თანაც, 20 ოქტომბრის სუსხიან საღამოს "დინამომ" ისე ლაღად ითამაშა, მეტოქის კარში გატანილი 6 გოლის გარდა, დუშან უჰრინის გუნდის თამაშში უამრავი რესურსიც იგრძნობოდა...
...მიმდინარე სეზონში "დინამომ", უდავოდ, საუკეთესო მატჩი 20 ოქტომბერს ჩაატარა და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მეტოქედ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი "ჩიხურა" ჰყავდა.
დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და როტაცია არ
აი, რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სწრაფი კი არა, ამ სეზონის უსწრაფესი გოლი ვიხილეთ: 24-ე წამი მიმდინარეობდა, ჩისკო მარცხნიდან რომ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და "ცაციათი", ძლიერად და ზუსტად დაარტყა მახვილ კუთხეში!
ასეთი დასაწყისის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გატყდებოდა, მაგრამ "ჩიხურა" გონს მალე მოეგო და მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ჯერ იყო და გიორგი გაბედავამ დაარტყა საჯარიმოს გარედან, მაგრამ არაზუსტად.
სტუმართა მომდევნო შეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა: "ჩიხურას" შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეულმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ ყოფილი თანაგუნდელების საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და გიორგი დათუნაიშვილთან ორთაბრძოლაში გივი კვარაცხელიას ბურთი საკუთარ კარში აეჭრა.
თამაშის შინაარსი არც ამის შემდეგ შეცვლილა; ეგ კი არა, "ჩიხურა" აქტიურად თამაშობდა და იმავე ოდიკაძის სახიფათო ჩაწოდებულს პარტნიორთაგან ვერავინ მიუსწრო, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა. შემდეგ კი იმავე ოდიკაძის კუთხურის შემდეგ გიორგი დათუნაიშვილმა თავით სახიფათოდ დაარტყა.
რაც შეეხება მასპინძლებს, დინამოელებმა სახიფათო მომენტების რეალიზაციის თითქმის მაქსიმალური პროცენტი უჩვენეს: ფაქტობრივად, მომდევნო სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. ამ ეპიზოდში ჩინებულად გაისარჯა დორინ გოგა: რუმინელმა ლეგიონერმა მარჯვენა ფლანგზე ჩინებული რეიდი განახორციელა და მის ზუსტ გამჭოლ გადაცემას ჩისკომ ახლო მანძილიდან ასევე ზუსტი დარტყმა მიაყოლა.
ტაიმის მიწურულს ერთობ თვალსასეირო ეპიზოდიც ვიხილეთ: გოგას საჯარიმოს შემდეგ დავით კვირკველიამ ლამაზი "მაკრატელათი" მესამე გოლი გაიტანა სტუმართა კარში, მაგრამ ლაინსმენს უკვე თამაშგარე მდგომარეობა ჰქონდა დაფიქსირებული...
...მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით დაიწყო: ჯერ გაბედავა-დეკანოიძის ლამაზი კომბინაცია ვიხილეთ, სტუმართა მარჯვენაფლანგელის რთული მდგომარეობიდან დარტყმით რომ დამთავრდა, მაგრამ გიორგი ლორიამ ამ ეპიზოდში (ისე, როგორც საერთოდ, მთლიანად შეხვედრაში) საიმედოდ ითამაშა.
მერე მასპინძლებმა არანაკლებ ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და გიორგი მერებაშვილის პასით ჩისკო შორეულ "ცხრიანს" უმიზნებდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირედით ააცილა.
ამასობაში კი 56-ე წუთი დადგა და აქედან დაიწყო კიდეც სტუმართა რბევა: შესამჩნევად მოტივირებულმა მასპინძლებმა ხუთწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანეს და მანამდე მიმდინარე, ერთი შეხედვით, თანაბარი თამაშიც, თითქოსდა, კონტექსტიდან ამოვარდნილივით ჩანდა...
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში დორინ გოგამ ჰეთ თრიქი შეასრულა, 20 ოქტომბერს კი ჩინებულ ასისტენტად მოგვევლინა და სწორედ რუმინელი ნახევარმცველის ფლანგურ გარღვევას მოჰყვა კიდეც ჯაბა დვალის გოლი. თუმცა, ეს კიდევ არაფერი - ჩისკომ უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რასაც ერთ წუთში ირაკლი ძარიას თავით შეგდებული ბურთი მოჰყვა - 5:1!
თითქოსდა, ყველაფერი ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ელგუჯა გრიგალაშვილმა თამაშს სხვა მუხტი შესძინა და სწორედ ამ მონდომებული ფეხბურთელის გარღვევას მოჰყვა კიდეც დვალის კიდევ ერთი გოლი.
მატჩის ბოლომდე მეტი საინტერესო რაღა უნდა მომხდარიყო, თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ბადრი დემეტრაშვილის ძლიერ დარტყმას ახლო მანძილიდან, გიორგი ლორიას ჩინებული რეაქცია რომ მოჰყვა.
ჩისკოს ჰეთ თრიქი, დვალის დუბლი, - "დინამოს" თავდასხმის ხაზმა, ალბათ, ბევრი სკეპტიკოსი დაადუმა.
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. მოდებაძე (დილა) 6
დ. გოგა (დინამო, თბ) 6
X ტური
26 ოქტომბერი, შაბათი
ჩიხურა-გურია
ზუგდიდი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-დილა
მერანი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
დინამო-ტორპედო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"