ილია კოკაიას ულტიმატუმი ზვიად სიჭინავას - 3 დღეში თუ არ წახვალ, მე წავალ!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ულტიმატუმს უყენებს - თუ სამი დღის ვადაში ის თანამდებობას არ დატოვებს, თავად დატოვებს პოსტს.

ამის შესახებ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა კლუბის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ულტიმატუმის საფუძველი კი საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, "ზესტაფონთან" მოდავე ამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა.

ილია კოკაიას თქმით, სიჭინავა ვერ უზრუნველყოფს კლუბებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნას.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი გარემოს შექმნას იმისთვის, რომ კლუბებმა შევძლოთ
ნორმალურ სიტუაციაში მუშაობა.

ფეხბურთისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებაც კვლავაც გაუგებარია... ეს გუბერნატორების ჩემპიონატია, სადაც კერძო კლუბები იჩაგრებიან.


სფფ-ში პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ როცა ადგილი ტყუილად გიკავია, უნდა წახვიდე.

დიდხანს ვითმინე, მაგრამ გადავწყვიტე: ან სიჭინავა გადადგეს, ან მე წავალ".

ზვიად სიჭინავას კომენტარი არ გაუკეთებია. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე კი ამბობს, რომ კოკაიას ულტიმატუმი მისთვის გაუგებარია.

"არბიტრაჟი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ჩვენ მათ საქმიანობაში საერთოდ არ ვერევით. შესაბამისად, გაუგებარია კოკაიას ულტიმატუმი.

იმედი მაქვს, ის კარგად დაფიქრდება და ქართული ფეხბურთის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს",
- აქვეყნებს არველაძის ნათქვამს pirveliradio.ge.

რაც შეეხება გორგიაშვილის საქმეს, დავა ფეხბურთელსა და მის ყოფილ გუნდს, "ზესტაფონს" შორის მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და მიზეზი სახელფასო დავალიანება გახდა. საკითხზე მუშაობა სააპელაციო კომიტეტში გაგრძელდა, რაც ფეხბურთელისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მინიჭებით დასრულდა.

გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" გაასაჩივრა, თუმცა მესამე ინსტანციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის და ფეხბურთელს უკვე ახალ კლუბში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ საერტოდ ბარდაგია ვინები არიან ფედერაციის სატავასჰი წავიდნენ რააა ზიან და არაფერს არ აკეტებენ მარტო ჭამეჯნნნნნმამოვიდა ყელში ვაფშე მოგვშორდნენ რაა ეს ვიტომ პრეზიდენტი და მისი დამქაშებიიი ამოვიდა ყელშიიიიიიიიიიიი
zaza
21:21 14-11-2013
0

სიახლეები პოპულარული