გიორგი მარგველაშვილი ბათუმში სტადიონის აშენების პირობას დებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი უმძიმეს მდგომარეობაშია - ეს უკვე ბანალური ფრაზაა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგებთ. ამის მისახვედრად სულაც არაა სავალდებულო, რომ "ტოტენჰემმა" თბილისში "დინამოს" 5:0 მოუგოს, "რაპიდმა" "მიხეილ მესხზე" გორის "დილას" - 3:0, ხოლო ფინეთმა თბილისში საქართველოს ნაკრებს სძლიოს.

გარდა წმინდა საფეხბურთო ნიუანსებისა, სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურის მხრივ, გულშემატკივარი სტადიონზე აღარ დადის.

აგერ, ბოლო ტურში, "სიონმა" რუსთავის "მეტალურგს" ქვემოქართლურ დერბიში "მიხეილ მესხზე" "უმასპინძლა" და სტადიონზე 80 მაყურებელი (ჟურნალისტებმა სათითაოდ დავთვალეთ) იყო.

სამწუხაროდ, ძალიან მცირე მაყურებელი ჰყავს "ვიტ ჯორჯიასა" და ცხინვალის "სპარტაკსაც".

სირცხვილია
ისიც, რომ საქართველოს ჩემპიონატის მე-8 ტურში შინაურ კედლებში ერთ გუნდსაც არ უთამაშია. პირველ ლიგასაც გადავხედოთ - ტრადიციული ქართული კლუბი ბათუმის "დინამო" ქობულეთში თამაშობს.

სადავო არ არის, რომ საკუთარ ქალაქში თამაშს სხვა ხიბლი აქვს და საკუთარი მაყურებლის წინაშე გუნდი შესაძლებლობებს გაცილებით უკეთ ავლენს. მეორეცაა: გულშემატკივარი ტრიბუნას ისედაც ძალიან მოსწყდა, რადგან ჩემპიონატის დონე არ აკმაყოფილებს. ასეთ პირობებში, საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ სხვა ქალაქში კიდევ უფრო ცოტა მაყურებელი წავა.

სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ჩემპიონატის, კლუბებისა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გაძლიერებასთან.

არადა, ჯერ არანაირი სიახლე არ ისმის ბოლნისის სტადიონზე. იგივე მდგომარეობაა მარტვილსა და ზუგდიდში. შედარებით დამაიმედებელი მდგომარეობაა ლანჩხუთში.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ვახტანგ ქორიძემ წინასაარჩევნოდ, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და სპორტსმენებთან "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატთან, აწ უკვე არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.

"რომან რურუამ დასვა იმ სპორტული ობიექტების საკითხი, რომლებიც გაყიდეს, წაგვართვეს და გაასხვისეს. მერე მურთაზ ხურცილავამაც იმავე კონტექსტში ილაპარაკა - სხვათა შორის, ძალიან კარგად და საქმიანად.

აჭარაში საერთაშორისო დონის არც ერთი სტადიონი აღარ დარჩა, ფეხბურთს სტადიონები და ბაზები წაართვეს და ამიტომაც აღარ გვაქვს ფეხბურთიო.

სწორედ ამ დროს თქვა მარგველაშვილმა, რომ ბათუმში სტადიონის მშენებლობასა და აჭარაში ისეთი თანამედროვე სპორტული არენის აშენებას აპირებს, როგორიც ბათუმსა და, საერთოდ, ამ რეგიონის საფეხბურთო ტრადიციებს შეშვენისო.

ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ფეხბურთის მოყვარული კაცია. სწორედ ასე გაიცნო კახა კალაძე და შვილივით გვერდში დაიყენა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სპორტის მოყვარული კაცია მარგველაშვილიც და მასში კარგადაც ერკვევა - საბჭოთა პერიოდში საქართველო მსოფლიოს არა მხოლოდ ხელოვნებამ და კინომ, არამედ სპორტმაც გააცნო, რადგან ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში ოლიმპიური მედლების რაოდენობით, მოწინავეებში ვართ და რომ ამ იმიჯის განმტკიცება და სპორტის განვითარება ჩემს გეგმებში შედისო.

იქვე მან ძალიან საინტერესო მინიშნებაც გააკეთა - დაუშვებელია, სპორტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყოს გამოყენებული და რომ სპორტული ფედერაციების საქმიანობაში ხელისუფლება აღარ ჩაერევა, მაგრამ დახმარება იქნებაო.

ძალიანაც კარგი, თუ სპორტი პოლიტიკისგან გაიწმინდება",
- ამბობს ქორიძე.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ჯერ მაინც სამომავლო საქმეა, საჩხერეში კი პრობლემის მოგვარებას წლის ბოლომდე იმედოვნებენ. აი, რა გვითხრა "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ:

"ივანწმინდაში მდებარე სტადიონის პრობლემა მოუწესრიგებელი ვიპ და პრესლოჟები და ტრიბუნები იყო. ახლა სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ტრიბუნები 1 300 ადგილამდე გაიზარდა და შესაძლოა, საშინაო შეხვედრებს წლის ბოლომდეც ვუმასპინძლოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იქნება..ააშენეთ რაც გინდათ ოღონდ მეჩეთი არააააააააააა!))))))))))))
macho38
12:11 31-10-2013
0
ზუგდიიდს უნდა სტადიონი! ძალიან გთხოვთ ამაზეც დაწერეთ. სამეგრელოდან მოდიან ნიჭიერი ფეხბურთელები და სირცხვილია რომ ასეთ საფეხბურთო რეგიონს ერთი ღირსეული სტადიონი არ გააჩნია...
David
12:57 31-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული