თითქმის იგივე განმეორდა 10 ნოემბერს გამართულ შეხვედრაშიც...
მოლოდინისამებრ, შეხვედრა ძალზე საინტერესო და კარგი საყურებელი გამოდგა, რაშიც შესანიშნავმა ამინდმაც შეიტანა თავისი წვლილი. გუნდებმა თავიდანვე საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს ერთმანეთს.
შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. პირველი, მეტ-ნაკლებად სახიფათო
დინამოელებმა იქვე მწვავედ უპასუხეს მეტოქეს - ელგუჯა გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ დვალიც თავურით აგვირგვინებდა იერიშს, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. სტუმართა მორიგ იერიშს კი გოლიც მოჰყვა - მერებაშვილის დარტყმა კვასხვაძემ კი მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და იმავე მერებაშვილის ჩაწოდების შემდეგ გოგამ მცველებს დაასწრო და თავურით ანგარიში გახსნა.
ხუთიოდე წუთში მასპინძლებს გათანაბრება მართებდათ, როცა მერებაშვილმა უწყინარ სიტუაციაში მასპინძელთა ფორვარდ ლომიას ჩააბარა ბურთი და საკუთარ მეკარეს შეატოვა, თუმცა ლომიას დარტყმა ლორიამ კუთხურზე მოიგერია. მანვე ცოტა ხანში რენე ფერეირას დარტყმაც გააუვნებელყო.
საპირისპირო კართან კვლავ სახიფათოდ მოქმედებდა გოგა-დვალის დუეტი. რუმინელის გადაცემის შემდეგ დვალი შემობრუნებით ურტყამდა - მასპინძლები გოლისგან კვასხვაძემ იხსნა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ზესტაფონელებმა მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ თუ ლომიასა და კაჭკაჭიშვილის თავურებს არ ჩავთვლით, ლორიას კართან საგოლე მომენტი არ შექმნილა.
სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. გუნდები ბევრს მოძრაობდნენ, ბურთი მოედნის ცენტრში არ ყოვნდებოდა და სახიფათო მომენტებიც ორივე კართან იქმნებოდა. კუტალიასა და ლომიას შესანიშნავი კომბინაცია ამ უკანასკნელმა ვერ დააგვირგვინა, რასაც დინამოელებმა დვალის ძლიერი დარტყმით უპასუხეს.
მასპინძლებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს და რამდენჯერმე ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოსაც იყვნენ - ჭანკოტაძის დარტყმა ლორიამ უხერხულად მოიგერია, კანდელაკმა კი მარცხენა ფლანგიდან პირდაპირ კარისკენ ჩაახვია ბურთი და ლორიამ აკრობატულ ნახტომში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
ამას ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმაც მოჰყვა, მაგრამ ზესტაფონელთა ნახევარმცველს მიზანმა უმტყუნა.
ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს კი დაუთმეს, მაგრამ უქმად არც დუშან უჰრინის შეგირდები ყოფილან. ის კი არა, ხმალაძეს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია.
მალე ზესტაფონელები კაცნაკლულნი დარჩნენ - გოგას წინააღმდეგ უხეშობის გამო სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ კაჭკაჭიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და წითელიც მიაყოლა. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 10 კაცის ამარაც შეტევებზე ფიქრობდნენ და მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ კანდელაკის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ დიდებული იყო ლორია, რომელმაც ბურთი "ცხრიანიდან მოხსნა".
რამდენიმე წუთში ზესტაფონელები თავადვე გადაურჩნენ გოლს, როცა ელგუჯა გრიგალაშვილმა ჯერ ძელი შეაზანზარა, დამატებაზე კი კვასხვაძემ აუღო. ბოლო წუთები "საგიჟეთი" იყო, რასაც ორივე გუნდის ქომაგთა ზღვა ემოციებმაც შეუწყო ხელი. მატჩის დასრულებამდე 3 წუთი იყო დარჩენილი, როცა შარიქაძის ჩაწოდების შემდეგ ჭანტურიშვილმა თავურით ანგარიში გაათანაბრა და ზესტაფონის არენა ემოციებმა წალეკა. პეტარდების კვამლმა ცოტა თამაშიც "გააჩერა"...
მაგრამ ზესტაფონელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გოგას ჩაწოდების შემდეგ რენე ფერეირამ საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოიტანა, იქვე მდგომ გველესიანს "დაუგდო" დასარტყმელად. ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა.
მარცხის მიუხედავად, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა სტადიონი გეგუჩაძის სახელის სკანდირებით დატოვეს.
სამაგიეროდ, ადგილობრივი "ულტრასები" მსაჯობით კვლავ უკმაყოფილონი დარჩნენ და უწმაწური შეძახილების გარდა, მოედნიდან გამავალი თემიდის წარმომადგენლების მისამართით აგრესიასაც ავლენდნენ...
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მწვრთნელი):
"გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი გულთბილი დახვედრისთვის. ძალიან ემოციური მატჩი გამოვიდა. დასანანი მარცხი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულნი ვთამაშობდით, ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ ბოლო წუთზე დასანანი გოლი მივიღეთ და დავმარცხდით. ეს, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია.
მესმის გულშემატკივრების, რომლებიც შედეგს მალევე ელიან, თუმცა ამისთვის დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"