ლანჩხუთელებმა მთელი დუნია არა, მაგრამ წელს საქართველო ნამდვილად გადარიეს: მიუხედავად იმისა, რომ გურულებმა სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრეც კი არ იცოდნენ, რა შემადგენლობით ითამაშებდნენ, 11 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე არიან და ბევრად უკეთესი შემადგენლობისა და პირობების მქონე გუნდებს უსწრებენ.
ცხადია, ყველაზე გაჭირვებული და, ფაქტობრივად, სეზონისთვის მოუმზადებელი გუნდისგან ასეთი შედეგი სიურპრიზია.
დავით მახარაძის დაწყებული საქმე არანაკლები წარმატებით უკრაინელმა სპეციალისტმა რომან პოკორამ გააგრძელა. ბოლო ტურში "გურიამ" მძიმე ბრძოლაში "ზუგდიდი" 1:0 დაამარცხა.
ლანჩხუთელთა მთავარ მწვრთნელს
- როცა გუნდს ფინანსურად არ ულხინს, მოთამაშეების მობილიზება ძნელია. არადა, "გურიას" სწორედ ბრძოლისუნარიანობა გამოარჩევს. როგორ ახერხებთ ამას?
- საამისოდ ფოკუსები არ დამჭირვებია. საერთოდ, ფინანსური კრიზისი არა მხოლოდ ლანჩხუთის "გურიას", არამედ მსოფლიო ფეხბურთსაც აწუხებს, განსაკუთრებით - ესპანეთს, მაგრამ გადახედეთ მათ გუნდებს, ევროსარბიელზე კრიზისი დაეტყოთ? ანუ, შესაძლებელია, რომ ფეხბურთელებმა პრობლემები მოედანზე მაინც დაივიწყონ.
ასე მოხდა ჩვენთანაც - მოთამაშეებს მშვენივრად ესმით, რომ მათ მთელი გულითა და სულით უნდა ითამაშონ, ფეხბურთზე შესასვლელად ხომ ფული არავის მიუცია. ანუ თამაში ყველას უყვარს და თავს თუ გამოიჩენენ, "გურია" მშვენიერი ტრამპლინია და უკეთეს გუნდებში მოხვდებიან.
საბედნიეროდ, ჩემს ბიჭებს ამის ახსნა არ სჭირდებათ და ყველა შეხვედრას თავდადებით ატარებენ. ფინანსური საკითხები კი მოუგვარებელი არ ჩანს.
- სწორედ ეს არის საინტერესო. კლუბში ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა?
- მთელი 15 წელი ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მიღმა იყო დარჩენილი. კარგად მესმის, რომ ერთ დღეში ყველაფერი ვერ მოგვარდება და გუნდი ვერ აშენდება, მაგრამ ვხედავ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებენ.
რაც აქ ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია. ლანჩხუთის გამგებელი "გურიას" პრობლემებით ცხოვრობს და ვითარების გამოსწორებას გვპირდება.
ვიცი, რომ ეს მხოლოდ დაპირება არ არის და საამისოდ მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. კლუბის დირექტორი კობა მირზაშვილი კი დილის 7 საათიდან გვიან ღამემდე გუნდთანაა და მისი პრობლემებით ცხოვრობს.
- ქობულეთსა და ფოთში ჩატარებული 5 მატჩიდან ხუთივე მოიგეთ და "დინამოსთან" ერთად, "გურია" ის გუნდია, შინ ქულა რომ არ დაუკარგავს. ჩვენი კორესპონდენტი წერდა: ამაზე ხუმრობენ, ნუ გააკეთებენ ლანჩხუთში სტადიონს, იქ უკეთეს შედეგს ვერ ვაჩვენებთო...
- კარგია, რომ ასეთი კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ რეალურად, საკუთარ სტადიონზე თამაში მაინც სულ სხვა განცდაა, საკუთარი გულშემატკივარი დიდი სტიმულია. დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთში კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა, მეორე წრეში კი ძალიან მძიმე ბრძოლები გველის - "ვიტ ჯორჯიასთან", "სიონთან", რომელსაც ახლა ქულები ჰაერივით სჭირდება, ერთ-ერთ ლიდერ ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან". მოკლედ, ამ მატჩებში "საშინაო კედლები" ძალიან დაგვეხმარება და იმედია, ლანჩხუთს მალე დავუბრუნდებით.
- გუნდი ნორმალურ პირობებში ვარჯიშობს?
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "დინამოს", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" დარი პირობები გვაქვს. მოსაწესრიგებელია ჩვენი სავარჯიშო მოედანიც, მაგრამ ელემენტარული პრობლემები მოხსნილია - ფეხბურთელთა საცხოვრებლის, კვებისა და ვარჯიშის საკითხებს ვგულისხმობ. უკვე ესეც საქმეა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გურიაში" ნიგერიელი პიტერ ტერნა სუსვამი ჩაირიცხა...
- მან უკვე დაგვტოვა.
- რატომ?
- არ მიყვარს "კატა ტომარაში". ფეხბურთელს თავად თუ არ ვიცნობ და მის შესაძლებლობაში დარწმუნებული არ ვარ, ისე გუნდში არ ვიწვევ. ეს ფეხბურთელი კი ჩემი მოთხოვნით არ ჩამოსულა.
საერთოდაც, "გურიაში" იმიტომ ჩამოვედი, რომ ქართველები ვავარჯიშო. ძლიერ ფეხბურთელზე უარს არც ერთი ნორმალური მწვრთნელი არ იტყვის, მაგრამ გუნდში ისეთი მოთამაშე უნდა მოიყვანო, ვინც ადგილობრივს სჯობია. მე კი ვერ დავინახე, რომ სუსვამი რომელიმე კონკურენტს სჯობდა.
"გურიაში" ახლა მხოლოდ ორი ლეგიონერია - არნოლდ ჩუენსუ და ვიტალი შუმეიკო. პირველი გუნდში დამხვდა და მომეწონა, შუმეიკოს კი ვიცნობდი და თავად ჩამოვიყვანე.
- შუმეიკო ფორმაშია?
- ნელ-ნელა ფერზე მოდის. მას უკრაინისა და რუსეთის ძლიერ კლუბებში უთამაშია, არც გამოცდილება აკლია, არც პროფესიონალიზმი და დარწმუნებული ვარ, "გურიას" დიდ სამსახურს გაუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"