სოსო ფრუიძე: ტატანაშვილი ოქროს რეზერვია

AutoSharing Option
4 ნოემბერს საჩხერის "ჩიხურამ" ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - სტუმრად 2:1 დაამარცხა ქუთაისის "ტორპედო" და ახლა მეორე ადგილზეა.

"ტორპედომ" ეს სეზონის რიხით დაიწყო და მოწინავეთა შორისაც მოექცა. ქუთაისელებს, ძირითადად, ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ; არიან შედარებით გამოცდილებიც და მთლიანობაში, ეს ყველაფერი კარგ სინთეზს ქმნის. თუმცა, ცხადია, ჩავარდნას ვერც ერთი გუნდი ვერ აიცილებს...

მატჩის შემდეგ "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- ასეთი მოწინააღმდეგის სტუმრად დამარცხება ადვილი ნამდვილად ვერ იქნებოდა. მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ წარმატების მიღწევა?
- ქუთაისის
"ტორპედო" კარგად შევისწავლეთ და პირველ რიგში, იმ ფეხბურთელების განეიტრალება ვცადეთ, რომლებიც "ტორპედოში" ამინდს ქმნიან. ამის შემდეგ გამოვიყენეთ ჩვენი ფეხბურთელების გამოცდილება და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რომელთაგან მხოლოდ ორი გამოვიყენეთ და ეს საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.

- რომელი ტორპედოელების განეიტრალებაზე იზრუნეთ ყველაზე მეტად?
- "ტორპედოს" ცენტრალურ მცველს კარგად გამოაქვს ბურთი, მერე კი დიაგონალურ გადაცემებს აკეთებს. ქუთაისელთა შეტევების თავი გიორგი კუხიანიძეა და მის "ამოკეტვაზეც" ვიზრუნეთ. კიდევ - თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივეცით ნიკა საბანაძეს და "ტორპედოს" სხვა შემტევებს.

- დიმიტრი ტატანაშვილი შეცვლაზე ათამაშეთ. ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო? ის უფრო შეცვლაზე მოთამაშე თავდამსხმელად მიგაჩნიათ?
- ტატანაშვილს მანამდე სასტარტოში ვათამაშებდით, დღეს კი მის ნაცვლად რატი წინამძღვრიშვილი დავაყენეთ თერთმეტ კაცში, რომელსაც ორი-სამი საგოლე მომენტი ჰქონდა და ვერ გამოიყენა, თან ტრავმაც მიიღო. ამის შემდეგ ტატანაშვილი შევუშვით მოედანზე და გოლიც გაიტანა. მან ერთხელაც გაამართლა "ოქროს რეზერვის" იმიჯი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
- მიმდინარე სეზონში "ჩიხურა" არასტაბილურად თამაშობს - "დინამოსთან" 1:6 წააგეთ, მერე "გურიას" 5:1 მოუგეთ, დღეს კი "ტორპედოს" ქუთაისში სძლიეთ... რით ახსნით ამას?
- ამ სეზონში ყველაზე ცუდად "მერანთან" და "დინამოსთან" ვითამაშეთ. დგება მომენტი, როცა გუნდს წარუმატებლობის პერიოდი აქვს და ალბათ, ამის ბრალი იყო ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ "დინამოსთან" მეორე ტაიმი მართლაც ცუდად ვითამაშეთ, 1:6 მაინც არ უნდა წაგვეგო. "დინამოს" მერე უკვე გაცილებით მობილიზებულები ვიყავით "გურიასა" და "ტორპედოსთან".

- როგორ ფიქრობთ, ამ სეზონში "დინამო" კონკურენტის გარეშე იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
- ვფიქრობ, ამ დროისთვის "დინამო" საქართველოში საუკეთესო გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრაში რუსთავის "მეტალურგთან" ნამდვილად ვერ გამოიყურებოდა მოსაწონად. ამ გუნდს აკლდა ის, ვინც გადამწყვეტ როლს ასრულებს - ჩისკო.

- ...და "ჩიხურასგან" რაღას უნდა ველოდოთ ამ სეზონში?
- სამეულში უნდა მოვხვდეთ, ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ - ასეთია ჩვენი მიზანი.

- "ჩიხურას" იმ ახალგაზრდებზეც გკითხავთ, წინა სეზონებში პერსპექტიული მოთამაშის იმიჯი რომ შეიქმნეს - ბესიკ დეკანოიძე და გიორგი ქიმაძე განვითარების რა ეტაპზე არიან?
- ქიმაძეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და შეძლებისდაგვარად ვაძლევთ ამის საშუალებას, დეკანოიძე კი უკვე ძირითადის ფეხბურთელია. გვყავს კიდევ თემურ ნადირაძე... ველოდებით შევსებას "ჩიხურას" აკადემიისგანაც, სადაც დაახლოებით 500 ბავშვი ვარჯიშობს და 22 მწვრთნელი მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-ჩიხურა 1:2 - მასპინძელს მდგმურმა აჯობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული