მოახლოებული ტური მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდება: არ არის პატარა ამბავი, როცა ექვსიდან, სულ მცირე, სამი მატჩი ისეთია, "ცენტრალურს" რომ ვუწოდებთ-ხოლმე. თავად განსაჯეთ: უკვე მეორე სეზონია, "დინამო"-"დილას" ყველა დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს; "მეტალურგი" და "ჩიხურა" ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატები არიან და ცხრილშიც გვერდი-გვერდ იმყოფებიან...
აღარაფერს ვამბობთ იმერულ დერბიზე, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია უაღრესად უკომპრომისოდ მიმდინარეობს და ახლა კიდევ დამატებითი ინტრიგაც შეიძინა: "ზესტაფონში" მთავარ მწვრთნელად ხომ გია გეგუჩაძე დაბრუნდა,
...როგორ გგონიათ, მხოლოდ ეს ზემოთ ნახსენები სამი წყვილი იწვევს დიდ ინტერესს: დანარჩენი მატჩებიც არანაკლებ ინტრიგას გვპირდება და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ XIII ტურიდან იწყება ჩემპიონატის კიდევ ერთი "საშუალედო ეტაპი", რომლის დროსაც უმაღლესი ლიგის გუნდებმა 26 დღის განმავლობაში ექვს-ექვსი შეხვედრა უნდა ჩაატარონ!
აი, ასე: ზამთრის ხანგრძლივ პაუზამდე (თითქმის ორი თვე რომ უნდა გაგრძელდეს), კიდევ ექვსი ტური გველოდება!
დინამო-დილა
პირველი წრე: 1:1
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, ადვილად შეამჩნევდით დინამოელთა აშკარაზე მეტ უპირატესობას; ეგ კი არა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ასეთი "სასურველი" მეტოქე "დინამოს", ფაქტობრივად, არც ჰყოლია და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ 1990 წლიდან მოყოლებული "დილამ" ერთადერთხელ (!) მოახერხა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება!
ეს ყველაფერი კი წინა სეზონში მოხდა, როცა "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა გიორგი დარასელიას და მისმა დამოძღვრილმა გუნდმა ორი უპასუხო გოლი (ირაკლი მოდებაძე, სანდრო გურული) გაუტანა "დინამოს".
აქვე, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ იმ დღიდან (2012 წლის 15 სექტემბერი) დაიწყო "დილას" მართლაც შთამბეჭდავი სერია: გორელთა გუნდმა ზედიზედ 11 მატჩი მოიგო!
თუმცა, "დინამომ" სრულფასოვანი რევანშიც მალე აიღო (მეორე წრის შეხვედრაში 3:0 მოიგო) და, რაც მთავარია წლეულს, 27 აპრილს გორში ჩატარებულ "საჩემპიონო მატჩში" იმარჯვა და, ფაქტობრივად, სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდა კიდეც წინა სეზონის ოქროს მედლების ბედი.
..."დილა"-"დინამოს" იმ "საჩემპიონო მატჩიდან" ბევრს არ დაავიწყდება მიკელ ალვაროს სუპერ-დარტყმაც და გიორგი ლორიას ჩინებული "სეივიც"; თუმცა, იმ შეხვედრამ თუ "უხმაუროდ" ჩაიარა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ სეზონში ჩატარებულ პირველ დაპირისპირებაზე, - აშკარად "არამშვიდობიანი" საყაიმო ანგარიშით რომ დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, მასპინძლებს სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია,
აი, ისეთი პრეტენზია ჰქონდათ მსაჯების მიმართ: მათი აზრით, სტუმრებმა გოლი თამაშგარედან გაიტანეს, ხოლო "დინამოს" კარში პენალტი არ დაინიშნა.
იმედი დავიტოვოთ, რომ კვირას გასამართი შეხვედრა მშვიდად ჩაივლის და ისიც საინტერესოა, საშინაო ასპარეზზე უდანაკარგოდ მოასპარეზე "დინამოს" რას დაუპირისპირებს სეზონის დაწყებასთან შედარებით გვარიანად გადახალისებული სტუმართა გუნდი.
აქვე, ერთი საყურადღებო ინფორმაციაც: "დინამო"-"დილას" მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, დინამოელთა გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ჩაერიცხება!
