ფეხბურთელების მსგავსად, საქართველოში უცხოელი მწვრთნელების ჩამოსვლაც აღარ გვიკვირს; თუმცა, ისევ და ისევ ფეხბურთელებთან თუ გავავლებთ პარალელს, ყველა უცხოელ მწვრთნელზეც ვერ ვიტყვით, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყოო.
მაგრამ რას ვიზამთ, - ეს ხომ შეუქცევადი პროცესია და ამა თუ იმ ქართული კლუბის ხელმძღვანელმა თავისი გუნდის ასაღორძინებლად (თუ - გადასარჩენად) რახან უცხოელი სპეციალისტი მოიწვია, ესე იგი, საჭიროდ ასე მიიჩნია!
თუმცა, მეორე მხრივ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატის ამ 23-წლიან ისტორიაში,
აქვე საპირისპირო მაგალითებიც უნდა გავიხსენოთ და აუცილებლად ვთქვათ, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე მართლაც კვალიფიციურ უცხოელ სპეციალისტსაც უმუშავია. ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტის დებიუტი უნდა აღვნიშნოთ: "ზესტაფონის" წინააღმდეგ ლანჩხუთის "გურია" მოედანზე უკრაინელმა რომან პოკორამ გაიყვანა.
ისე, ამას წინათაც აღვნიშნეთ და დღესაც ვერაფრით აგვიხსნია ლანჩხუთელთა კლუბის ხელმძღვანელთა ეს მართლაც უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები: ჯერ იყო და, 11-წლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, წინა სეზონში "გურიას" მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიას მოუწია გუნდიდან წასვლა; თუმცა არანაკლები უცნაურობები წინ გველოდა: ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე "გურიას" მთავარ მწვრთნელად დავით მახარაძე დაინიშნა, რომელმაც, ფაქტობრივად, დაშლილი და მოუმზადებელ-უვარჯიშებელი გუნდი ჩაიბარა და ამის მიუხედავად, ძალიან ბევრისათვის მოულოდნელად, წარმატებებსაც მიაღწია.
წარმატება არ უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტს, როცა საშინაო მატჩების ნეიტრალურ მოედანზე ჩამტარებელი გუნდი (სეზონის წინ არანაირი შეკრება რომ არ გაუვლია) ექვსი ტურის მერე, ცხრა ქულას რომ დააგროვებს? თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ტურიდან ტურამდე დაკომპლექტების სტადიაში მყოფმა "გურიამ" "მეტალურგსაც" მოუგო და თბილისის "დინამოსაც";
მაგრამ, ეტყობა, ეს "საკმარისი" არ ყოფილა და აი, XXV ჩემპიონატის პირველი სამწვრთნელო გადაადგილებაც ვნახეთ: "გურიას" მთავარ მწვრთნელად 65 წლის რომან პოკორა იმუშავებს, დავით მახარაძე კი მისი ასისტენტი იქნება...
ზოგი მართლაც მწვრთნელი იყო...
საქართველოს XXV ჩემპიონატში რომან პოკორა მეოთხე უცხოელი მწვრთნელია: თბილისის "დინამოს" ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი (უმცროსი) წვრთნის, "ზესტაფონს" - რატკო დოსტანიჩი (სერბეთი), ხოლო "ტორპედოს" - ჟერარდ სარაგოსა (ესპანეთი).
მსგავსი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა 2002-03 წლების სეზონში ოთხი უცხოელი მწვრთნელი მოღვაწეობდა ჩვენთან: ივო შუშაკი (ხორვატია), ჯანი კარნევალე (იტალია), ალექსანდრ შტელინი (უკრაინა) და ლუის ცაკარიასი (პერუ).
საერთოდ კი, უკვე ნახსენები რვა სპეციალისტის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ათ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია: იოჰან ბოსკამპს (ჰოლანდია), რაინერ ცობელს (გერმანია), ალექს გარსიას (ესპანეთი), ანდრეი ჩერნიშოვს (რუსეთი), ვალდას ივანაუსკასს (ლიტვა), დუშან უჰრინ-უფროსს (ჩეხეთი), ჟოაო დე კამპუშს (ბრაზილია), ანატოლი პისკოვეცს, ვლადიმერ ზემლიანოის, ვიქტორ კაშჩეის (სამივე - უკრაინა).
ამ 18 სპეციალისტიდან ყველაზე წარმატებული ივო შუშაკი გახლდათ: ხორვატი მწვრთნელის დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" 2003 წლის გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც, 2004 წლის იანვარში კი მოსკოვში, "თანამეგობრობის თასზე" იმარჯვა.
2013 წელს ასევე "დუბლი" შეასრულა უმცროსმა დუშან უჰრინმა: თბილისის "დინამომ" ხუთწლიანი პაუზის მერე მოპოვებულ საქართველოს ჩემპიონობას მალე საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებაც დაუმატა.
საინტერესოა, რომ მანამდე ბოლო საჩემპიონო ტიტული "დინამომ" დუშან უჰრინის მამის, დუშან უჰრინი-უფროსის ხელმძღვანელობით მოიპოვა - აი, ასეთია მამა-შვილი უჰრინების ქართული მონაგარი!
