - ბოლნისელთა პენალტისტმა მიკუჩაძემ "სიონი" წინ გაიყვანა.

"ჩიხურა" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიქაჩა, თუმცა დაცვა მოაშიშვლა და "სიონს" რამდენჯერმე შეეძლო ამით ეხეირა, მაგრამ გიორგი კიკნაძის გუნდს თითქოს ჯანი ეცლებოდა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ნიკა კვასხვაძეს ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან შეეძლო გატანა, თუმცა მის დარტყმას რევაზ ქემოკლიძე გადაეღობა და კუთხური დაინიშნა, ნაკუთხურალ ბურთზე კი "სიონის" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ლაშა ჭელიძემ ახლოდან გაათანაბრა ანგარიში.

ხალვათ ტრიბუნებს კმაყოფილება ეტყობოდა. მეორე ტაიმი ისეთი გამოდგა, მზესუმზირის საკნატუნოდ ყველა როდი იცლიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური

დინამო-მერანი 4:2
დილა-სპარტაკი 3:1
მეტალურგი-ზუგდიდი 1:0
ზესტაფონი-გურია 1:0

Sportall.Ge
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 5
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

VIII ტური
6 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-სპარტაკი
გურია-დილა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
მერანი-ტორპედო
სიონი-დინამო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული