ვფიქრობთ, სპარტაკელთა ახალი მწვრთნელის მიერ განხორციელებული გადაადგილება გადამწყვეტი აღმოჩნდა - ლაპარაკია თექთურმანიძის ფლანგიდან მოედნის ცენტრში დაბრუნებაზე, რასაც "ჩიორას" მხრიდან არაორდინარული თამაში და აზრიანი გადაცემები მოჰყვა, ამან კი მეტოქის დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.
თექთურმანიძეს თანაგუნდელებიც აჰყვნენ და ლამაზი ფეხბურთიც გამოვიდა...
"სპარტაკმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე
32-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიას" კარს უკვე მისი ყოფილი კაპიტანი მგელაძე დაემუქრა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს პირველი შეწვდა და კარშიც გაგზავნა, მაგრამ "ვეტერინართა" ერთ-ერთმა მცველმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა.
მალე "ვიტ ჯორჯიამ" უმწვავესი შეტევა წამოიწყო: მარჯვენა ფლანგზე კორიფაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ჯანელიძემ კი დაუხანებლად გაგზავნა კარში და მეკარე ნადირაძემ "სპარტაკი" აშკარა გოლისგან იხსნა.
41-ე წუთზე თექთურმანიძე "აფეთქდა" - მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და კარის წინ ბურთი ფანცხავას გადააწოდა, თუმცა ამ უკანასკნელს მცველმა დაასწრო და სახიფათო მომენტი განმუხტა.
თავის გამოჩენა შეეძლო "სპარტაკის" მცველ ქურდაძესაც, მაგრამ მისი თავური სტუმართა მეკარე დაუშვილმა მოიგერია.
ტაიმის ბოლო წუთზე "ვიტ ჯორჯია" კიდევ ერთხელ გადარჩა. ისევ თექთურმანიძემ გაიბრწყინა - გამჭოლი გადაცემით შეტევა მარჯვენა ფლანგზე თუხარელს გაუგრძელა, ამან კი 11-მეტრიანის ნიშნულთან მოძებნა შონია, რომლის დარტყმაც მიზანს ასცდა.
მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. "სპარტაკმა" ორ წუთში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაშიც ლომის წილი ჩაფიძემ დაიდო.
51-ე წუთზე, როცა კაკაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ჩაფიძე შენიშნა, ვიტელთა მცველ ჯავაშვილს ფეხი დაუსხლტა და მეურვეს ვერ გაეკიდა. სპარტაკელმა მეორე მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში მეკარეს აუღებელი დაურტყა - 1:0.
ერთ წუთში მარცხენა ფლანგიდან თექთურმანიძემ შეტევა მარჯვნივ ისევ ჩაფიძეს გააგრძელებინა, რომლის დარტყმაც მეკარემ მოიგერია და კარის წინ დარჩენილმა თუხარელმა "ვიტ ჯორჯიას" კარის ბადე მეორედ შეარხია - 2:0.
"ვიტ ჯორჯია" მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და სხვაობა შეამცირა: ჯანელიძემ საჯარიმოს ხაზთან ბურთი დაუგდო მაისურაძეს, რომელმაც ეფექტურად გაიტანა "ცხრიანში" - 2:1.
სტუმრებს ქულის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ და მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ... 72-ე წუთზე მჭედლიშვილმა ფლანგზე თუხარელი მოცელა. არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ ვიტჯორჯიელი მოედნიდან გააძევა, რამაც ვიტელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
ამით მშვენივრად ისარგებლა "სპარტაკმა" - შეცვლაზე შესულმა 20 წლის კონსტანტინე ხიზანეიშვილმა შორიდან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:1.
სხვათა შორის, ხიზანეიშვილმა მანამდე (როცა ჯერ კიდევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა) თავი კურიოზული ყვითელი ბარათით გამოიჩინა - პირველი გოლი ისე გაუხარდა, ჩაფიძესთან მოედანზე მისალოცად შევარდა. მსაჯმაც ყვითელი ბარათი აუფრიალა...
მოკლედ, ამ გამარჯვებით "სპარტაკმა" ბოლო ადგილს თავი დააღწია და, რაც მთავარია, ქომაგებისთვის დამაიმედებელი თამაში აჩვენა - ასეთ "სპარტაკს" არათუ უმაღლეს ლიგაში დარჩენა, ლიდერებისთვის პრობლემების შექმნაც შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"