ტორპედო-ზესტაფონი
პირველი წრე: 3:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი კუხიანიძე (ტორპედო) - გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზესტაფონი)
ისე მოხდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ხანმოკლე პაუზის მერე დაბრუნებულ გია გეგუჩაძეს მაინცდამაინც თავის ყოფილ გუნდებთან მოუწია ზედიზედ მატჩების ჩატარებამ: წინა ტურში - "დინამოსთან" , ახლა კი - "ტორპედოსთან"!
ამას გარდა, 24 ნოემბერს გასამართ "იმერულ დერბის" სხვა დატვირთვებიც აქვს: "ზესტაფონის" არსებობის ისტორიაში პირველად უნდა მოხდეს, რომ ამ გუნდმა თავისი პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის ილია კოკაიას გარეშე უნდა იასპარეზოს.
არანაკლებ ინტერესს იწვევს მეზობლების სატურნირო მდგომარეობაც: ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილმა "ტორპედომ" ბოლო ოთხ შეხვედრაში ხომ ერთადერთი ქულა აიღო და ამის გამოცაა, მეორედან მეხუთე ადგილამდე რომ ჩამოქვეითდა. ანუ, ამ წარუმატებელმა პერიოდმა უკვე ის გამოიწვია, რომ გუნდს, შესაძლოა, პირველ ექვსეულში დამკვიდრება გაუჭირდეს.
მით უფრო, რომ 24 ნოემბერს სწორედ ერთ-ერთ კონკურენტს ხვდება: "ზესტაფონსაც" ხომ ერთი მოგება აშორებს პირველ ექვსეულთან.
მეტალურგი-ჩიხურა
პირველი წრე: 3:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი გავაშელიშვილი, ლუკა რაზმაძე (ორივე მეტალურგი)
"ფოლადზე" საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს: "მეტალურგმა" ბოლო ოთხი მატჩიდან 3 მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა (ისიც "დინამოსთან"), "ჩიხურამ" კი ზედიზედ სამი გამარჯვებით მეორე ადგილი განიმტკიცა.
ინტერესით ველოდებით სამწვრთნელო დუელსაც: პირველ წრეში ახალგაზრდა გელა სანაიამ "მეტალურგის" თავკაცის რანგში პირველ მოგებას ხომ სწორედ "ჩიხურასთან" მიაღწია.
თუმცა საჩხერელთა გამოცდილმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, ისე როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც ბრძოლისუნარიანი და ამბიციური გუნდი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა.
...ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ იმ მატჩში გიორგი რეხვიაშვილმა ("ჩიხურა") და დავით კირკიტაძემ ("მეტალურგი") გოლები ყოფილი გუნდის კარში გაიტანეს.
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
პირველი წრე: 0:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი, ოთარ ჯავაშვილი (ორივე ვიტ ჯორჯია)
აი, ამ მატჩზეა ნათქვამი, "ექვსქულიანი შეხვედრააო!" სამწუხაროდ, ზედიზედ სამმა წაგებამ ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯიას" მდგომარეობა გაართულა და ზურაბ ბერიძის გუნდი სახიფათო ზონას მიუახლოვდა.
ამასთან, მომავალ მატჩში "ვეტერინარებს" საკადრო პრობლემაც აქვთ: ფლანგის ახალგაზრდა მცველები, გიორგი მჭედლიშვილი და ოთარ ჯავაშვილი დისკვალიფიცირებული არიან.
"ვიტ ჯორჯიას", ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად მაინც აქვს საჭირო ქულები მოგროვილი, აი, "ზუგდიდი" სულაც ბოლო საფეხურზეა. თუმცა, ამ გუნდის ქომაგები ალბათ, იმედით შეხვდებოდნენ კლუბში მომხდარ მორიგ საკადრო ცვლილებას: "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი უნდა ჰქონდეს გიორგი დარასელიას, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე უბრუნდება.
მერანი-გურია
პირველი წრე: 0:1
სიონი-სპარტაკი
პირველი წრე: 2:0
დისკვალიფიკაცია: ვალერი აბრამიძე (სიონი) - ნიკა კვეკვესკირი (სპარტაკი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"