"სიონმა" ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" სტუმრად მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისურ გუნდში ბევრი ცნობილი მოთამაშე ირიცხება, საკადრო პრობლემები ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება.
ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრისას თბილისის "დინამოდან" იჯარით აყვანილი არჩილ ტვილდიანი დაშავდა და ამის გამო "ტორპედოსთან" არ უთამაშია.
კლუბის პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილის თქმით, ტვილდიანი მინიმუმ ერთი თვე დაისვენებს. მას კოჭი დაუზიანდა და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. "სიონმა" ერთ-ერთ კლინიკასთან ხელშეკრულება გააფორმა და მკურნალობის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. 20 წლის მარჯვენა მცველი ვარჯიშს პირველი ეტაპის დასრულებამდე
უახლოეს პერიოდში გუნდს ვერც ლადო ახალაია დაეხმარება, რომელმაც მიმდინარე სეზონში ფორმა აღიდგინა. 31 წლის ფორვარდს მუხლიც სტკივა და მხარიც ამოვარდნილი აქვს.
სამაგიეროდ, "სიონის" მთავარ მწვრთნელ გიორგი კიკნაძეს გამოცდილი ფეხბურთელების ეიმედება. მათ ფორმა აღიდგინეს და "ტორპედოსთან" საკმაოდ კარგადაც ითამაშეს. ლაპარაკია თორნიკე აფციაურზე, დავით იმედაშვილსა და განსაკუთრებით, ირაკლი სამხარაძეზე.
სამხარაძე კიკნაძის ერთ-ერთი იმედია. მასზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ "ტორპედოსთან" თავი არა მხოლოდ ულამაზესი გოლით, არამედ მშვენიერი თამაშითაც გამოიჩინა.
30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ფეხბურთს ერთწლიანი პაუზის შემდეგ ცხინვალის "სპარტაკში" დაუბრუნდა და ახლა "სიონში" ფორმის აღდგენას ცდილობს. "ტორპედოსთან" მატჩში სამხარაძე სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მოედნის ცენტრში მისმა აზრიანმა მოქმედებებმა, გადაცემებმა, თამაშის მიმართულების დროულმა და აზრიანმა ცვლამ და ორთაბრძოლებში ეფექტურმა თამაშმაც განაპირობა ის, რომ "სიონმა" ერთ-ერთ ლიდერს ქულები დააკარგვინა.
არადა, დღეს სამხარაძეს საქართველოში კი არა, იქ უნდა ეთამაშა, სადაც დიდი ფეხბურთია. 15 წლის ასაკში მას ფრანგული "ნიცა" და "სენტ ეტიენი" ყოველგვარი სინჯების გარეშე იწვევდნენ და "ქართული ფეხბურთის იმედადაც" მოიხსენიებდნენ.
სამხარაძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერიც იყო. ამას გარდა, 2001-02 წლებში გერმანული "კარლსრუეს" დუბლებში თამაშობდა, 2002-04 წლებში - თბილისის "დინამოში", იყო თბილისის "ლოკომოტივის" ლიდერი და 2008 წლის დასაწყისში კლუბთან 10-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ამით ის და ნიკა გუშარაშვილი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში შევიდნენ - არც მანამდე და არც მას შემდეგ საქართველოში ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტი არავის გაუფორმებია.
დასანანი კი ის არის, რომ ნიჭი სრულად ვერ გამოავლინა...
სამხარაძეს კარიერაში დიდი პაუზები ჰქონდა: პირველად - 2004 წელს, როცა თბილისის "დინამო" დატოვა; მეორედ - 2009 წლის მაისში, თბილისის "ლოკომოტივი" პირველ ლიგაში რომ დაქვეითდა და გუნდი ლიდერებთან ერთად დატოვა. ფეხბურთს 2012 წლის თებერვალში ცხინვალის "სპარტაკში" დაბრუნდა.
თუმცა შარშან, მაისში, "სპარტაკი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, სამხარაძე კი კვლავ უფეხბურთოდ დარჩა.
"ჩემზე მეტად გული არავის სწყდება, კარიერა რომ ვერ ავაწყვე. ახლა მსურს დავამტკიცო, რომ თამაში 30 წლის ასაკშიც შემიძლია. 2011 წლის მაისის მერე არ მითამაშია, მხოლოდ ჩემთვის ვვარჯიშობდი.
კარიერის დასაწყისშიც რომ ახლანდელივით მონდომებული ვყოფილიყავი, ბევრს მივაღწევდი. მაგრამ ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება - 30 წელს მიტანებულ ფეხბურთელს კლუბების უმრავლესობა არ სწყალობს. მხოლოდ გიორგი კიკნაძე მენდო და "სიონში" მიმიყვანა.
როცა კაცი გენდობა, არ უნდა უღალატო. მეც ვცდილობ, გუნდს გამოვადგე. თუმცა, ორი წელია მოსამზადებელ შეკრებაზე არ ვყოფილვარ და სასურველ ფორმაში ჯერ არ ვარ. გუნდში ვარჯიშიც მაშინ დავიწყე, როცა შეკრებიდან ჩამოვიდნენ. ფორმაში შესვლას ახლა ვცდილობ.
უკვე 4 შეხვედრა ჩავატარე და უკეთესობას ვგრძნობ. მიხარია, ქუთაისის "ტორპედოსთან" გუნდს გოლით რომ დავეხმარე. გაცილებით მეტიც შემიძლია. რაც მთავარია, მონდომებასთან ერთად, ახლა რეჟიმსაც მკაცრად ვიცავ.
სხვათა შორის, შემპირდნენ კიდეც - ფორმას თუ აღვიდგენ, უცხოეთში კლუბს მომიძებნიან.
ასეა თუ ისე, თამაშის ჟინი ჯერ კიდევ მაქვს", - ამბობს სამხარაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"