კიდევ ერთი უცხოელი მწვრთნელი, საქართველოში ტიტული რომ მოიპოვა, ანატოლი პისკოვეცია: უკრაინელმა სპეციალისტმა 2010-11 წლების სეზონში "გაგრა" უმაღლეს ლიგაშიც დააბრუნა და, რაც მთავარია, საქართველოს თასიც მოაპოვებინა!
აქვე კიდევ ორი უცხოელი მწვრთნელის ტიტულების ხსენებაც შეიძლება: 2008 წლის დეკემბერში თბილისის "დინამომ" რომ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა, გუნდის მთავარი მწვრთნელი რაინერ ცობელი გახლდათ, ხოლო საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი 1998-99 წლების სეზონის მიწურულს მივიდა თბილისის "დინამოში" და ჩემპიონიც გახდა.
თუმცა ბოსკამპის ხელმძღვანელობით "დინამომ" მხოლოდ ბოლო 5 ტური ჩაატარა, მაგრამ ბოსკამპი ჩემპიონად მაინც უნდა მოვიხსენიოთ.
სხვადასხვა შთაბეჭდილება
"გურიას" დღევანდელ თავკაცს უიღბლო დებიუტი ჰქონდა: რომან პოკორა საქართველოს ჩემპიონატში პირველივე მატჩში დამარცხდა. სწორედ ასე, წაგებით დაიწყეს საქართველოს ჩემპიონატში მოღვაწეობა ვლადიმერ ზემლიანოიმ, ჟოაო დე კამპუშმა, რაინერ ცობელმა, ვიქტორ კაშჩეიმ და რატკო დოსტანიჩმა.
ზემლიანოის, საერთოდაც, კოშმარული სტარტი ჰქონდა: 2004-05 წლების სეზონის დასაწყისში ამ უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" საწყის შვიდ ტურში ექვსი მატჩი წააგო და ერთი მოიგო.
არანაკლებ უხეირო დებიუტი გამოუვიდა რაინერ ცობელსაც: არც მანამდე და არც მერე, თბილისის "დინამოს" საწყის ხუთ ტურში სამი წაგება არასდროს ჰქონია, გერმანელმა მწვრთნელმა კი ეს "მოახერხა"!
ან როგორ შეიძლება, წარმატებული მწვრთნელები ვუწოდოთ ბრაზილიელ ჟოაო დე კამპუშს (ქუთაისის "ტორპედო" ზედა ექვსეულში რომ ვერ გაიყვანა), ანდა უკრაინელ ვიქტორ კაშჩეის ("გაგრა" პირველ ლიგაში დაქვეითებისგან რომ ვერ იხსნა).
ამათ გარდა, ანდრეი ჩერნიშოვიც უნდა ვახსენოთ: დღესაც მიგვაჩნია, რომ ამ არაფრით გამორჩეული რუსი სპეციალისტის საქართველოში ჩამოყვანით თბილისის "დინამოს" არაფერი შეუძენია.
ორმაგი გრძნობა გვეუფლება ალექს გარსიას მუშაობის შეფასებისას: ერთი მხრივ, ესპანელი სპეციალისტის დამოძღვრილმა "დინამომ" მშვენივრად იასპარეზა ევროტურნირებზე (გეხსომებათ, ალბათ, ორი წლის წინანდელი ამბავი, როცა "დინამოს" ერთი გოლი აშორებდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე).
თუმცა, ამავდროულად, "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატშიც რამდენიმე "დაუგეგმავი" მარცხი იწვნია და აღარაფერს ვამბობთ თასის გათამაშების... მერვედფინალიდან გამოვარდნაზე!
...უცხოელი მწვრთნელებიდან რამდენიმეს სხვადასხვა ქართული გუნდი გაუწვრთნია: ჯანი კარნევალე წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოს" თავკაცობდა, შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ; ანატოლი პისკოვეცი "გაგრამდე" რუსთავის "ოლიმპში" მუშაობდა და არცთუ წარუმატებლადაც, მაგრამ სეზონი არ ჩაამთავრებინეს (თუმცა ეს ფაქტი არ უნდა გაგვიკვირდეს: რუსთავის "ოლიმპის", ანუ "მეტალურგის" დაარსების დღიდან ხომ სეზონი სრულად არც ერთ მწვრთნელს არ ჩაუმთავრებია და ვნახოთ, თუ რამდენად შეძლებს ახალგაზრდა სპეციალისტი გელა სანაია ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას)...
ლუის ცაკარიასი ჯერ თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობდა, შემდეგ - "თბილისში".
ვნახოთ, რამდენად მოახერხებს რომან პოკორა და როგორ დაამახსოვრებს თავს ლანჩხუთელ ქომაგებს.
არადა, მხოლოდ "გურიას" ერთგულ გულშემატკივრებს კი არა, ალბათ, სხვებსაც დღემდე ემახსოვრებათ, თუ როგორი წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი ჰქონდა ლანჩხუთელთა გუნდში პოკორას თანამემამულეს, მიხაილ ფომენკოს: უკრაინის ნაკრების დღევანდელი თავკაცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურია" 1988-89 წლებში მართლაც სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებდა და შედეგზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"