ტორპედო-ჩიხურა 1:2 - მასპინძელს მდგმურმა აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XI ტურის დარჩენილი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ტორპედო" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და მწვავე მომენტების სიმრავლით გამორჩეული გამოდგა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "ჩიხურამ" წლეულს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა, შეიძლებოდა, მოვლენები სხვაგვარადაც განვითარებულიყო...

მატჩის დებიუტში საჩხერელები უკეთ გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და ქუთაისელთა დაცვაში სისუსტეებს ეძებდნენ. ამის მიუხედავად, პირველი რეალური საგოლე მომენტი ტორპედოელებმა შექმნეს - გიგაურმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა საბანაძე, რომელსაც მცველმა ლომაშვილმა და მეკარემ სივრცე
შეუზღუდეს და ხეირიანად ვერ დაარტყა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს იყო და ეს - ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ ზემოიმერლები დაეუფლნენ და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ხან თავად სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ხან კი ქუთაისელთა მეკარე ქვილითაია თამაშობდა დიდებულად.

Sportall.Geკარგი მომენტები ჰქონდათ ჯიღაურს, გაბედავასა და წინამძღვრიშვილს, რომელიც შოთა კაშიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ხუთიოდე მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

რამდენიმე წუთში წინამძღვრიშვილმა, ხიდეშელთან შეჯახებისას, მხარი ამოიგდო და საავადმყოფოში წასაყვანი შეიქნა, მის ნაცვლად კი თამაშში ჩაერთო ტატანაშვილი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ასე იყო საქმე...

სოსო ფრუიძის შეგირდები შეტევებს განაგრძობდნენ და ქვილითაიამ ზედიზედ ორჯერ იხსნა "ტორპედო" - პირველად მან დეკანოიძის (კაშია-ჯიღაურის კომბინაციას აგვირგვინებდა) ძალზე სახიფათოდ დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი - ტატანაშვილის სახიფათო თავურიც.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო "ჩიხურა" დაისაჯა - გიგაურმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას მცველმა ხიდეშელმა დაასწრო და თავურით მასპინძლები დააწინაურა.

ცხადია, "ჩიხურა" მოვლენების ამგვარ განვითარებას არ შეეგუა და შეტევები გაამწვავა. ფლანგებიდან აქტიურად ერთვებოდნენ იერიშებში კაშია და ოდიკაძე, სახიფათო იყო ჯიღაურის დრიბლინგები, ზედიზედ ორი კარგი მომენტი შეექმნა დეკანოიძეს, მაგრამ მიზანი ვერა და ვერ გაისწორა...

სტუმართა ძალისხმევამ შედეგი ტაიმის ბოლოს გამოიღო - რეხვიაშვილი მცველებს დრიბლინგით გასცდა და გადააწოდა გაბედავას, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა - ძელი და 1:1.

მეორე ტაიმიც საინტერესო და დინამიკური გამოდგა, ოღონდ ამაში უკვე "ტორპედოს" დამსახურებაც იყო. მწვავე მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. კაპანაძის თავურზე საიმედოდ ითამაშა მეკარე სომხიშვილმა.

ამას საჩხერელთა ზედიზედ ორი სახიფათო იერიში მოჰყვა - გაბედავას ძლიერი დარტყმის შემდეგ "ტორპედო" კვლავ ქვილითაიამ იხსნა, თუმცა სტუმართა მორიგი შეტევისას ჟერარდ სარაგოსას გუნდს აღარ გაუმართლა - ლომაშვილმა ტატანაშვილს თავზე დაასვა ბურთი და მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"ტორპედო" სულ აირია და იქვე მესამე გოლს სასწაულებრივ გადაურჩა - გაბედავას უძლიერესი დარტყმა დაუცველ კარს ზემოდან გადასცდა.

დარჩენილ დროში ვითარება ძალიან დაიძაბა. ქუთაისელები ქულის გადარჩენას ცდილობდნენ და მთელი ძალებით შეუტიეს. ერთ ეპიზოდში მზევაშვილი საჯარიმოში წაიქცა და ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და შემტევს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აუფრიალა.

მაყურებლები სხვა ეპიზოდებშიც აპროტესტებდნენ მსაჯის გადაწყვეტილებებს. ბოლო წუთების ვნებათაღელვას მოჰყვა ის, რომ ქუთაისელთა წამყვან ფეხბურთელ კუხიანიძეს მსაჯმა უკვე მატჩის დასრულების შემდეგ აუფრიალა წითელი ბარათი, რამაც ადგილობრივი გულშემატკივარი კიდევ უფრო ააღელვა...

ერთი სიტყვით, კარგი სტარტის შემდეგ "ტორპედომ" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და მართალია, მესამე ადგილზე რჩება, მაგრამ მდგომარეობა გაირთულა. "ჩიხურა" კი უშუალო კონკურენტის დამარცხებით მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა.

მატჩის შემდეგ
ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედოს" მწვრთნელი):
"დინამოსა" და "სპარტაკთან" მატჩებს დიდი ენერგია შევალიეთ და ფეხბურთელებმა ძალების ბოლომდე აღდგენა ვერ მოახერხეს. საინტერესო თამაში იყო. დასანანია, როცა ბურთს ფლობ, უტევ და მაინც მარცხდები. მსაჯებზე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ქრონიკულად ერთი და იგივე მეორდება - ხუთი საპენალტე სიტუაციიდან ერთსაც არ დებენ და ამაზე გაჩუმება აღარ შეიძლება".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
მეტალურგი-დინამო 0:0 - ფრე, რომელიც მოგებას ჰგავს [VIDEO]
დილა-მერანი 3:0 - მიდი, მოდე, გაგვახარე! [VIDEO]
გურია-ზუგდიდი 1:0 - ნუ გააკეთებენ ლანჩხუთში სტადიონს... [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:0 - ბრძოლა და მშვიდობა [VIDEO]
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 3:1 - რა შესძლებია...

ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8
დ. გოგა (დინამო, თბ) 6

II წრე. XII ტური
9 ნოემბერი, შაბათი
გურია-ვიტ ჯორჯია
დილა-სიონი
მეტალურგი-ტორპედო
სპარტაკი-მერანი

10 ნოემბერი, კვირა
ჩიხურა-ზუგდიდი
ზესტაფონი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიხურამ , ორივე კარგი ლამაზი ბურთი გაიტანა ...

პ.ს სათაურზე კარგად მაცინეთ : დდ
SHUKOVANI
10:32 05-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული