მათი დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "მერანმა" რუსთავში 1:6 წააგო და ცხრილში მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა.
"ლელომ" ჩხეტიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა...
- "მერანში" როგორ აღმოჩნდით?
- სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილებების შემდეგ კლუბის დირექტორი ელდერ ბაკურია დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და დღეს აქ ვარ.
- კონტრაქტი რამდენწლიანია?
- სამწლიანი. იმედია, ამ პერიოდში ჩემი მუშაობა ნაყოფიერი
- რით ახსნიდით "მეტალურგთან" დიდი ანგარიშით მარცხს?
- თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი დიდი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. საწყის წუთებში დაშვებულმა ბავშვურმა შეცდომებმა წელში გადაგვტეხა და თამაშის გადარჩენის ყოველგვარი შანსი დაგვიკარგა. თუმცა კიჭი მელიავას მეორე ყვითელი ბარათი რომ არ მიეღო, შეიძლება, მატჩი სხვა შედეგით დამთავრებულიყო.
ამას გარდა, ცუდი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმებიცაა. "მეტალურგთან" ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გვაკლდა - აკაკი შულაია, ლაშა კუჭუხიძე, გელა ხუბუა, გიორგი მელქაძე და გიორგი ლობჟანიძე გუნდის წამყვან მოთამაშეებად მოიაზრებიან.
ამის მიუხედავად, რასაკვირველია, "მეტალურგთან" მარცხი დამაფიქრებელია, თუმცა კატასტროფა ნამდვილად არ არის. თამაში ერთად გავარჩიეთ და ანალიზიც გავაკეთეთ. გუნდში ახალი მოსული ვარ და ეს დრო საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გუნდი ათამაშდეს. ყველაფერს რეალურად ვუყურებთ და მჯერა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
- ტრავმები სერიოზულია?
- შულაიამ, კუჭუხიძემ და ხუბუამ უკვე დაიწყეს ვარჯიში. სავარაუდოდ, ისინი "ზესტაფონთან" უახლოეს მატჩში განაცხადში იქნებიან.
- ყველაზე მეტად რომელ კომპონენტში გესაჭიროებათ გაუმჯობესება?
- საკმაოდ ბევრ დეტალზე გვმართებს მუშაობა. ამათგან ყველაზე თვალშისაცემი - საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტია. "მეტალურგთან", ფაქტობრივად, ჩავარდა დაცვის ხაზიც.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებთ და რამდენიმე ფეხბურთელსაც დავიმატებთ.
- უახლოეს მატჩზე რას იტყვით?
- "ზესტაფონს" ვეთამაშებით, რაც ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. ვეცდებით, მეტოქეს არაფერი დავუთმოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. განწყობა საბრძოლო და ოპტიმისტურია.
- რა არის ამ სეზონში "მერანის" მიზანი?
- საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა, რისთვისაც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. პროგრამა-მინიმუმი კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.
- სამტრედიაში რომ ატარებთ ვარჯიშებს, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ არის?
- რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა ვარჯიშებსა თუ თამაშებს სხვა რაიონში ატარებ, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. მარტვილის ცენტრალურ სტადიონს ლიცენზია არ აქვს და ეს ძალიან ცუდია.
ისე კი, დაპირებები არის, ფედერაციიდანაც იყვნენ და წესით, ახლო მომავალში მოედნის პრობლემა უნდა მოგვარდეს. სხვათა შორის, დაჩქარებულად მიდის რაიონის ცენტრში "მერანის" სასტუმროს მშენებლობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მეტალურგი-მერანი 6:1 - ეძღვნება რუსთავქალაქობას! [VIDEO]